გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

ვრცელდება ხელოვნური ინტელექტის მიერ რედაქტირებული მონაკვეთი გადაცემა „კურიერიდან“

სოციალურ ქსელ Facebook-სა და TikTok-ზე გავრცელდა „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ მონაკვეთი, რომელშიც გადაცემის წამყვანი ნათია ლაზაშვილი არაბული ციფრების სავალდებულო სწავლებაზე საუბრობს. „მთავრობა ახალ კანონს აანონსებს. განათლების რეფორმის ფარგლებში არაბული ციფრების სწავლება სავალდებულო გახდება. მასწავლებლების გადამზადება დაიწყება 2026 წლის თებერვალში, ხოლო სკოლებში არაბული ციფრების სწავლება სავალდებულო გახდება 2026 წლის ახალ სასწავლო წელს, თუმცა მანამდე უნდა გაკეთდეს კონსტიტუციური ჩანაწერი არაბული ციფრების სავალდებულო სწავლებაზე“, – ნათქვამია ვიდეოში, რომელსაც აუდიო ხელოვნური ინტელექტის მიერ აქვს რედაქტირებული.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ არაბული ციფრები (0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9) მსოფლიოში ისედაც საყოველთაოდ გამოიყენება და შესაბამისად, ქართულ სკოლებშიც ისწავლება.

ვიდეო თავდაპირველად TikTok გვერდმა სახელწოდებით Georgian AI-მ (ქართული ხელოვნური ინტელექტი) გაავრცელა. არხზე მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული, ძირითადად სატირული შინაარსის ვიდეოები დევს. გვერდის აღწერაში მითითებულია – „ყველაფერი AI-ს შესახებ“ (AI ინგლისურად Artificial Intelligence, ანუ ხელოვნური ინტელექტის აბრევიატურაა). მიუხედავად ამისა, ვიდეო სხვა არხების მიერ გაზიარდა, როგორც რეალური, რამაც სოციალური ქსელის მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანა.

თავად ვიდეო რეალური არის. კადრები საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ 19 ნოემბრის 21:00 საათიანი გამოშვებიდან არის აღებული, თუმცა მასზე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი აუდიო არის გადადებული. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ წამყვანის ტუჩების მოძრაობა და გამოთქმული ბგერები ვიდეოში ერთმანეთს არ ემთხვევა.

რეალურად, „კურიერის“ წამყვანი საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტზე საუბრობდა. გადაცემის იმავე გამოშვებაში თუ სხვა დღეებში „რუსთავი 2-ის“ ეთერში ინფორმაცია არაბული ციფრების სავალდებულო სწავლებაზე არ გასულა. მსგავსი ინფორმაცია არცერთ სხვა მედია საშუალებას გაუვრცელებია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge