სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Shalva Qavtaradze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება (არქივირებული ბმული).

აღსანიშნავია, რომ Facebook-მომხმარებელს პოსტში მითითებული არ აქვს, სად გავრცელდა ან ვინ გაავრცელა აღნიშნული ინფორმაცია.
უკრაინაში თავდაცვის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არც უკრაინულ (UNIAN; ТСН; Украинская правда) და არც რუსულ მედიას (TASS; Российская газета) არ გაუვრცელებია. მსგავსი სიახლე არც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში არ იძებნება (Facebook; X).
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოზიციას 2025 წლის 17 ივლისიდან დენის შმიჰალი იკავებს. მანამდე 2020 წლის 4 მარტიდან 2025 წლის 16 ივლისამდე შმიჰალს უკრაინის პრემიერ მინისტრის თანამდებობა ეკავა.
ამგვარად, გავრცელებული ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, არ დასტურდება.







