სოციალურ ქსელში Facebook-გვერდები (Gogaggg; Newshub.ge – ნიუსჰაბი; საინფორმაციო სააგენტო INFO9) და ანგარიშები (1; 2; არქივირებული ბმული) ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლემ ბრიჯიტ მაკრონმა აღმოაჩინა, რომ საგადასახადო ვებგვერდზე მამაკაცის სახელით (ჟან მიშელი) არის მითითებული. აღნიშნული ინფორმაცია სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდება, რამაც შესაძლოა, მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანოს და გააძლიეროს კონსპირაციული მტკიცება ბრიჯიტ მაკრონის ტრანსგენდერობასთან დაკავშირებით.

საგულისხმოა, რომ ბრიჯიტ მაკრონის ტრანსგენდერობასთან დაკავშირებით მტკიცებები უკვე წლებია ვრცელდება. დეზინფორმაციის გავრცელება 2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაიწყო, როდესაც ემანუელ მაკრონი კენჭს იყრიდა. მტკიცების თანახმად, ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერი, ხოლო ემანუელ მაკრონი ჰომოსექსუალი იყო. აღნიშნულ ინფორმაციას ძირითადად ულტრამემარჯვენე ჯგუფები, ანტივაქსერული მოძრაობები, ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჯგუფები ავრცელებდნენ.
მაკრონის მეუღლის შესახებ დეზინფორმაცია ხელახლა 2024 წელს გააქტიურდა, მაშინ, როცა ამერიკელმა ჟურნალისტმა, ქენდის ოუენსმა ის საკუთარ გადაცემაში გააჟღერა. ოუენსის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია რუსული პროპაგანდისტული მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.
ფრანგულმა გამოცემამ Libération დეზინფორმაციის წარმოშობის შესახებ გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ ინფორმაცია პირველად მართლაც ულტრამემარჯვენე ჟურნალის „ფაქტები და დოკუმენტები“ გამოძიების დროს ჟურნალისტმა ნატაშა რეიმ გამოაქვეყნა. რეი ამტკიცებდა, რომ ექსპერტებთან საუბრისა და მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ დაადგინა, რომ პირველი ლედის სახელი დაბადებით „ჟან-მიშელ ტრონიე“ იყო.
სინამდვილეში, ბრიჯიტ მაკრონის ქორწინებამდელი გვარი ნამდვილად ტრონიეა, ხოლო ჟან მიშელი მისი ძმის სახელია.
უკანასკნელი დეზინფორმაციული ტალღა ბრიჯიტ მაკრონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტრისტიან ბრომეს განცხადებას მოჰყვა. ბრომეს თქმით, ჰაკერებმა ბრიჯიტ მაკრონის პირადი საგადასახადო ანგარიში გატეხეს, მისი სახელი შეცვალეს და ჟან-მიშელი ჩაწერეს.
ბრომემ ეს ინფორმაცია ფრანგულ საინფორმაციო არხ BFMTV-თან ინტერვიუში გაამჟღავნა, სადაც მოყვა, როგორ იყო შოკირებული საფრანგეთის პირველი ლედი, როდესაც საკუთარ საგადასახადო ანგარიშში შესვლისას აღმოაჩინა, რომ მისი ოფიციალური სახელი შეცვლილი იყო.
ბრომეს თქმით, ბრიჯიტ მაკრონმა უკვე შეიტანა საჩივარი ორი პირის მიმართ, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან და ჩართულნი იყვნენ პირველი ლედის ანგარიშის გატეხვაში. ამასთან, ბრომემ არ დააზუსტა, როდის მოხდა ინციდენტი.
საგულისხმოა, რომ 2024 წლის ივლისში მაკრონებმა ამერიკელ ჟურნალისტს, ქენდის ოუენსს ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო აშშ-ში უჩივლეს. საქმე ცილისწამების მუხლით განიხილება. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სექტემბერში გავრცელებული ინფორმაციის თანახმადაც ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები, გეგმავენ, ამერიკის სასამართლოში წარადგინონ ფოტომასალა და სამეცნიერო მტკიცებულებები იმის დასამტკიცებლად, რომ ბრიჯიტ მაკრონი ქალია. მათი ადვოკატის თქმით, მაკრონები სასამართლოსთვის წარმოადგენენ დოკუმენტაციას ცილისწამების საქმეში, რომელიც მათ მემარჯვენე ინფლუენსერის, ქენდის ოუენსის წინააღმდეგ შეიტანეს.
ამგვარად, ბრიჯიტ მაკრონის სქესი საგადასახადო რეესტრში ჰაკერული თავდასხმის შედეგად შეცვალეს და სინამდვილეში, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც მაკრონის სქესის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას დაადასტურებდა.
ბრიჯიტ მაკრონთან დაკავშირებით დეზინფორმაციაზე იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სხვა სტატიაც.







