სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Tediashvili Maya ვიდეოს (დაარქივებული ბმული) ავრცელებს, რომელსაც აღწერად ურთავს: “მაკრონის ფერადოვნება… არქივი, ცეკვა და მოძრაობები თუ გეცნობათ“. რეალურად, ვიდეო, რომელშიც თითქოს საფრანგეთის პრეზიდენტი სხვადასხვა ვარცხნილობითა და ტანსაცმლით ერთ-ერთ კლუბში ცეკვავს, ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.
ვიდეოს თავდაპირველი ვერსია TiKTok-ანგარიშის „retro_hub“ მიერ გავრცელდა. ანგარიში ვიდეოშივე უთითებს, რომ გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი (AI).
ვიდეოში ყველა კადრი სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიერ არის დამუშავებული. მაგალითად, გავრცელებულ ვიდეოს ერთ-ერთ მონაკვეთში, სადაც თითქოს მაკრონს ლურჯი პერანგი აცვია, ორიგინალ ვერსიაში, ქალი ჩანს.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ AI-ით რედაქტირებულ ვიდეოს თან ახლავს წარწერა: „დისკოთეკა პარიზში 1984 წელი“ (discothèque PARIS 1984), მაგრამ 1984 წელს ემანუელ მაკრონი სულ რაღაც 7 წლის იქნებოდა. ამავდროულად, ვიდეოში წარმოდგენილი ცეკვის კადრები არა საფრანგეთში, როგორც ამას TikTok-ანგარიში წერს, არამედ 1980-იან წლებში კალიფორნიაშია გადაღებული.
ამრიგად, გავრცელებული ვიდეო, რომელშიც საფრანგეთის პრეზიდენტის ცეკვა ჩანს, AI-ით არის რედაქტირებული.