სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში სპორტული ჟურნალისტის, დავით ერაძის ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ის ამბობს: „წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება შენი ქვეყნის ნაკრების წარმატება გიხაროდეს…“, – აქ დავით ერაძე ყოვნდება, თითქოს ნათქვამი სიტყვის შეცვლას ცდილობს, მაგრამ ვიდეო არაბუნებრივად წყდება და საუბარს ინგა გრიგოლია აგრძელებს. ვიდეოს შემდეგი წარწერა აქვს დართული: „რასაც ფიქრობს ყველაფერი წამოცდა“.
რეალურად, ვიდეო იმგვარადაა მოჭრილი, რომ შესაძლოა, მაყურებელი შეცდომაში შეიყვანოს და აფიქრებინოს, რომ სპორტულ ჟურნალისტს საქართველოს ნაკრების წარმატება არ უხარია. (არქივირებული ბმული)

ვიდეო ნაწყვეტია „ტვ პირველის“ გადაცემიდან „რეაქცია“. ეს კონკრეტული გადაცემა ეთერში 2025 წლის 20 ნოემბერს გავიდა და გადაცემაში ფეხბურთსა და საქართველოს ნაკრებზე იყო საუბარი.
დავით ერაძის სრული კომენტარი შემდეგია: [24:30-დან] „როგორც ეროვნული ნაკრებია ყველასი – ნაციონალების, ქოცების, ლეიბორისტების – მე ვერავინ ვერ დამაჯერებს, საერთოდ გაღმა ვარ ალტინფოსგან, მაგრამ ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ალტინფოს შემადგენლობას უხარია საქართველოს ნაკრების წაგება. არარსებულია ეს, იმ ქართველის, მართლა დედა ვატირე, ვისაც საქართველოს წაგება უხარია, ხალხო, რეებს ლაპარაკობთ, რეებს, მართლა? და ვინმეს რომ სჯერა ეს, მართლა, ხალხო, წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება შენი ქვეყნის ნაკრების წარმატება გიხა… [არ ყოვნდება და ამბობს] წაგება გიხაროდეს? ეს რაღაც პრივატიზირება წარმოუდგენელი რაღაცაა“.
ამგვარად, სრულ ვიდეოში ჩანს, რომ დავით ერაძემ სწრაფადვე შეასწორა სათქმელი. ვიდეო მოჭრილია და სრულად არ ასახავს შესწორების მომენტს, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: „როგორ შეიძლება შენი ქვეყნის ნაკრების წაგება გიხაროდეს?“. შესაბამისად, ვიდეო შეცდომაში შემყვანია.







