სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადების პარალელურად, რომ საქართველოსთან შედარებით უკრაინა და მოლდოვა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვნად არიან წინ, გადის კადრები, რომლებიც ამ ორ სახელმწიფოს უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს. მსგავსი შინაარსის საინფორმაციო ბარათიც გავრცელდა, სადაც ერთ ნაწილში მითითებულია, რომ ეკონომიკური მაჩვენებლებით საქართველო უკრაინასა და მოლდოვას უსწრებს, მეორე ნაწილში კი, ელჩი პაველ ჰერჩინკის განცხადებაა დატანილი: „როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის გაფართოების გზას, უკრაინაც და მოლდოვაც გაცილებით წინ არიან საქართველოზე“ (დაარქივებული ბმული 1, 2).
აღნიშნულ საკითხზე განცხადებები გააკეთეს პოლიტიკოსებსაც. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „თუ საქართველოს სხვა კანდიდატ ქვეყნებს, მოლდოვას ან ბოსნიას შევადარებთ, საქართველო გაცილებით წინ არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით“. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის თქმით, „ყველა ობიექტური შეფასებით საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის. ევროკომისიის შეფასებებიც ამტკიცებს, რომ საქართველო უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას და სხვა ქვეყნებსაც, რიგ კრიტერიუმებში ყოველთვის უსწრებს“. განცხადება გააკეთა თეა წულუკიანმაც, რომლის თქმითაც, საქართველო „ობიექტურად, უკრაინასა და მოლდოვაზე ყველა კრიტერიუმით წინ“ არის, თუმცა „ბრიუსელი გაბრაზებულია იმის გამო, რომ საქართველო მეორე ფრონტის გახსნას არ დათანხმდა“.
რა წერია ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების პაკეტში?
2025 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა მორიგი გაფართოების პაკეტი, რომელიც ევროპული საბჭოს მიმართ კომუნიკაციასა და კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შეფასების ანგარიშებს მოიცავს (იხილეთ ევროკომისიის ანგარიში საქართველოს შესახებ, კომუნიკაცია გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით, პრესრელიზი გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით).
ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები მოიცავს ექვს ბლოკში გაერთიანებულ 35 თავს, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობის (EU Acquis) სხვადასხვა სფეროს შეესაბამება. აქედან გამომდინარე, ევროკომისია ქვეყნებს სწორედ ამ ბლოკების მიხედვით აფასებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან, პირველ ბლოკს მიკუთვნებულ საკითხებზე, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს. ესენია – დემოკრატიული ინსტიტუტები და საჯარო მმართველობის რეფორმა; კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური უფლებები; ეკონომიკური კრიტერიუმი; სახელმწიფო შესყიდვები, სტატისტიკა, ფინანსური კონტროლი.
ტექნიკურად, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის ფარგლებში უფრო ზუსტი იქნება 33 თავში პროგრესის განხილვა, რადგან ევროკავშირის კანონმდებლობის 34-ე თავი ევროკავშირის შიდა ინსტიტუციურ და პროცედურულ წესებს უკავშირდება და მხოლოდ გაწევრიანების მომენტში არის რელევანტური. რაც შეეხება 35-ე თავს, ის ფარავს კონკრეტული ქვეყნისთვის სპეციფიკურ საკითხებს, რომლებიც წინა თავებში გათვალისწინებული არ არის, მაგრამ შესაძლოა მოლაპარაკებების დროს გამოიკვეთოს. შესაბამისად, 34-ე და 35-ე თავები გაფართოების პაკეტში განხილული და შეფასებული არ არის.
სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნების შეფასების ევროკავშირის სკალა შემდეგ კრიტერიუმებს მოიცავს: ადრეული ეტაპი (early stage), მომზადების გარკვეული დონე (some level of preparation), ზომიერად მომზადებული (moderately prepared), მომზადების კარგი დონე (good level of preparation) და მნიშვნელოვნად წინ წასული (well advanced). ხოლო პროგრესის აღსაწერად შემდეგი შეფასებები გამოიყენება: უკუსვლა (backsliding), პროგრესის არარსებობა (no progress), შეზღუდული პროგრესი (limited progress), გარკვეული პროგრესი (some progress), კარგი პროგრესი (good progress) და ძალიან კარგი პროგრესი (very good progress).
როგორც საქართველოზე მომზადებულ ევროკომისიის ანგარიშში ვკითხულობთ, ფუნდამენტურ საკითხებს მიკუთვნებული დემოკრატიის მდგომარეობამ ქვეყანაში საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი უკუსვლა განიცადა. ევროკომისიის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები მიიღო, რაც მნიშვნელოვნად ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს და ფაქტობრივად აუქმებს მოქალაქეთა მონაწილეობასა და კონტროლისა და ბალანსის სისტემას (system of checks and balances).
სხვა საკითხებთან ერთად, ევროკომისია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაც ეხება და ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნების კვალდაკვალ, სხვა გამოწვევებთან ერთად, ხაზს უსვამს ამომრჩევლებზე განხორციელებულ ზეწოლას, რამაც მათ შურისძიების შიშის გარეშე არჩევანის გაკეთების უფლება შეუზღუდა, ასევე არჩევნების დღეს ხმის ფარულობის დარღვევას.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგომარეობაზე. კერძოდ, აღნიშნულია, რომ მათ ფუნქციონირება რეპრესიულ გარემოში უწევთ, რაც აკნინებს სამოქალაქო საზოგადოების ფუნდამენტურ როლს დემოკრატიის განმტკიცებაში.
დემოკრატიული განვითარების კუთხით, უკუსვლის თაობაზე ჩანაწერი არ გვხვდება უკრაინისა და მოლდოვის ანგარიშებში.
საჯარო მმართველობის რეფორმის ნაწილში ევროკომისია საქართველოს მომზადების მდგომარეობას გარკვეულ და ზომიერ დონეს შორის აფასებს, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული უკუსვლით. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, აღნიშნული უკუსვლა განპირობებულია ბოლოდროინდელი ინსტიტუციური ცვლილებებითა და საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებმაც საჯარო სამსახურის სამართლებრივი დაცვის მექანიზმი გააუარესა და შეასუსტა დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის გარანტიები, რომელიც პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი უნდა იყოს.
შედარებისთვის, ანგარიშის თანახმად, მოლდოვას საჯარო მმართველობის რეფორმის სფეროში მომზადების გარკვეული დონე აქვს და მიღწეული აქვს გარკვეული პროგრესი. უკრაინა ამ მიმართულებით მომზადების გარკვეულ და ზომიერ დონეს შორისაა და მიღწეული აქვს კარგი პროგრესი. ამდენად, ამ მიმართულებით სამივე სახელმწიფო მეტ-ნაკლებად ერთ დონეზე არიან, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, რომელსაც უკუსვლა ჰქონდა, უკრაინამ და მოლდოვამ წინ წაიწიეს.
სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში (თავი 23), საქართველოს მომზადება ადრეულ ეტაპსა და მომზადების გარკვეულ დონეს შორის შეფასდა, რაც 2024 წლის „მომზადების გარკვეული დონის” მაჩვენებელთან შედარებით დაქვეითებას წარმოადგენს. ევროკომისიის შეფასებით, ზედიზედ მეორე წელია საქართველოში ამ მიმართულებით უკუსვლა შეინიშნება.
ევროკომისია დეტალურად აფასებს საქართველოში არსებულ მდგომარეობას 23-ე თავში შემავალი საკითხების მიხედვით. კერძოდ:
- სასამართლოს ფუნქციონირების კუთხით, საქართველო მომზადების ადრეულ ეტაპზე იმყოფება, რაც 2024 წლის „მომზადების გარკვეული დონის“ მაჩვენებელთან შედარებით დაქვეითებაა, და ზედიზედ მეორე წელია, უკუსვლა ფიქსირდება; შედარებისთვის, მოლდოვასა და უკრაინას ამ მიმართულებით მომზადების გარკვეული დონე გააჩნიათ, კარგი (მოლდოვა) და გარკვეული (უკრაინა) პროგრესით.
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, საქართველოს მომზადების გარკვეული დონე აქვს, თუმცა საანგარიშო პერიოდში უკუსვლა დაფიქსირდა. საქართველოს მსგავსად, უკრაინას და მოლდოვას მომზადების გარკვეული დონე აქვთ, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვამ გარკვეულ პროგრესს, ხოლო უკრაინამ – შეზღუდულ პროგრესს მიაღწია.
- გამოხატვის თავისუფლების სფეროში საქართველოს მომზადების დონე ადრეულ ეტაპამდე ჩამოვიდა, რაც მომზადების ადრეულ ეტაპსა და მომზადების გარკვეულ დონეს შორის არსებული წინა მაჩვენებლის დაქვეითებას ნიშნავს. საანგარიშო პერიოდში, ზედიზედ მეორე წელია, უკუსვლა ფიქსირდება. უკრაინა და მოლდოვა მომზადების გარკვეულ და ზომიერ დონეს შორის იმყოფებიან. მეტიც, მოლდოვამ ამ მიმართულებით კარგ პროგრესს, ხოლო უკრაინამ – გარკვეულ პროგრესს მიაღწია.
- საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის შეფასება განსაკუთრებით კრიტიკული ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღმოჩნდა. ანგარიშის თანახმად, ადამიანის უფლებები საქართველოში მნიშვნელოვნად შეიზღუდა ახალი რეპრესიული კანონებისა თუ არსებულ კანონებში ცვლილებების შეტანის შედეგად, რაც არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის თანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებებს, ასევე პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას. ევროკომისია აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში ფართოდ იყო გავრცელებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში წამებას ან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უტოლდებოდა. ამასთან, თვითნებური დაკავებების, წინასწარი პატიმრობის გადაჭარბებული გამოყენებისა და მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ არაპროპორციული განაჩენის შემთხვევები ეჭვს ბადებდა სამართლიანი სასამართლო პროცესის მიმართ.
გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში (თავი 24), თუმცა სხვა სფეროების მსგავსად, საანგარიშო პერიოდში ამ მიმართულებითაც უკუსვლა დაფიქსირდა. ერთადერთი მიმართულება, სადაც საქართველოს მომზადების გარკვეული დონის პირობებში შეზღუდული პროგრესი აღენიშნა, არის სერიოზულ და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა.
შედარებისთვის, მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში მოლდოვასა და უკრაინას აქვთ მომზადების გარკვეული დონე და მიღწეული აქვთ გარკვეული პროგრესი. რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, მოლდოვა მომზადების გარკვეულ და ზომიერ დონეს შორის იმყოფება და კარგ პროგრესს მიაღწია, ხოლო უკრაინამ მომზადების გარკვეული დონის პირობებში გარკვეულ პროგრესს მიაღწია.
ეკონომიკურ კრიტერიუმთან დაკავშირებით, რომელიც ასევე გაწევრიანებისთვის ფუნდამენტურ საკითხებს განეკუთვნება, ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველო ზომიერად მომზადებულია და მიაღწია შეზღუდულ პროგრესს ფუნქციური საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებაში. შედარებისთვის, უკრაინა და მოლდოვა მომზადების გარკვეულ დონეზე იმყოფებიან და ამ მიმართულებით კარგ პროგრესს მიაღწიეს.
ამასთან, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე და მიღწეული აქვს გარკვეული პროგრესისთვის ევროკავშირის ფარგლებში კონკურენციისა და საბაზრო ძალების წნეხთან გამკლავებაში. თავის მხრივ, მოლდოვა და უკრაინა მომზადების ადრეულ ეტაპსა და გარკვეულ დონეს შორის მერყეობენ. მოლდოვამ ამ მხრივ გარკვეულ პროგრესს, ხოლო უკრაინამ – კარგ პროგრესს მიაღწია.
სახელმწიფო შესყიდვების (თავი 5), სტატისტიკა (თავი 18) და ფინანსური კონტროლის (თავი 32) სფეროში საქართველო მომზადების გარკვეულ დონეზე იმყოფება. სტატისტიკის მიმართულებით საქართველომ შეზღუდულ პროგრესს მიაღწია, ხოლო დანარჩენი ორი მიმართულებით პროგრესი არ დაფიქსირებულა. მომზადების თვალსაზრისით ანალოგიური მდგომარეობაა უკრაინასა და მოლდოვაში, თუმცა მიღწეული პროგრესის მხრივ ისინი საქართველოზე წინ არიან. კერძოდ, მოლდოვამ კარგ პროგრესს მიაღწია სტატისტიკისა და ფინანსური კონტროლის, ხოლო გარკვეულ პროგრესს – სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით. თავის მხრივ, უკრაინამ შეზღუდულ პროგრესს მიაღწია სახელმწიფო შესყიდვებში, გარკვეულ პროგრესს – სტატისტიკაში, ხოლო კარგ პროგრესს – ფინანსური კონტროლის უზრუნველყოფაში.
ევროკავშირის შეფასებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, გაფართოების ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით სერიოზული, უპრეცედენტო უკუსვლა აღინიშნა. საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინამ და მოლდოვამ ამ მიმართულებით გარკვეული ტიპის (შეზღუდულ, გარკვეულ, ზომიერ თუ კარგ) პროგრესს მიაღწიეს. ეკონომიკურ კრიტერიუმთან დაკავშირებით, მომზადების მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის პირობებში, საქართველოს ან შეზღუდული პროგრესი ჰქონდა, ან პროგრესისთვის საერთოდ არ მიუღწევია, მაშინ როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ ამ მიმართულებითაც საგრძნობი შედეგები აჩვენეს.
როგორც უკვე აღინიშნა, ყველა ზემოხსენებული სფერო გაწევრიანებისთვის ფუნდამენტურ საკითხებს განეკუთვნება. ევროკავშირისთვის გაწევრიანების პროცესში კი ფუნდამენტური კრიტერიუმების დაკმაყოფილება საკვანძო საკითხია და აღნიშნულ ნაწილში პროგრესის არარსებობა და მით უფრო უკუსვლა – სხვა ბლოკებში საუკეთესო შედეგების შემთხვევაშიც – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის.
გაწევრიანების მოლაპარაკებები მთლიანად ბლოკების (და არა კონკრეტული თავების) მიხედვით იხსნება და იხურება მაშინ, როდესაც ქვეყანა კონკრეტულ ბლოკში ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვდება. მოლაპარაკებების პროცესი პირველი ბლოკით, ანუ ფუნდამენტური საკითხებით იწყება და პროცესის ბოლოს იხურება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფუნდამენტური საკითხების ბლოკში მიღწეული პროგრესი მოლაპარაკებების საერთო ტემპს და წინსვლას განსაზღვრავს.
1993 წელს ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა გაწევრიანების კრიტერიუმები (იგივე კოპენჰაგენის კრიტერიუმები), რომლებიც ყველა კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს, რათა ევროკავშირის წევრი გახდეს. ესენია:
- პოლიტიკური კრიტერიუმი – ინსტიტუტების სტაბილურობა, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას;
- ეკონომიკური კრიტერიუმი – ფუნქციური საბაზრო ეკონომიკა და უნარი, გაუმკლავდეს ევროკავშირში არსებულ კონკურენციისა და საბაზრო ძალების ზეწოლას;
- სამართლებრივი კრიტერიუმი – წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების აღების უნარი, მათ შორის იმ წესების, სტანდარტებისა და პოლიტიკების ეფექტური აღსრულების შესაძლებლობა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობას შეადგენს, ასევე პოლიტიკური, ეკონომიკური და მონეტარული მიზნებისადმი ერთგულება.
ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია სამივე კრიტერიუმის დაკმაყოფილება. რომელიმე კრიტერიუმთან მიმართებით ფუნდამენტური გამოწვევების არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. აქედან გამომდინარე, მტკიცება თითქოს ეკონომიკური ზრდის ტემპით მოწინავე საქართველო ევროკავშირის წევრობას სხვა კანდიდატ ქვეყნებზე მეტად იმსახურებს, იმთავითვე შეცდომაში შემყვანია. სწორედ დემოკრატიული განვითარების სულისკვეთებას და მიღწეულ პროგრესს გულისხმობს ევროკავშირის ელჩი, როდესაც ამბობს, რომ მოლდოვა და უკრაინა საქართველოზე წინ არიან. გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის თქმით კი, როდესაც საქართველოს მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ეუბნება, რომ ისინი ევროკავშირისკენ მიჰყავს, სინამდვილეში მათ ევროკავშირს აშორებს.
მეტიც, ეკონომიკურ კრიტერიუმში პროგრესი მხოლოდ ზრდის ტემპით არ განისაზღვრება და აქ დიდი მნიშვნელობა როგორც საბაზრო ეკონომიკის მდგრადობას, ისე ზოგადად ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობას ენიჭება. შესაბამისად, შთამბეჭდავი მაჩვენებლების მიუხედავად, რაც ასახულია კიდეც ანგარიშში, ევროკომისიამ არ ჩათვალა, რომ საქართველომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამგვარი შეფასება უპირველეს ყოვლისა განპირობებულია არასტაბილური პოლიტიკური ვითარების გამო არსებული რისკებით, რაც უარყოფითად აისახება საბაზრო ეკონომიკის მდგრადობაზე, ასევე არასაკმარისი რეფორმებით, რაც მათ შორის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხს უკავშირდება.
როგორ აფასებს ევროკომისია საქართველოს მხრიდან 9 ნაბიჯის შესრულებას?
აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის 8 ნოემბერს, როდესაც ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია, მან საქართველოსთვის ცხრა ნაბიჯი განსაზღვრა, რომლებიც ძირითადად დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით, ანუ ფუნდამენტურ სფეროებში განსახორციელებელ რეფორმებს ეხებოდა. ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ცხრა ნაბიჯის შესრულების პროცესში პროგრესის მიღწევის შემთხვევაში, საქართველო გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე გადავიდოდა, რაც ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას გულისხმობს.
შესაბამისად, გაფართოების პაკეტის ფარგლებში ევროკომისია საქართველოს მიერ ცხრა ნაბიჯის შესრულების მდგომარეობასაც აფასებს. 2025 წლის ანგარიშის თანახმად, ცხრიდან რვა ნაბიჯში საქართველოს უკუსვლა ან სერიოზული უკუსვლა ჰქონდა. მე-8 ნაბიჯთან დაკავშირებით, რომელიც დეოლიგარქიზაციას ითვალისწინებს, არავითარი პროგრესი არ ყოფილა.
სწორედ ამიტომ გაფართოების ანგარიშში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოში არსებითი უკუსვლისა და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესრულების აუცილებლობის გათვალისწინებით, ანგარიში მხოლოდ ფუნდამენტურ საკითხებზეა ფოკუსირებული და მათ მიღმა თავებისთვის რეკომენდაციებს არ გასცემს.
ფუნდამენტურ საკითხზე უკუსვლაზე ევროკომისიის კომუნიკაციის დოკუმენტიც ამახვილებს ყურადღებას და სახელმწიფოს მიტაცებაზე პირდაპირ საუბრობს. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში „შეინიშნებოდა სერიოზული უკუსვლა ყველა მიმართულებით ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით – ეს იყო ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ძირგამომთხრელი რეპრესიული კანონმდებლობის მიღება, სასამართლო სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, ოპოზიციის ლიდერების დევნა, საპროტესტო აქციებში მონაწილეების და ჟურნალისტების უსაფუძვლო დაპატიმრებები და სამოქალაქო სივრცის შევიწროება, კონტროლისა და ბალანსის პრინციპის და დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების პროცესის რღვევამ, ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობის არარსებობასთან ერთად, გამოიწვია აღმასრულებელი ხელისუფლების გაძლიერება, მათ შორის სახელმწიფოს მიტაცება“.
ევროკომისია იმეორებს ევროპული საბჭოს 2024 წლის გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ევროინტეგრაციის პროცესის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია, და იქვე დასძენს, რომ „საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი შერჩა“.
მეტიც, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტში გაფართოების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ „ეს არის გაფართოების ისტორიაში ყველაზე უარყოფითი ანგარიში კანდიდატი ქვეყნისთვის”. მისივე თქმით, „რეფორმების თვალსაზრისით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა გამოირჩა“, ხოლო „საქართველო ჯერ ისევ არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ ევროკომისიისთვის ეს მხოლოდ ქაღალდზეა“.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შედარება დანარჩენი (არა ფუნდამენტური) ბლოკებისა და თავების მიხედვით მოცემულია ცხრილის სახით:
| საქართველო | მოლდოვა | უკრაინა | ||||
| მომზადების დონე | მიღწეული პროგრესი |
მომზადების დონე | მიღწეული პროგრესი |
მომზადების დონე | მიღწეული პროგრესი |
|
| მე-2 ბლოკი: ერთიანი ბაზარი | ||||||
| საქონლის თავისუფალი გადაადგილება (თავი 1) |
გარკვეული დონე |
პროგრესის არარსებობა | ზომიერად მომზადებული |
გარკვეული პროგრესი |
ზომიერად მომზადებული |
გარკვეული პროგრესი |
| სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილება (თავი 2) |
ადრეული ეტაპი |
პროგრესის არარსებობა | გარკვეული დონე |
კარგი პროგრესი |
ადრეული ეტაპი |
შეზღუდული პროგრესი |
| მომსახურების გაწევის თავისუფლება (თავი 3) |
ზომიერად მომზადებული |
პროგრესის არარსებობა | გარკვეული დონე |
კარგი პროგრესი |
გარკვეული დონე |
შეზღუდული პროგრესი |
| კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა (თავი 4) | ზომიერად მომზადებული |
პროგრესის არარსებობა | ზომიერად მომზადებული | კარგი პროგრესი |
გარკვეულ და ზომიერ დონეს შორის |
გარკვეული პროგრესი |
| სამეწარმეო სამართალი
(თავი 6) |
გარკვეული დონე |
პროგრესის არარსებობა | გარკვეული დონე |
კარგი პროგრესი |
გარკვეული დონე |
შეზღუდული პროგრესი |
| ინტელექტუალური საკუთრების სამართალი (თავი 7) |
გარკვეული დონე |
შეზღუდული პროგრესი | ზომიერად მომზადებული |
