Facebook-ჯგუფში Bidzina Ivanishvili & Media საინფორმაციო ბარათი ვრცელდება, რომელზეც ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩანან. ბარათზე ვკითხულობთ შემდეგ ტექსტს, რომელიც ჯო უილსონის ციტატადაა წარმოჩენილი: „ქართველი ოპოზიციონერები ფულს მიხდიან და მაგ მიზეზით ვაძაგებ ბიძინა ივანიშვილს, თორემ საქართველოს პატრიოტია ეს კაცი, ჩემნაირი ნაბო**არი კი არაა.“ Facebook-მომხმარებელი პოსტს შემდეგნაირად ასათაურებს: „ბოლობოლო აღიარა ალალად სიმართლე“ (არქივირებული ბმული)
სინამდვილეში, გავრცელებული ციტატა ყალბია.

საგულისხმოა, რომ ვიზუალურად საინფორმაციო ბარათი „მთავარის“ ბარათს ჰგავს. მას ძირითადად ლოგო მარჯვენა ზედა კუთხეში აქვს დართული. გავრცელებულ პოსტზე კი ეს ადგილი საქართველოს დროშისა და მზის „ემოჯით“ არის დაფარული. მიუხედავად ამისა, ვიზუალით მარტივად მისახვედრია მედიის სახელი, რაც მომხმარებლებს აფიქრებინებს, თითქოს ინფორმაციის თავდაპირველი გამავრცელებელი მედიასაშუალება „მთავარია“.
სინამდვილეში, საინფორმაციო ბარათი მსგავსი ტექსტით „მთავარის“ Facebook-გვერდზე არ იძებნება.
ჯო უილსონთან დაკავშირებით, ბოლო ბარათი „მთავარმა“ 2025 წლის 12 ნოემბერს გამოაქვეყნა: „საქართველო ორი ძალის მიერ არის ოკუპირებული: რუსეთისა და რუსეთ-ჩინეთის მარიონეტი „ქართული ოცნების“ მიერ. აშშ-სა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობა, რომელიც თავისუფლების სიყვარულით არის დაკავშირებული, ურყევია. MEGOBARI აქტის მიღება — რაც ქართულად მეგობარს ნიშნავს — ამ სიმართლის დასტური იქნებოდა!”, – ასე გამოეხმაურა ჯო უილსონი 2025 წლის 12 ნოემბერს ანაკლიაში სამოქალაქო აქტივისტების მიერ შექმნილ გეოგლიფს, წარწერით MEGOBARI ACT.

ჯო უილსონი საკუთარ კომენტარებსა და მოსაზრებებს პლატფორმა X-ის საშუალებით ავრცელებს. მსგავსი შინაარსის პოსტი უილსონის X-ის ანგარიშზე არ იძებნება.
ამგვარად, გავრცელებული საინფორმაციო ბარათი რედაქტირებულია.







