გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში ჟურნალისტის, ირაკლი ტაბლიაშვილის ვიდეო ვრცელდება (1, 2, 3, 4) (დააარქივებული ბმული), რომელშიც ის ამბობს:  „ამ ხელშეკრულებას [იგულისხმება აშშ-ის მიერ წარმოდგენილი 28-პუნქტიანი გეგმა] დღეს რომ მოაწეროს, თუ 27-ში რომ მოაწეროს ხელი პრეზიდენტმა ზელენსკიმ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ უკრაინა გამარჯვებულია“.

სინამდვილეში, ტაბლიაშვილის ციტატა არასრული კონტექსტით ვრცელდება. ვიდეოს სრულ მონაკვეთში ჩანს, რომ ჟურნალისტი 28-პუნქტიან გეგმაზე ხელმოწერას გამარჯვებად იმ ვერსიაში აფასებს, თუკი, მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზნად უკრაინის მთელი ტერიტორიის აღებას განვიხილავთ. ამდენად, რადგან წარმოდგენილი გეგმა რუსეთს უკრაინის სრულ ტერიტორიაზე წვდომას და შესაბამისად, რუსეთის აგრესიის ამ ამოცანის შესრულებას არ გულისხმობს,  ტაბლიაშვილის თქმით, შეთანხმებაზე ხელმოწერა, რომელიც მისი ზოგადი შეფასებით კაპიტულანტურია, უკრაინის გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს. აქვე ის ამბობს, შეთანხმებას შესაძლოა, სწორედ ამ რაკურსიდან უყურებდეს და აფასებდეს  პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.

 

აღნიშნული ვიდეოს ორიგინალი ვერსია YouTube არხზე, სახელად Tablo Media 2025 წლის 22 ნოემბერს გამოქვეყნდა, სადაც ტაბლიაშვილი ამბობს (იხილეთ ბმულზე 08:40 წთ-დან): რაკი ტრამპი ასე ფიქრობს და ვერ გადაათქმევინებ-მეთქი, ასე ვიტყვი:  მის შეთავაზებაში, ამ ცუდ შეთავაზებაში, ამ ცუდ 28-მუხლიან შეთავაზებაში არის ლოგიკა, უნდა დავიჭიროთ. გარდა ამისა ვიტყვი, ასე, ამ კუთხით ვიმსჯელებ, თქვენის ნებართვით. მოდი, აპრიორი ავიღოთ ერთი მთავარი თემა, რომელზეც უკვე შემდგომაც გავამახვილებ მე ყურადღებას და ვიკითხოთ ასე, რა უნდოდა თავიდანვე რუსეთს? უნდოდა მას სამი რეგიონი ყირიმი დონეცკი და ლუგანსკი? უნდოდა ხუთი რეგიონი ყირიმი, დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი? თუ უნდოდა მთლიანად უკრაინა?! თუ ჩვენ ამოვალთ იმ საფუძვლიდან, რომ რუსეთს სჭირდებოდა და უნდოდა მთელი უკრაინა მაშინ მთელი უკრაინა მას არ წაუღია.  ამ ხელშეკრულებას დღეს რომ მოაწეროს, თუ 27-ში რომ მოაწეროს ხელი პრეზიდენტმა ზელენსკიმ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ უკრაინა გამარჯვებულია იმიტომ, რომ რუსეთმა დასახულ ამოცანებს ვერ მიაღწია.  ეს ძალიან საინტერესო რაკურსია სხვათა შორის (…) ტრამპიც შესაძლოა მიიჩნევს, რომ რაკი ვერ მიაღწია რუსეთმა იმ ამოცანებს, რომლებიც იმთავითვე ჰქონდა დასახული, აქედან გამომდინარე, უკრაინას საწუწუნო არც არაფერი აქვს. გარდა ამისა, ტრამპი მიიჩნევს, შესაძლოა და ალბათ ასეც არის, რომ რუსეთი არც არავის აღარ დაესხმება თავს, თუ კონსტიტუციაში ან სხვა კანონებში და სხვა კანონებში ის ჩაწერს, რომ მას არა აქვს ტერიტორიული პრეტენზიები ევროპასთან, არ აწარმოებს ომს ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებთან, ბალტიის სახელმწიფოებთან, ასე მაგალითად, პოლონეთთან.

