სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც პარიზის დაბინძურებული ქუჩები და საცხობში მორბენალი მღრღნელი ჩანს. ვიდეოს თან ერთვის წარწერა: „პარიზი დღეს. ვირთხების ბუდედ ქცეულა“.

ვიდეოში ასახული კადრი, რომელშიც თითქოს პარიზის ერთ-ერთ საცხობში ბაგეტებსა და პურზე ვირთხა გადარბის, ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი. „ჯეოფაქტსმა“ ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) დახმარებით მოიკვლია, რომ ვიდეო 29 ოქტომბერს Instagram-პლატფორმაზე გაავრცელა ანგარიშმა lovetrends.ai. აღნიშნულ ვიდეოს თან ახლავს სამარკო ნიშანი (watermark) invideo. ეს უკანასკნელი აპლიკაციაა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, როგორც ტექსტის, ასევე ფოტოსურათის გამოყენებით შეუძლია რეალისტური ვიდეომასალების შექმნა. დამატებით, პოსტის აღწერაშიც ე.წ. „ჰეშთეგებით“ მითითებულია, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული.

აღსანიშნავია, რომ ფოტოს ძიების ინსტრუმენტის საშუალებით „ჯეოფაქტსმა“ ვიდეოში ასახული დანარჩენი კადრების შესახებაც მოიძია ინფორმაცია, თუმცა მათ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტის კვალზე არაფერი მიუთითებს. მაგალითად, კადრზე, რომელშიც ქუჩაში მიმავალი მამაკაცის წინ მორბენალ ვირთხებს ვხედავთ, ბოლივიურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ Boliviaverifica-მ დაწერა, რომ ვიდეო მართლაც პარიზშია გადაღებული, თუმცა იგი 2022 წლით თარიღდება.
პარიზში მღრღნელების პრობლემა ნამდვილად არსებობს. 2023 წლის მონაცემებით პარიზი მსოფლიოში მეოთხე ქალაქია ვირთხების რაოდენობით დეშნოკის (ინდოეთი), ლონდონისა და ნიუ-იორკის შემდეგ. ქალაქში ვირთხების წინააღმდეგ საბრძოლველად 2017 წელს სამოქმედო გეგმა მიიღეს, რომელიც მიზნად ვირთხებისთვის ნაგვის ნარჩენებზე წვდომის, სარდაფებიდან ქუჩებში გადაადგილებისა და კონკრეტულ ადგილებში „ბუდეების“ შექმნის შეზღუდვას ისახავს.
ამრიგად, ვიდეოში ასახული ოთხი კადრიდან ერთი ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი, ერთი კი 2022 წლით თარიღდება. დანარჩენი ორი ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად ტრიალებს (1, 2, 3, 4, 5, 6), თუმცა მათ შესახებ სანდო ინფორმაციის მოძიება „ჯეოფაქტსმა“ ვერ შეძლო.







