არ შესრულდა გადამოწმებული ფაქტები

კახა კალაძე: სამგორი-ვაზისუბნის და სარაჯიშვილი-ზღვის უბნის ტერიტორიაზე საბაგირო პროექტის განხორციელება იგეგმება

კახა კალაძე: სამგორი-ვაზისუბნის და სარაჯიშვილი-ზღვის უბნის ტერიტორიაზე საბაგირო პროექტის განხორციელება იგეგმება

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, კახა კალაძის დაპირება, რომელიც მან 2020 წელს საბაგირო გზების მშენებლობის შესახებ გასცა, არ შესრულდა.

2020 წლის ივლისში თბილისის მერმა კახა კალაძემ  სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი -ზღვის უბნის მიმართულებით საბაგირო გზების მშენებლობა დააანონსა. მაშინ კალაძე აცხადებდა, რომ სამგორი-ვაზისუბნის მიმართულებისთვის საფრანგეთის „განვითარების ფონდის“ დახმარებით 30 მლნ ევროც იყო გამოყოფილი, თუმცა ამის მიუხედავად, არაფერი გაკეთებულა და აღნიშნული დაპირებიდან 5 წლის თავზე, 2025 წლის 25 სექტემბერს კახა კალაძემ ამ პროექტების განხორციელება კიდევ ერთხელ დააანონსა. შესაბამისად, მის მიერ 2020 წელს გაცემული დაპირება საბაგირო გზების მშენებლობის შესახებ, არ შესრულდა.

ანალიზი

2025 წლის 25 სექტემბერს თბილისის მერმა დედაქალაქის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა, სადაც სხვა სატრანსპორტო პროექტებთან ერთად თბილისში საბაგირო გზის მოწყობაც დაანონსდა.

მერიის ინფორმაციით, საბაგიროს ორი ახალი ხაზი აშენდება. სარაჯიშვილი-ზღვის უბნის ხაზი, რომელიც ახალ პარკს უმოკლესი გზით დააკავშირებს მეტრო სარაჯიშვილთან. ეს საბაგირო დღეში 22 ათას მგზავრს მოემსახურება.

ისანი-ვაზისუბნის ახალი საბაგირო კი, ვაზისუბანსა და მეტრომშენს, მეტრო ისანთან დააკავშირებს. საბაგირო დღეში 35 ათას მგზავრს მოემსახურება.

ამ დაპირებაში უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება –  თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნული საბაგირო პროექტების განხორციელება 2020 წლის 8 ივლისსაც დააანონსა.

„როდესაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე ვსაუბრობ, ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რასაც ვუყურებთ და ვაანალიზებთ, ეს არის საბაგიროს პროექტების განხორციელება. 2016 წელს, მერიის დაკვეთით, საფრანგეთის „განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით, საკონსულტაციო კომპანია „სისტრამ“, რომელთანაც დღესაც ვთანამშრომლობთ, თბილისის საბაგირო ტრანსპორტის შესახებ კვლევა მთელი ქალაქის მასშტაბით ჩაატარა. მისი მიზანი იყო, რომ პოტენციური საბაგირო დერეფნების იდენტიფიცირება მომხდარიყო, რომლებიც თბილისის საბაგირო ხაზების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. როდესაც სატრანსპორტო პოლიტიკა დავიწყეთ, ეს კვლევა გამოვიყენეთ და ადგილობრივ კომპანია „გეოგრაფიკს“ დავუკვეთეთ კონკრეტული დერეფნების გამოყოფა, სადაც შესაძლებელია საბაგირო პროექტების განხორციელება. 2016 წლის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ახმეტელი-თემქის, სამგორი-ვაზისუბნისა და სამება-მახათის ტყის ტერიტორიულ არეალებში 12 პოტენციური საბაგირო დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდა. ამ 12 დერეფნიდან გამოიკვეთა 2 კონკრეტული არეალი, სადაც ყველანაირად მიზანშეწონილია ახალი საბაგირო პროექტების განხორციელება. ეს კონკრეტული მონაკვეთები არის სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი -ზღვის უბნის საბაგირო პროექტები, რომლის პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით სასესხო შეთანხმების საფუძველზე, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდება, თუმცა, ამ პროექტის განხორციელება ეტაპობრივად მოხდება. პირველი, რომელიც ამ ორიდან განხორციელდება, ეს არის სამგორი-ვაზისუბნის პროექტი, აქ უკვე თანხები გამოყოფილია, დაახლოებით 30 მილიონ ევროზე არის საუბარი. მინდა, საფრანგეთის „განვითარების ფონდს“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. სამგორი- ვაზისუბნის საბაგირო ხაზი მჭიდროდ დასახლებულ ვაზისუბანს, მეტროსადგურ სამგორთან დააკავშირებს. რაც არსებითად გააუმჯობესებს მოცემულ ტერიტორიაზე სატრანსპორტო მდგომარეობას. რაც შეეხება, სარაჯიშვილი-ზღვის უბნის საბაგირო ხაზებს, ის მეტროსადგურ სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიას ზღვის უბნის დასახლებასთან დააკავშირებს. აქ ერთი საბაგიროს სადგური აუცილებლად უნდა განთავსდეს თემქის ხევში“, – აცხადებდა კალაძე.

როგორც ვხედავთ 2020 წელს კალაძე ამბობდა, რომ ამ ორი საბაგირო პროექტიდან ერთ-ერთისთვის 30 მლნ ევრო უკვე გამოყოფილი იყო, ამის მიუხედავად სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო ხაზის მშენებლობა არც კი დაწყებულა. მეტიც, დაპირებიდან 5 წლის თავზე კალაძე, რომელიც თბილისის მერად მესამედ იყრის კენჭს, საბაგირო გზების პროექტებს ხელახლა აანონსებს. შესაბამისად, მის მიერ 2020 წელს გაცემული დაპირება  არ შესრულდა. იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნულის განხორციელებას კალაძე მესამე ვადაში მაინც შეძლებს და საბაგირო გზები მისი მეოთხე ვადით მერობის კანდიდატად წარდგენის შემთხვევაში, 2031 წლის წინასაარჩევნო დაპირებაც არ იქნება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, კახა კალაძის 2020 წლის დაპირება საბაგირო გზების მშენებლობის შესახებ, არ შესრულდა.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge