გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: კაია კალასი ისრაელის მიერ დოჰაზე განხორციელებულ დარტყმაზე შეკითხვას თავს არიდებს

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ნონა შარაბიძე“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს” არაერთხელ გადაუმოწმებია (123), ფოტოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). ფოტოზე ჩანს საგარეო  საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, რომელიც თითქოს კატარზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებულ შეკითხვას თავს არიდებს და პასუხობს: „რუსული დრონის პოლონეთის ტერიტორიაზე ფრენას ომის აქტად მივიჩნევთ“. „კაია კალასს ვინმემ რუსეთზე ჰკითხა?! ოღონდ რუსეთს უკბინონ და სულ აინტერესებს- რას ეკითხებიან! ჰოდა, უკვირთ ევროკავშირში, რატომ გვეძახიან რუსოფობებსო“, – წერს Facebook-ანგარიში.

რეალურად, ღია წყაროებში არ იძებნება ინტერვიუ, რომელშიც კაია კალასი კატართან დაკავშირებულ კითხვაზე თავის არიდებას ცდილობს. თანაც, დოჰაზე თავდასხმის ევროკავშირი იმ დღესვე გამოეხმაურა და ისრაელის ქმედება დაგმო.

აღსანიშნავია, რომ  Facebook-ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული ფოტო ე.წ. „მიმს“ წარმოადგენს, რომელიც თავდაპირველად რუსულ სატირულ გვერდებზე და პლატფორმებზე გავრცელდა, რაც მიანიშნებს, რომ ფოტოს ორიგინალი სატირული მიზნით შეიქმნა და მისი შინაარსი გამოგონილია.

 

9 სექტემბერს ისრაელმა დარტყმა  კატარის დედაქალაქში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსზე განახორციელა, სადაც ჰამასის მომლაპარაკებელი ჯგუფი  აშშ-ს მიერ შემუშავებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას განიხილავდა.  კატარის ხელისუფლებამ  დაგმო ისრაელის ქმედება და მას „კრიმინალური თავდასხმა უწოდა“. თავდასხმის შემდეგ,  კატარმა, რომელიც მანამდე ღაზაში ომის მიმდინარეობისას ისრაელსა და ჰამასს შორის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, შუამავლის როლის შესრულებაზე უარი თქვა. 29 სექტემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბოდიში მოიხადა კატარში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმისთვის.

ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას იმ დღესვე გამოეხმაურა ევროკავშირიც. კერძოდ, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის   კაია კალასის სპიკერის განცხადებაში ვკითხულობთ: „ისრაელის მიერ დოჰაში ჰამასის ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებული დღევანდელი საჰაერო დარტყმა არღვევს საერთაშორისო სამართალს და კატარის ტერიტორიულ მთლიანობას და რეგიონში ძალადობის შემდგომი ესკალაციის რისკს ქმნის. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ კატარის ხელისუფლებას და ხალხს, რომელიც ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორია. ღაზაში ომის ნებისმიერი ესკალაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული – ეს არავის ინტერესებში არ შედის. ჩვენ გავაგრძელებთ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმართული ყველა ძალისხმევის მხარდაჭერას“.

კალასმა დოჰაზე განხორციელებული თავდასხმა 5 ოქტომბერს რეგიონული უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის მაღალი დონის ფორუმზეც ახსენა: „არცერთ კონფლიქტს არ მოუხდენია მსოფლიოზე ისეთი დიდი გავლენა და არც საერთაშორისო მტკიცე გადაწყვეტა ისე არ გამოუცდია, როგორც ღაზას ომს. კატარმა პირადად გამოსცადა კონფლიქტის შედეგები. თქვენს სუვერენიტეტს პირდაპირ დაარტყეს, ისევე როგორც თქვენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შუამავლის როლს ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ მკაცრად დავგმეთ თავდასხმა და მივესალმეთ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბოდიშს. ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა მოითხოვს დიდ საერთაშორისო ძალისხმევას და ფართომასშტაბიან მხარდაჭერას“.

თავდასხმასთან დაკავშირებით კაია კალასის სხვა განცხადება ან ინტერვიუ, რომელშიც კითხვაზე თავის არიდებას ცდილობს, ღია წყაროებში არ იძებნება.

ამავდროულად, პოსტში წარმოდგენილი ფოტო ე.წ. „მიმს“ წარმოადგენს, რომელიც  თავდაპირველად რუსულ სატირულ გვერდებზე და პლატფორმებზე გავრცელდა (1, 2, 3), რაც დამატებით ადასტურებს, რომ მისი შინაარსი ყალბია და სავარაუდოდ, სატირული მიზნით გამოგონილი.

 

 

 

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge