გადამოწმებული ფაქტები სიმართლე

ვაჟა დარჩია: 26 მლნ [ლარი] დაიხარჯა „გმირთა ხეივანზე“ და დღემდე აქვს ადაპტირების პრობლემა, ჯერ არ გახსნილა ლიფტები და საპირფარეშოები

ვაჟა დარჩია: 26 მლნ [ლარი] დაიხარჯა „გმირთა ხეივანზე“ და დღემდე ამ „გმირთა ხეივანს“ აქვს ადაპტირების პრობლემა; სატესტო რეჟიმზეა გადასული ლიფტებიო და ჯერ არ გახსნილა; წელიწადია, საპირფარეშოები არ გახსნილა.

ვერდიქტი: Geofacts-ის დასკვნით, ვაჟა დარჩიას განცხადება არის სიმართლე.

ბათუმში „გმირთა ხეივანში“ ორი პროექტი განხორციელდა – მწვანე დერეფნის მოწყობა და საფეხმავლო ხიდების მშენებლობა. ორივე პროექტი ვადაგადაცილებით დასრულდა და ღირებულებაც, თავდაპირველად დაგეგმილთან შედარებით, გაიზარდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმწოდებლებს, ჯამში,  25 397 730 ლარი აუნაზღაურა. ერთ-ერთი ხელშეკრულებით, რომლის ფარგლებში განხორციელებული პროექტიც შემსყიდველმა 2024 წლის 2 მაისს ჩაიბარა,  საფეხმავლო ხიდის ქვეშ გაკეთდა კომერციული ფართები და სანიტარული კვანძები, ასევე, დამონტაჟდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტები, რომლებიც დღემდე დაკეტილია. არ ფუნქციონირებს კომერციული ფართები და საპირფარეშოები, რომლებშიც, როგორც ჩანს, წყალი ჩაედინება და დაზიანებულია. შესაბამისად, მოქალაქეებისთვის, მათ შორის, შშმ პირებისთვის,  ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. ამდენად, Geofacts-ი ვაჟა დარჩიას განცხადებას აფასებს ვერდიქტით: სიმართლე.

 

ანალიზი:

პარტია „ლელოს“ წევრმა, პოლიტიკოსმა ვაჟა დარჩიამ განაცხადა: „26 მლნ [ლარი] დაიხარჯა „გმირთა ხეივანზე“ და დღემდე ამ „გმირთა ხეივანს“ აქვს ადაპტირების პრობლემა; სატესტო რეჟიმზეა გადასული ლიფტებიო და ჯერ არ გახსნილა; წელიწადია, საპირფარეშოები არ გახსნილა.“

ბათუმში „გმირთა ხეივნის“ რეაბილიტაცია, რომელიც მწვანე დერეფნის მოწყობას ითვალისწინებდა, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ – ფარგლებში განხორციელდა. სამუშაოები 2021 წელს დაიწყო და 2022 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. ამავე ხელშეკრულებით, გათვალისწინებული იყო რამდენიმე ობიექტის რეაბილიტაცია ასევე ქობულეთის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. სახელშეკრულებო ღირებულება 21 977  913 ლარს შეადგენდა. კომპანიამ პროექტი ვადაგადაცილებით დაასრულა. მიღება-ჩაბარების აქტი 2023 წლის 24 თებერვლით თარიღდება. კონკრეტულად „გმირთა ხეივნის“ სამუშაოების საბოლოო ღირებულება 7 315 132 ლარია. საინტერესოა, რომ 2023 წლის მარტში „ფაქტ-მეტრმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელზე მუშაობის პროცესშიც ავტორი სამშენებლო ობიექტზე იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს „საბა კონსტრაქშენს“ უკვე გაფორმებული ჰქონდათ მიღება-ჩაბარების აქტი, პროექტი დასრულებული არ იყო, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტს ხელს ბათუმის მერიაც აწერდა. იმავე ლოკაციაზე  მიმდინარეობდა კიდევ ერთი პროექტი – ხიდების მშენებლობა, რომელსაც ამხანაგობა „მეგობრობის ხიდი“ აწარმოებდა. „ფაქტ-მეტრმა“ მაშინ ყურადღება მიაქცია, რომ აღნიშნული ამხანაგობის ერთ-ერთი დამაარსებელი სწორედ შპს „საბა კონსტრაქშენი“ იყო, ანუ ის კომპანია, რომელმაც მანამდე გმირთა ხეივანში მწვანე დერეფნის მოწყობის ხელშეკრულება მიიღო.  ხეივანსა და არდაგანის ტბას შორის საფეხმავლო ხიდების მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის მგფ-მა ამხანაგობას 18 082 598 ლარი გადაურიცხა. ეს კი 1 582 598 ლარით მეტია იმ ღირებულებაზე, რომელიც ხელშეკრულებით თავდაპირველად განისაზღვრა. გაიზარდა პროექტის ჩაბარების საბოლოო ვადაც და ნაცვლად 2023 წლის 31 დეკემბრისა, მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი 2024 წლის 2 მაისს გაფორმდა. ამდენად, „გმირთა ხეივანში“ მწვანე დერეფნისა და ხიდების მოწყობისთვის სახელმწიფომ, ჯამში, 25 397 730 ლარი გადაიხადა.

მიმდინარე წლის 5 მარტს მგფ-მა და „საბა კონსტრაქშენმა“ ხელი მოაწერეს ოქმს, რომლის თანახმადაც, კომპანიას დეფექტებზე პასუხისმგებლობის ვადა ამოეწურა. რაც შეეხება ამხანაგობა „მეგობრობის ხიდს“, დეფექტებზე  პასუხისმგებლობის პერიოდი შეადგენს ორ წელს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოთა დასრულების თარიღიდან ანუ 2026 წლის მაისამდე.  სწორედ ამ პროექტით იყო გათვალისწინებული ადაპტირება, ლიფტი შშმ პირებისთვის და საპირფარეშოები. კერძოდ, ტექნიკურ დავალებაში მითითებულია: „პანდუსის ქვედა სივრცეში გათვალისწინებული იქნეს კომერციული სივრცეები და საერთო სარგებლობის სანკვანძები (ქალები, კაცები, შშმ პირები); არდაგანის ტბის მხარეს გათვალისწინებული იქნეს გარე გამოყენების შშმპ კიბე-ლიფტის მოწყობა, სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს; ხიდის მოპირკეთებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არსებული სიტუაცია და კლიმატური პირობები“ და სხვა.

ის, რომ ინფრასტრუქტურა შშმ პირებისთვის მიუწვდომელია, ლიფტები და საპირფარეშო საერთოდ არ მუშაობს და უკვე დაზიანებულია, კარგად ჩანს „აჭარა თაიმსის“ რამდენიმე თვის წინ „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ კადრებში. ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ დაზიანება არც მოქალაქეების მიერ ობიექტის არასწორ ექსპლუატაციას არ გამოუწვევია, არც – ვანდალურ ქმედებას. უნდა აღინიშნოს, რომ სანამ დეფექტებზე პასუხისმგებლობის ვადა არ ამოიწურება, შემსყიდველს შეუძლია, მიმწოდებელს ხარვეზების გამოსწორება მოსთხოვოს. თუმცა მიმწოდებელი ვალდებული არაა, მოუვლელობით მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა აიღოს და აქედან გამომდინარე, შესაძლოა სადავოდ იქცეს საკითხი, რის გამო დაზიანდა ინფრასტრუქტურა. „ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია, რომ ბათუმის მერიას  ხეივნის საფეხმავლო ხიდის ქვეშ დღემდე უფუნქციოდ მიტოვებული კომერციული ფართები და საპირფარეშოები აუქციონზე გააქვს. სავარაუდოდ, სანამ გაასხვისებს, მანამდე დეფექტებზე პასუხისმგებლობის ვადაც ამოიწურება.

ორი ტენდერის ფარგლებში, „გმირთა ხეივნის“ რეაბილიტაციაზე 25 397 730 ლარი გაიხარჯა, თუმცა, არსებული მდგომარეობით, ხიდის ადაპტირების პრობლემა მოუგვარებელია, ლიფტები და საპირფარეშოები არ ფუნქციონირებს და უკვე დაზიანებულია. კითხვებს აჩენს სამუშაოების ხარისხი და უსაფრთხოებაც. ამდენად, ვაჟა დარჩიას განცხადება არის სიმართლე.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge