გადამოწმებული ფაქტები საგაზეთო სტატია

სოციალურ ქსელში ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, თითქოს მედიასთან საუბრისას მაკრონს უკრაინის რუკა თავდაყირა ეჭირა

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი Georgia First News, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1; 2; 3) საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ვიდეოს ავრცელებს შემდეგი აღწერით: „ემანუელ მაკრონის უხეში შეცდომა მედიასთან საუბრის დროს…“. ვიდეოში მთხრობელი ამბობს: „საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონს მედიასთან საუბრის დროს უკრაინის რუკა თავდაყირა ეჭირა და ასეთ მდგომარეობაში ცდილობდა უკრაინაში არსებული ვითარების ახსნას“. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია. რეალურად, ვიდეო სარკის ეფექტითაა გადაღებული, სწორედ ამიტომ ჩანს შებრუნებული ვერსია. (არქივირებული ბმული)

Georgia First News-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ფრანგული არხის BFMTV-ს ლოგო აქვს, ასევე მარჯვენა ზედა კუთხეში რუსული სამთავრობო მედია TASS-ის ლოგოც ჩანს.

ვიდეო მსგავსი მტკიცებით 2025 წლის თებერვალში ვირუსულად გავრცელდა რუსულ სოციალურ ქსელებსა და მედიაში (1; 2). მტკიცება ასევე გააჟღერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

აღნიშნული კადრი მოჭრილია ემანუელ მაკრონის ვიდეოდან, რომელიც, გარდა მისი ოფიციალური სოციალური ქსელებისა, 2025 წლის 20 თებერვალს BFMTV-ის არხზეც გადაიცემოდა. ამ მედიის ვებგვერდზე ვიდეოს ამ მონაკვეთის ნახვისას, ჩანს, რომ თავდაპირველად კადრი სარკის ეფექტით ჩანდა, რომელიც 2:08 წუთიდან იცვლება და  გასწორებული კადრი ჩნდება.

ქვემოთ ნაჩვენებ ორ ფოტოში ეს განსხვავება კარგად ჩანს, პირველი ფოტო სარკის ეფექტითაა გადაღებული, ხოლო მეორე უკვე გასწორებული კადრია, რასაც, მაგალითად, მაკრონის უკან არსებული დროშების განლაგების ცვლილებაც ადასტურებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვიდეო მაკრონის პირდაპირი ეთერიდანაა მოჭრილი, რომელიც  YouTube-ისა და X-ის პლატფორმებზეც გადაიცემოდა, სადაც იგივე „სარკისებრი ეფექტი“ მთელი ვიდეოს განმავლობაში შეინიშნება.

მტკიცებას ფრანგული ტელევიზია TF1-იც გამოეხმაურა. მათ სტატიაში ვკითხულობთ: „პრეზიდენტი ინტერნეტ-მომხმარებლების კითხვებს მობილური ტელეფონით პასუხობს, რომელიც მის წინ დევს, ამგვარად, ტელეფონში „სელფის“ ფუნქცია აქტიურდება, რაც ეკრანზე სარკისებრ ეფექტს იწვევს.“

გარდა ამისა, თუ პირდაპირი ეთერის სხვა ნაწილსაც დავაკვირდებით, რომელშიც მაკრონი კიდვ ერთ ფურცელს აჩვენებს, დავინახავთ, რომ წარწერები ფურცელზე შეტრიალებულია, რასაც სწორედ სარკის ეფექტით გადაღება იწვევს. თუ კადრს გავასწორებთ, წარწერებიც გასწორდება. (იხ. ფოტოები ქვემოთ)

ფოტოანაბეჭდი მაკრონის ლაივიდან

გასწორებული კადრი

კიდევ რამდენიმე დეტალი, რაც ადასტურებს, რომ ვიდეო სარკის ეფექტითაა გადაღებული, არის  საქორწინო ბეჭედი და სამკერდე ნიშანი, რომელსაც, მაკრონი ჩვეულებრივ მარცხენა ხელზე და მარცხენა მხარეს ატარებს, ვიდეოში მარჯვენა მხარეს ჩანს.

ამგვარად, ვიდეო ემანუელ მაკრონის პირდაპირი ეთერიდანაა მოჭრილი, რომელიც სარკის ეფექტის გამო ვიდეოში წარმოდგენილ ნივთებს, როგორც უკრაინის რუკას, ასევე მაკრონის უკან მდგარ დროშას, ასევე, მის გულსაბნევს და ბეჭედს შებრუნებულად აჩვენებდა. შესაბამისად, მტკიცება, რომ მაკრონს უკრაინის რუკა თავდაყირა ეჭირა, შეცდომაში შემყვანია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge