სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც აქტივისტ ია დარახველიძის ღონისძიებიდან კადრებია ასახული. კერძოდ, ვიდეოში წარმოჩენილია თითქოს მუსიკოსი და DJ დარახველიძე ერთ-ერთ ღონისძიებაზე რუსულ სიმღერას უკრავს. სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია.
ია დარახველიძე 4 ოქტომბერს თბილისში პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული დაპირისპირების საქმეზე შსს-მ 9 ოქტომბერს დააკავა. პროკურატურა მას 4 ოქტომბერს ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა. დარახველიძემ 11 ოქტომბერს 10 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ რუსთავის ქალთა ციხე დატოვა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს აღწერაში მითითებულია, რომ ია დარახველიძე სახელმწიფო გადატრიალებისთვის დააკავეს და იქვე მითითებულია: „დაუკრას ახლა დოლია ვარავსკაია“. ვიდეოს აუდიოც იმგვარადაა რედაქტირებული, რომ წარმოჩენილია, თითქოს ია დარახველიძემ აღნიშნულ ღონისძიებაზე რუსული მუსიკა დაუკრა.
ია დარახველიძე კრეატიული დირექტორი და მუსიკოსია. საკუთარ Facebook-ანგარიშზე 5 ივნისს მან თავის ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დარახველიძე (მუსიკალური სახელი YADA) 6 ივნისს ბერლინში HÖR პლატფორმაზე (online music streaming platform) დაუკრავდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში კადრები სწორედ აღნიშნული ღონისძიებიდანაა აღებული.
სინამდვილეში, სრული ღონისძიების YouTube-ვიდეოში ჩანს, რომ დარახველიძე ელექტრონული მუსიკას უკრავს, რომელშიც რუსული სიმღერის ელემენტები არ ისმის. ამრიგად, ვიდეო რედაქტირებულია.