ეს თქვა კიდევაც ტრამპმა, რომ არ დაესხმება თავსო ევროპას და თუ რუსეთს ააღებინებს ამ ვალდებულებას, ყველაფერი ოქეია, ყველაფერი კარგად არის. ტრამპს ვერ გაუგია ერთი რამ, ჩემი აზრით, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ამ ყველაფერს ხელს არ მოაწერს, იმიტომ რომ პრეზიდენტი ზელენსკი ისტორიის, უკრაინის ისტორიის წინაშე არის პასუხისმგებელი. პრეზიდენტ ზელენსკი უკვე არის ისტორიული პერსონა და მას პრინციპულად მიაჩნია, სწორადაც მიაჩნია, რომ უკრაინის ისტორიაში, უკრაინისა, რომელიც მუდმივად იარსებებს, ვიდრე ეს პლანეტა იარსებებს, ის არ შეიძლება შევიდეს კაპიტულანტ, დამარცხებულ და კაპიტულანტ ლიდერად. ეს არ არის მეორეხარისხოვანი ფაქტორი. კი მესმის, რომ საკუთარი თავი არ უნდა ანაცვალო ქვეყანას ხო, ვინმე იტყვის მაგრამ ისტორიულ მომენტუმს, ისტორიციზმს, როგორც ასეთ პრეზიდენტი ზელენსკი ხვდება და გრძნობს, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში აქედან გამომდინარე  დამატებით პრეზიდენტი ზელენსკი ამ ხელშეკრულებას თუ შეთანხმებას ან შეთავაზებას არ მოაწერს ხელს. გარდა იმისა, რომ კაპიტულანტურია და არსებითად ღირსების შემლახავია ეს შეთანხმება, შემუშავებული ვაშინგტონში და ტრამპის და სხვების მიერ და მოწონებული ტრამპის მიერ“.

ამდენად, სოციალურ ქსელში ტაბლიაშვილის ვიდეო არასრული კონტექსტით ვრცელდება და მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.  ვიდეოს სრულ მონაკვეთში ჩანს, რომ ჟურნალისტი 28-პუნქტიან გეგმაზე ხელმოწერას გამარჯვებად იმ ვერსიაში აფასებს, თუკი, მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზნად უკრაინის მთელი ტერიტორიის აღებას განვიხილავთ. რუსეთი ამ კონკრეტულ მიზანს 28-პუნქტიანი შეთანხმების მიხედვითაც ვერ აღწევს, შესაბამისად, ჟურნალისტის თქმით, შეთანხმებაზე ხელმოწერა სწორედ ამ ლოგიკით შეიძლება უკრაინის გამარჯვებად იქნას აღქმული.

ცნობისთვის, გასულ კვირას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით აშშ-ის 28-პუნქტიანი  გეგმის პროექტი გამოქვეყნდა. დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას. კერძოდ, შეთანხმების შემთხვევაში, ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი აღიარებული იქნებიან რუსეთის დე-ფაქტო ტერიტორიებად, მათ შორის შეერთებული შტატების მიერ. ხერსონი და ზაპოროჟიე გაიყინება შეხების ხაზის გასწვრივ, რაც ნიშნავს დე-ფაქტო აღიარებას შეხების ხაზის გასწვრივ.  დოკუმენტის მიხედვით,  სამომავლო ტერიტორიულ შეთანხმებებზე შეთანხმების შემდეგ, როგორც რუსეთის ფედერაცია, ასევე უკრაინა იღებენ ვალდებულებას, რომ არ შეცვალონ ეს შეთანხმებები ძალის გამოყენებით. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ გავრცელდება.

23 ნოემბერს ჟენევაში უკრაინისა და აშშ-ს დელეგაციებს შორის აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა. მხარეების თქმით, დისკუსიების შედეგად „განახლებული და დახვეწილი“ დოკუმენტი შეიმუშავეს. „უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებენ ერთობლივ წინადადებაზე. პროცესის წინსვლის პარალელურად, ისინი ასევე მჭიდრო კონტაქტში რჩებიან მათ ევროპელ პარტნიორებთან. ამ სამუშაო ჩარჩოს ფარგლებში, საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტები მიიღებენ“, – ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.

24 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის მიერ შეთავაზებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა შემცირდა. ზელენსკი ამბობს, რომ განახლებული დოკუმენტი უკრაინის პოზიციას უფრო მეტად შეესაბამება. „ჟენევის შემდეგ, ამ ეტაპზე ნაკლები პუნქტია, აღარ არის 28, და ამ გეგმაში ბევრი სწორი ელემენტია გათვალისწინებული“, – განაცხადა ზელენსკიმ. The Financial Times-ის ინფორმაციით, განახლებული გეგმა ახლა 19 პუნქტს შეიცავს. 25 ნოემბერს ამერიკულმა მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინა  შეთანხმებას დათანხმდა. CBS News-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ უკრაინელებმა თანხმობა განაცხადეს სამშვიდობო შეთანხმებაზე, თუმცა ამ ეტაპზე რამდენიმე „უმნიშვნელო დეტალია“ დარჩენილი, რომელიც უნდა დაზუსტდეს.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge