სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება (დაარქივებული ბმული), რომელშიც რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით პოლიტიკოსების განცხადებებთან ერთად ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორის მიშა მშვილდაძის ინტერვიუს მონაკვეთია ჩასმული. ვიდეოში მშვილდაძე ამბობს: „ის, რომ ქართული ღვინო გავა რუსეთზე და ამით ვიღაც ქართველი გლეხი აქ ფულს იშოვის, უფრო მეტს ვიდრე დღეს, ეს ნიშნავს, რომ ეს არის კარგი. თუ მოხდება ქართული კულტურის ექსპანსია და შესაბამისად, როდესაც გაჟღერდა, რომ ახალი ინიციატივა არის, რომ კულტურულ-ეკონომიკური კავშირები უნდა აღვადგინოთ რუსეთთან პირველ რიგში, ნუ გასაგებია ეს, მისაღებია ჩემთვის. ეს ფული წამოსაღებია ქვეყანაში. მესმის, ეს არის ძალიან პატრიოტული მიდგომა“.

აღნიშნული მონაკვეთი სოციალურ ქსელში წარსულშიც, კერძოდ, 2023 წელს გავრცელდა, რასაც ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია „ფაქტ-მეტრი“ გამოეხმაურა. გავრცელებულ ვიდეოზე სოციალურ ქსელში მაშინ დაიწერა, რომ ინტერვიუ 2011 წელს იყო ჩაწერილი. 2023 წელს ვიდეოს მშვილდაძე Facebook-გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ინტერვიუ კონტექსტიდან ამოჭრილად გავრცელდა. მშვილდაძის მაშინ წერდა, რომ ინტერვიუს თარიღიც მცდარად გაავრცელეს, იმ შთაბეჭდილების შესაქმნელად თითქოს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მშვილდაძე რუსეთთან თანამშრომლობაზე პოზიტიურ კონტექსტში საუბრობდა.
გავრცელებული მონაკვეთი გადაცემიდან „აქცენტები“ არის აღებული, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არა 2011, არამედ 2013 წლის 1 მარტს გავიდა. გადაცემა ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ეხებოდა, რომელსაც ქართველი რეჟისორები, მსახიობები და მომღერლები დაესწრნენ. შეხვედრაზე ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლითაც შეხვედრის მონაწილეები მიესალმნენ „რუსეთის უმაღლესი ხელისუფლის, ვლადიმერ პუტინის მიერ 2012 წლის 20 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომ რუსეთის ფედერაცია, პოლიტიკური წინაპირობების გარეშე, გზას გაუხსნის ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტებს რუსულ ბაზარზე“.
შეხვედრაზე დაპატიჟებული იყო მომღერალი ირმა სოხაძეც. ეკა კვესიტაძის გადაცემაში „აქცენტები“ დისკუსია მიშა მშვილდაძისა და ირმა სოხაძის მონაწილეობით სწორედ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით გაიმართა. გადაცემის დროს ასევე იმსჯელეს ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტზე. ეკა კვესიტაძის თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელშიც წერია, რომ „ომი არც რუსეთს და არც საქართველოს არ დაუწყია, ომის დაწყება ცალკეული პოლიტიკოსების ნებამ განაპირობა. აგვისტოს ომი უდიდესი ტრაგედიაა, ამ ტრაგედიამ უფრო უნდა დაგვაახლოოს, რათა მსგავსი მოვლენა მომავალში გამოირიცხოს“.
ირმა სოხაძემ გადაცემაში აღნიშნა, რომ ქართველი მომღერლების რუსეთში ჩასვლის შემდეგ, მართალია, მაშინვე არ მოხდება ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ, მსგავსი ქმედებებით, რაღაც მოძრაობებით, მოხდება გამთლიანება.
მიშა მშვილდაძემ დოკუმენტის განხილვის შემდეგ განაცხადა, რომ ყველა ქმედების უკან მას სურს, ჯანსაღი ეკონომიკური ინტერესი დაინახოს: ის, რომ ქართული ღვინო გავა რუსეთზე და ამით ვიღაც ქართველი გლეხი აქ ფულს იშოვის, უფრო მეტს ვიდრე დღეს, ეს ნიშნავს, რომ ეს არის კარგი. თუ მოხდება ქართული კულტურის ექსპანსია და შესაბამისად, როდესაც გაჟღერდა, რომ ახალი ინიციატივა არის, რომ კულტურულ-ეკონომიკური კავშირები უნდა აღვადგინოთ რუსეთთან პირველ რიგში, ნუ გასაგებია ეს, მისაღებია ჩემთვის იმიტომ რომ ჩემს ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც მიმდინარე ეტაპზე, დღეს მაგალითად, გააჩნიათ არარეალიზებული კომერციული ღირებულება რუსულ ბაზარზე. დავუშვათ იგივე ღვინო. იქ რაღაც ცნობადობა არსებობს და ეს ფული წამოსაღებია ქვეყანაში. მესმის, ეს არის ძალიან პატრიოტული მიდგომა. ექსპორტი ყველაფრის მათ შორის კულტურისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ქვეყნისთვის და აბსოლუტურად გასაგებია, თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდება. უბრალოდ მთავარია, რომ ეს არ მიებას პოლიტიკურ საკითხს. (…) ამ თემის პოლიტიზება არის ცუდი და არავითარი ევრაზიული კავშირი და ამ სიტყვებთან თამაში“.
მშვილდაძემ ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი დოკუმენტიც სწორედ ევრაზიული კავშირთან საქართველოს დაახლოებაა. „უნდა ვისაუბროთ ოკუპაციაზე, რუსეთი განვიხილოთ როგორც სამყაროს ნაწილი და არა, როგორც სამყაროს ცენტრი. მე ერთადერთ რამეზე ვწუხვარ, ამ ქვეყნის მოსახლეობას აქვს გამოთქმული უკვე თავისი დასაბუთებული ნება, პლებისციტის შედეგად, ამ ქვეყნის მომავალს, მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს ევროატლანტიკურ ალიანსში. არ გვინდა პოლიტიზება ამ კულტურული კავშირების, იყოს კულტურული კავშირები, არ ვარ წინააღმდეგი, როგორ შეიძლება იყოს ვინმე წინააღმდეგი ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობის. ეკონომიკური აქტივობა ეს არის ზოგადი სიკეთე, სამყაროსთვის მთლიანად, აქ არის საუბარი იმაზე, რომ არსებობს რაღაც ნება, რომელიც ამ ქვეყანამ გამოხატა და არ მინდა, რომ ვინმე, თუნდაც ბრმა იარაღად იქცეს ბრძოლაში ვიღაცის, რომელსაც უნდა რომ საქართველო იხილოს პუტინის ევრაზიულ კავშირში“.
შესაბამისად, სოციალურ ქსელში მშვილდაძის ინტერვიუს მხოლოდ ის ნაწილია გავრცელებული, სადაც ის ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში რუსეთთან თანამშრომლობაზე დადებით კონტექსტში საუბრობს. თუმცა უგულებელყოფილია ის ნაწილი, სადაც მშვილდაძე ამ თანამშრომლობის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას აკრიტიკებს.







