სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მაია თვალთვაძე“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4, 5,6), ისრაელის მთავარი რაბინის მიერ ჩარლი კირკის ოჯახისადმი გაგზავნილი სამძიმრის წერილს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული). პოსტის მიხედვით, წერილი 2 სექტემბერს, კირკის მკვლელობამდე, რვა დღით ადრე არის დაწერილი, რაც ცხადყოფს, რომ ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი ისრაელის მიერ არის მოკლული: „ცბიერი არსებები ებრძვიან კაცობრიობას, რომ მე აღარ ვაკეთებ დასკვნებს; უბრალოდ ვუყურებ იმას, რაც მაქვს. არის თარიღი; როგორც ჩანს, გადაწყვეტილება იმ დღეს იქნა მიღებული. ასე რომ, ასე დატოვეს. მათთვის, ვინც პროტესტს გადაწყვეტს. „ისინი“ იმდენად არიან ჩართულნი თამაშში, რომ დროც კი არ იციან“.
რეალურად, რაბინის ოფისის წერილში 2 სექტემბერი მართლაც არის მითითებული, თუმცა, ოფისის ცნობით, საქმე ბეჭდურ შეცდომასთან გვაქვს და წერილი რეალურად, 12 სექტემბრით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ კირკის მკვლელობის ბრალდებით 22 წლის ტაილერ რობინსონი დააკავეს. ამ დრომდე მკვლელობის მოტივების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. შესაბამისად, კირკის მკვლელობის ისრაელთან კავშირი არ დასტურდება.
რაბინის წერილის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა, რასაც ფაქტების გადამმოწმებელი დამოუკიდებელი ორგანიზაცია „lead Stories” გამოეხმაურა.
ორგანიზაცია წერილთან დაკავშირებით ისრაელის მთავარი რაბინის ოფისს დაუკავშირდა. ოფისის წარმომადგენლის თქმით, წერილში 2 სექტემბერი ბეჭდვითი შეცდომის გამოა მითითებული: „ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ წერილი სინამდვილეში 12 სექტემბერს დაიწერა და თარიღში დაშვებული ეს შეცდომა არ ასუსტებს წერილის შინაარსს ან მასში გადმოცემულ გულწრფელ და მნიშვნელოვან სამძიმრის გზავნილს“. ორგანიზაციას ოფისმა განახლებული წერილიც გაუგზავნა, რომელშიც თარიღად 12 სექტემბერია მითითებული.
ცნობისთვის, ჩარლი კირკს, ცნობილ ამერიკელ კონსერვატორ აქტივისტს, 10 სექტემბერს იუტა ველის უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას, ტყვია ყელში ესროლეს. კირკი, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, მალევე გარდაიცვალა. ამერიკელი აქტივისტი დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხარდამჭერი და MAGA-ს მოძრაობის ერთ-ერთი სახე იყო. სწორედ მან დაწერა 2020 წელს ბესტსელერი წიგნი „The Maga Doctrine“ („MAGA-ს დოქტრინა“). ხაზგასასმელია ისიც, რომ კირკი ისრაელის აქტიური მხარდამჭერი იყო.
კირკის მკვლელობაში ბრალდებული ტაილერ რობინსონი დაკავებულია. ამ ეტაპზე, მისი მოტივების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება.
ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ სოციალურ ქსელში არა ერთი კონსპირაცია გავრცელდა. ერთ-ერთი მტკიცების თანახმად, მკვლელობის კადრები ხელოვნურადაა შექმნილი და რეალურად, აქტივისტი არ მოუკლავთ (აღნიშნულ კონსპირაციაზე იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატია).
ამგვარად, მთავარი რაბინის ოფისის ცნობით, წერილში 2 სექტემბერი შეცდომით არის მითითებული და ის სინამდვილეში, 12 სექტემბერს, კირკის მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ არის დაწერილი. ამავდროულად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ კირკის მკვლელობა ისრაელთანაა კავშირში.