გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების გულშემატკივრების ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება

10 სექტემბერს სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ასახულია კადრები უკრაინიდან, მათ შორის, მაიდნის პროტესტიდან. კადრებში ისმის შეძახილები: „ვინც არ ხტუნავს, მოსკოველია, ჰე-ჰე!“. შემდეგ ვიდეო გრძელდება კადრით, რომელშიც, საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩზე, ქართველი გულშემატკივრები იმავე რიტმის შეძახილზე ხტუნავენ: „ვინც არ ხტუნავს, პუტინია, ჰე-ჰე!“

პოსტის ავტორი ვიდეოს თან ურთავს სათაურს: „ნუ გახდები დიპსტეიტის მორჩილი“. ვიდეოს მიმდინარეობისას, ერთ-ერთ მონაკვეთში გვხვდება წარწერა: „ამ ხტუნვას „დიფ სთეითის“ ხტუნვას ეძახიან“. ზუსტად ამ და მსგავსი შინაარსის ვიდეოები სხვადასხვა TikTok-არხზეც გავრცელდა. ერთ-ერთი TikTok-ანგარიში საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოს შემდეგნაირად ასათაურებს: „ქართველი აკაცუკები ისევ აკოპირებენ უკრაინული მაიდნიდან რაღაცებს“.

აღნიშნული ვიდეოები პარალელს ავლებს ქართველი გულშემატკივრებისა და უკრაინელი დემონსტრანტების პერფორმანსებს შორის და მაყურებელს უქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები ჰბაძავენ უკრაინაში მაიდნის პროტესტის მონაწილეებს.

სინამდვილეში, ვიდეოში ნაჩვენები პერფორმანსი 1960-იან წლებში პოლონეთის ქალაქ პოზნანში წარმოიშვა და შესაბამისად, მას „პოზნანი“ ეწოდება (The Poznan). კერძოდ, იგი უკავშირდება პოლონურ საფეხბურთო კლუბ „ლეხ პოზნანს“, რომლის გულშემატკივრებმაც ის კლუბის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გამოიყენეს.

საკუთრივ, პერფორმანსი გულისხმობს გულშემატკივრების მიერ საფეხბურთო მატჩისთვის ზურგის შექცევას და ხელიხელგადახვეული, შეძახილებით ხტუნვას. გულშემატკივრები აღნიშნულ პერფორმანსს, როგორც წესი, მოწინააღმდეგე გუნდის დაკნინების მიზნით ასრულებენ. პერფორმანსს ასევე მოიხსენიებენ, როგორც ე. წ. „Grecque“.

მსოფლიო მასშტაბით, „პოზნანი“ განსაკუთრებულად ცნობლი მას შემდეგ გახდა, რაც 2010 წელს, ევროპა ლიგის მატჩში, „მანჩესტერ სიტი“ და „ლეხ პოზნანი“ დაუპირისპირდნენ. პერფორმანსი პოლონური გუნდის გულშემატკივრებმა „მანჩესტერ სიტის“ მოედანზე შეასრულეს, რის შემდეგაც, თავად  „მანჩესტერ სიტის“ გულშემატკივრებმა იგივე პერფორმანსი სხვა ინგლისურ კლუბებთან მატჩების დროს გაიმეორეს. მას შემდეგ, პერფორმანსი შეასრულეს „ლესტერის“, „რეალ სოსიედადის“, „ბარსელონას“, “ინტერის“, „ნაპოლის“ „შალკეს“ და სხვა უმაღლესი დონის ევროპული კლუბების გულშემატკივრებმაც. შინაარსი ერთი და იგივეა – გულშემატკივრები ხტუნავენ და იძახიან: „ვინც არ ხტუნავს, [მოწინააღმდეგე გუნდის წევრია], ჰე-ჰე!“. მაგალითად, „ბარსელონას“ გულშემატკივრების შეძახილია: „ვინც არ ხტუნავს, „მადრიდისტაა“ [„რეალ მადრიდის“ გულშემატკივარი], ჰე-ჰე!“. „ინტერის მილანის“ გულშემატკივრები იმავეს „მილანის“ წინააღმდეგ იძახიან და ა.შ. შეძახილი იმდენად ცნობილი გახდა, რომ მას, გამარჯვების შემდეგ, თავად ფეხბურთელებიც გაიძახიან.

ხაზგასასმელია, რომ შეძახილი ქართველ ქომაგებში მაიდნის მოვლენებამდე გაჩნდა. 2013 წლის ოქტომბერში, „დინამო თბილისისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დაპირისპირების შემდეგ, „დინამოს“ გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა შეასრულეს შემდეგი შეძახილი: „ვინც არ ხტუნავს „ტორპედოა“, ჰე-ჰე“.

ამდენად, პერფორმანსი, რეალურად, ევროპის მასშტაბით ცნობილია და მას უამრავი ევროპული კლუბის გულშემატკივარი და ფეხბურთელი ასრულებს.  პერფორმანსი ცნობილი იყო მაიდნის პროტესტის დაწყებამდეც, მათ შორის, საქართველოში. შესაბამისად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოები ქართველი გულშემატკივრების პერფომანსს მცდარად აკავშირებს უკრაინის მაიდნის პროტესტთან და „დიფ სთეითთან“.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge