სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ავრცელებენ ფოტოს (1, 2), რომელზეც ტელეკომპანია „იმედის“ Facebook-პოსტის ფოტოანაბეჭდია ასახული შემდეგი ტექსტით: „ქართულმა დაზვერვამ მოიპოვა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები, რომელთა გაანალიზების შედეგად ირკვევა, რომ ტრამპს აზერბაიჯანისა და სომხეთის გამოყენება ირანისთვის მეორე ფრონტის გასახსნელად სჭირდება“. სინამდვილეში, ფოტო ყალბია და „იმედს“ მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია იმგვარად, რომ იგი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ჰგავს. თუმცა, რეალურად, „იმედისა“ და „IMEDINEWS-ის“ ოფიციალურ გვერდებზე ინფორმაცია ქართული დაზვერვის მიერ მსგავსი დოკუმენტების მოპოვების შესახებ არ გამოქვეყნებულა.
დამატებით, ინფორმაცია პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების მოპოვების შესახებ ინფორმაცია არ გვხვდება არც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) Facebook-გვერდსა თუ ოფიციალურ ვებგვერდზე. ამ უკანასკნელს 2025 წლის მაისიდან შეუერთდა/დაექვემდებარა დაზვერვის სამსახური ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს სახელწოდებით.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ არც სხვა სანდო ქართულენოვან თუ უცხოურ მედიებს.
ფოტოს სიყალბე ცხადი ხდება ვიზუალური შეფასების თვალსაზრისითაც. ტელეკომპანია „იმედი“ ახალ ამბებს, როგორც წესი, განსხვავებული ფორმატით აქვეყნებს ხოლმე:
აგრეთვე, სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებში თვალსაჩინოა გრამატიკული (პუნქტუაციური და მორფოლოგიური) შეცდომები, რაც ტელეკომპანია „იმედისთვის“ არ არის დამახასიათებელი.
ცნობისთვის, 2025 წლის აგვისტოში თეთრ სახლში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლითაც მხარეებმა ნებისმიერი საბრძოლო მოქმედების შეწყვეტის, ვაჭრობისა და დიპლომატიური ურთიერთობების გახსნისა და ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის პატივისცემის ვალდებულება აიღეს. აღნიშნული შეთანხმებით დაარსდა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” (ე.წ. ზანგეზურის კორიდორი), რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანის რეგიონზე წვდომის საშუალებას სომხეთის სუვერენიტეტის დარღვევის გარეშე აძლევს.
მიუხედავად იმისა, რომ, საერთაშორისო მედიის მიხედვით, აღნიშნული კორიდორის გახსნამ სხვადასხვა შესაძლო სცენარის განვითარებას მისცა შესაძლებლობა, ცნობები, რომ დოკუმენტს დონალდ ტრამპმა ხელი გამიზნულად ირანთან ფრონტის გასახსნელად მოაწერა, არც ერთ ღია წყაროსა თუ სანდო მედიაში არ გავრცელებულა. შესაბამისად, ინფორმაცია არ დასტურდება.