გადამოწმებული ფაქტები ნახევრად სიმართლე

ჯამბულატ მელაძე: დასკვნით ეტაპზეა დაბა ხულოს სკვერის რეაბილიტაცია…

ჯამბულატ მელაძე: დასკვნით ეტაპზეა დაბა ხულოს სკვერის რეაბილიტაცია… აღნიშნული პროექტისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია მილიონ ლარზე მეტი.

ვერდიქტი: Geofacts-ის დასკვნით, ჯამბულატ მელაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ ჯერ კიდევ გასული წლის 2 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა. პროექტი ითვალისწინებდა ხულოს მუნიციპალიტეტის ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე სკვერების რეაბილიტაციისა და სკვერების მიმდებარედ განთავსებული საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების ფასადების კეთილმოწყობის ღონისძიებას. მხარეებს შორის 1 026 156 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2024 წლის 18 ნოემბერს გაფორმდა. სამუშაოები მიმდინარე წლის 16 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით შეიცვალა შესყიდვის ობიექტი (დარჩა მხოლოდ ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია), გაძვირდა პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება და გახანგრძლივდა ვადა. არსებული მდგომარეობით, სამუშაოები არ დასრულებულა, ხოლო კომპანიისთვის ანაზღაურებული თანხის მოცულობა მთლიანი ღირებულების 65%-ს შეადგენს.

თუ განცხადებას სიტყვა სიტყვით გავიგებთ, ავტორი სიმართლეს ამბობს. თუმცა ჯამბულატ მელაძე ცდილობს, რეალობა პოზიტიურ ჭრილში გადმოსცეს და საზოგადოებას პროექტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები არ გაუმხილოს. აქედან გამომდინარე, Geofacts-ის დასკვნით, ჯამბულატ მელაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი:

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ჯამბულატ მელაძემ განაცხადა: „დასკვნით ეტაპზეა დაბა ხულოს სკვერის რეაბილიტაცია… აღნიშნული პროექტისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია მილიონ ლარზე მეტი.“

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში გათვალისწინებულ ხულოს მუნიციპალიტეტის ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე სკვერების რეაბილიტაციისა და სკვერების მიმდებარედ განთავსებული საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების ფასადების კეთილმოწყობის (ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე სკვერების რეაბილიტაცია) სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ხულოს მუნიციპალიტეტმა 1 026 160 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი პირველად 2024 წლის 6 სექტემბერს გამოცხადდა. შესყიდვით ერთადერთი კომპანია შპს „მშენებელი-5“ დაინტერესდა, თუმცა სატენდერო კომისიამ მას დისკვალიფიკაცია მიანიჭა და შესყიდვა უარყოფითი შედეგით დასრულდა. ერთ თვეში ხულოს მუნიციპალიტეტმა, უცვლელი სავარაუდო ღირებულებით, ტენდერი მეორედ გამოაცხადა. ინტერესი იმავე კომპანიამ გამოხატა. მხარეებმა 2024 წლის 18 ნოემბერს გააფორმეს 1 026 156-ლარიანი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სამუშაოების შესრულების ვადა 180 კალენდარული დღით განისაზღვრა. ხელშეკრულებაში წერია, რომ პროექტის ნაწილი 2024  წლის 17 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულებულიყო,  ხოლო დარჩენილი სამუშაოები – არაუგვიანეს 150 კალენდარულ დღეში, შესაბამისად 2025 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, სახელშეკრულებო პირობები ექვსჯერ შეიცვალა. მიმდინარე წლის 8 მაისს მხარეებმა შესყიდვის ობიექტის დასახელებაც შეცვალეს და გადაწყვიტეს, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, მხოლოდ ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდებოდა. პროექტის ღირებულება კი უმნიშვნელოდ გაიაფდა და 1 026 135 ლარი გახდა. მოგვიანებით ფასი კვლავ გაიზარდა, თავდაპირველ ღირებულებას თითქმის 20 000 ლარით გადააჭარბა და 1 046 028 ლარი შეადგინა.  როგორც დოკუმენტშია განმარტებული, ფასის ზრდა დამატებითმა სამუშაოებმა გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მოცულობა შეიცვალა, თავდაპირველად განსაზღვრული სახელშეკრულებო ვადა მაინც არასაკმარისი აღმოჩნდა. ერთ-ერთი შეთანხმებით, რომელიც მიმდინარე წლის 30 სექტემბრით თარიღდება, სამუშაოები 12 ოქტომბერ უნდა დასრულებულიყო. სიუჟეტი კი, რომელშიც ამ პროექტზეა საუბარი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 31 ოქტომბერს გავიდა, რაც ნიშნავს, რომ ვადა კვლავ გახანგრძლივდა და როგორც განცხადების ავტორი ამბობს, ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.

რაც შეეხება განხორციელებულ სამუშაოებს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მიღება-ჩაბარების აქტები გასაჯაროებული არაა. მხოლოდ მითითებულია, რომ ამ დროისთვის (03. 11. 2025), მიმწოდებელს აუნაზღაურდა მთლიანი ღირებულების 65%, რაც 682 692 ლარია.

ამდენად, განცხადება, რომ დაბა ხულოს ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა, პირდაპირი მნიშვნელობით, სიმართლეა, თუმცა განცხადების ავტორი არ შეეხო მნიშვნელოვან ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის ცვლილებისა და ვადის გახანგრძლივების შესახებ, რის გამოც, Geofacts-ი ჯამბულატ მელაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით: ნახევრად სიმართლე.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge