მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე შპს „ლაგი კაპიტალის“ ორი წარმომადგენელი დააკავეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღების პროექტირება/ მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვეს, რის შემდეგაც მუნიციპალური განვითარების ფონდისგან საავანსო თანხების ჩარიცხვა მოითხოვეს, ისე რომ ძირითად შემთხვევაში, საბავშვო ბაღების მშენებლობის პროექტიც კი არ იყო დამტკიცებული. შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ 9.3 მლნ ლარს, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შეუსრულებიათ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკვე 28 ოქტომბერს პროკურატურამ ბრალი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ, დავით ტაბიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით წარუდგინა.
მოგვიანებით, დავით ტაბიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 300 000 ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო შეეფარდა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, კიდევ ერთი თანამდებობის პირს, კერძოდ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილე, კობა გაბუნიას წარედგინა ბრალი. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, აღიძრა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2022 წლის 28 ნოემბერს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია დააანონსა. მისი თქმით, საბავშვო ბაღები სავალალო მდგომარეობაში იყო. „გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა. ეს განხორციელდება სამ ეტაპად, პირველ ეტაპს დავიწყებთ 2023 წლის პირველი იანვრიდან. პროგრამაზე მიემართება 100 მლნ ლარი. ჯამში დაგვიჯდება 1 მლრდ ლარზე მეტი, დაახლოებით მილიარდ სამასი მილიონი ლარი. ჩვენი გათვლებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად რეაბილიტირდება და აშენდება ახალი ბაღები“, – აცხადებდა მაშინდელი პრემიერი.
მართლაც, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის თებერვალში ჩოხატაურის, ოზურგეთის, მცხეთის, ნინოწმინდის, დედოფლისწყაროს, გორისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების პროექტირება/მშენებლობის თაობაზე 11 ტენდერი (NAT230024494, NAT230023912, NAT230022800, NAT230022799, NAT230022554, NAT230022517, NAT230022288, NAT230019442, NAT23000738, NAT230019002, NAT230004673) გამოაცხადა. ტენდერის პირობებით, გამარჯვებულ კომპანიას Design-Build მეთოდით, საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოემზადებინა და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე საბავშვო ბაღები აეშენებინა.
11-ვე ტენდერში ერთი და იმავე კომპანიამ – „ლაგი კაპიტალმა“ გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 73 832 438 ლარი შეადგინა ( გარდა საბავშვო ბაღებისა, „ლაგი კაპიტალს“ გორის მუნიციპალიტეტში ერთი, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში სამი სკოლა უნდა აეშენებინა, ამ შემთხვევაშიც არც ერთი სკოლა არ აშენებულა. სკოლებიანა, „ ლაგი კაპიტალის“ მიერ მოგებული ტენდერების ღირებულებამ მთლიანობაში 94 444 427 ლარი იყო). ხელშეკრულებები კომპანიასთან თითქმის ერთდროულად, 2023 წლის დეკემბერში გაფორმდა და ასევე, თითქმის ერთდროულად – 2025 წლის იანვარ-აპრილში შეწყდა. კომპანიას ამ დროის განმავლობაში სახარჯთაღრიცხვო-საპროექტო დოკუმენტაციაც კი არ მოუმზადებია, ბაღების/ სკოლების მშენებლობის დაწყებაზე აღარაფერს ვამბობთ, ამის მიუხედავად 9.4 მლნ ლარი ავანსად მაინც მიიღო.
მეწარმეთა და არასამეწარმეო პირთა საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ლაგი კაპიტალი” 2015 წელს დაარსდა. მაშინ „ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი ზარქუას და, ნინო ზარქუა კომპანიის 50%-იან წილს ფლობდა. 25%-25%-იან წილებს ფლობდნენ ლაშა გრიგალავა და გიორგი ლომიტაშვილი, რომელიც კომპანიის დირექტორიც იყო
2022 წლის 13 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად, ნინო ზარქუას ნაცვლად 50%-იანი წილის მფლობელი ხდება მისი ქმარი, ალექსანდრე ამისულაშვილი. რამდენიმე დღეში, 2022 წლის 17 ოქტომბერს კი ამისულაშვილის ნაცვლად 50%-იანი წილის მფლობელად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ჯე5-ია მითითებული. შპს ჯე5-ის 100%-იან წილს ალექსანდრე ამისულაშვილი ფლობს.
2023 წლის სექტემბრიდან კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი დირექტორი ია რამიშვილი ხდება. 2024 წლის სექტემბერში იცვლება კომპანიის დირექტორიც და მესაკუთრეც, ამ დროიდან კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ივანე გახელაძე, დირექტორი კი დავით კვირიკაძე ხდება. 2025 წლის მარტიდან დირექტორი ბესიკ ბერძენიშვილი, მესაკუთრე კი ისევ ივანე გახელაძეა.
ჩვენ საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერები განვიხილეთ. თუმცა სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაკვირვებაც ცხადყოფს, რომ ამ მიმართულებით არსებული პრობლემები სისტემური და სისტემატურია. ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი უმრავლესობა ვადაგადაცილებულად სრულდება, ან საერთოდაც ვერ სრულდება, შესრულებული სამუშაოების ხარისხზე არაფერს ვამბობთ. სისტემაში არსებული პრობლემების ნათელი მაგალითი თბილისის მასშტაბით წერეთლის გამზირის, გოცირიძის მეტროს, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაა, რომელიც დღემდე არ დასრულებულა. საქართველოს მასშტაბით კი ყველაზე პრობლემური ინფრასტრუქტურული პროექტი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის ორი მონაკვეთია, რომელთა მშენებლობა ასევე დღემდე არ დასრულებულა და რომლის მშენებლობის ფარგლებში არაერთ კომპანიასთან შეწყდა ხელშეკრულება და გაცემული ავანსის დასაბრუნებლად საარბიტრაჟო სასამართლოსადმი მიმართვა გახდა აუცილებელი.
ჩვენ ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს გავაგრძელებთ და ინფორმაციას ამა თუ იმ პროექტის მიმდინარეობაზე მკითხველს პერიოდულად მივაწვდით.