გარკვეული პროგრესი |
გარკვეული დონე |
გარკვეული პროგრესი |
| კონკურენციის პოლიტიკა (თავი 8) | ადრეულ ეტაპსა და გარკვეულ დონეს შორის |
პროგრესის არარსებობა | გარკვეული დონე |
გარკვეული პროგრესი |
გარკვეული დონე |
შეზღუდული პროგრესი |
| ფინანსური სერვისები
(თავი 9) |
გარკვეული დონე |
პროგრესის არარსებობა | გარკვეული დონე |
გარკვეული პროგრესი |
გარკვეული დონე |
გარკვეული პროგრესი |
| მომხმარებელთა და ჯანმრთელობის დაცვა (თავი 28) |
გარკვეული დონე |
შეზღუდული პროგრესი | გარკვეულ და ზომიერ დონეს შორის |
გარკვეული პროგრესი |
გარკვეულ და ზომიერ დონეს შორის |
კარგი პროგრესი |
| მე-3 ბლოკი: კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა | ||||||
| ციფრული ტრანსფორმაცია და მედია (თავი 10) |
გარკვეული დონე |
პროგრესის არარსებობა | გარკვეული დონე |
კარგი პროგრესი |
ზომიერ და კარგ დონეს შორის |
გარკვეული პროგრესი |
| გადასახადები (თავი 16) | გარკვეულ და ზომიერ დონეს შორის |
შეზღუდული პროგრესი | გარკვეული დონე |
კარგი პროგრესი |
გარკვეული დონე |
კარგი პროგრესი |
| ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა (თავი 17) |
ზომიერად მომზადებული |
შეზღუდული პროგრესი | გარკვეული დონე |
გარკვეული პროგრესი |
ზომიერად მომზადებული |
გარკვეული პროგრესი |
| სოციალური პოლიტიკა და დასაქმება (თავი 19) |
გარკვეული დონე |
პროგრესის არარსებობა | გარკვეულ და ზომიერ დონეს შორის |
კარგი პროგრესი |
ადრეული ეტაპი |
გარკვეული პროგრესი |
| საწარმოო და ინდუსტრიული პოლიტიკა (თავი 20) |
ზომიერად მომზადებული |
პროგრესის არარსებობა | გარკვეული დონე |
გარკვეული პროგრესი |
გარკვეულ და ზომიერ დონეს შორის |
გარკვეული პროგრესი |
| მეცნიერება და კვლევა (თავი 25) |
ზომიერად მომზადებული |
შეზღუდული პროგრესი | ზომიერად მომზადებული |
კარგი პროგრესი |
ომიერად მომზადებული |
კარგი პროგრესი |
| განათლება და კულტურა (თავი 26) | ზომიერად მომზადებული |
შეზღუდული პროგრესი | ზომიერად მომზადებული |
კარგი პროგრესი |
გარკვეულ და ზომიერ დონეს შორის |
კარგი პროგრესი |
| საბაჟო კავშირი (თავი 29) | ზომიერად მომზადებული |
შეზღუდული პროგრესი | კარგი დონე | კარგი პროგრესი |
კარგი დონე | კარგი პროგრესი |
| მე-4 ბლოკი: მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი დაკავშირებადობა | ||||||
| ტრანსპორტის პოლიტიკა (თავი 14) | გარკვეული დონე |
გარკვეული პროგრესი |
გარკვეულ და ზომიერ დონეს შორის |
გარკვეული პროგრესი |
გარკვეული დონე |
გარკვეული პროგრესი |
| ენერგეტიკა (თავი 15) | გარკვეული დონე |
შეზღუდული პროგრესი | ზომიერ და კარგ დონეს შორის |
ძალიან კარგი პროგრესი | კარგი დონე | გარკვეული პროგრესი |
| ტრანს-ევროპული ქსელი (თავი 21) | გარკვეული დონე |
შეზღუდული პროგრესი | გარკვეული დონე |
გარკვეული პროგრესი |
გარკვეული დონე |
გარკვეული პროგრესი |
| გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება (თავი 27) |
ადრეული ეტაპი |
შეზღუდული პროგრესი | ადრეულ ეტაპსა და გარკვეულ დონეს შორის |
გარკვეული პროგრესი |
გარკვეული დონე |
კარგი პროგრესი |
| მე-5 ბლოკი: რესურსები და სოფლის მეურნეობა | ||||||
| სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება (თავი 11) |
ადრეული ეტაპი |
შეზღუდული პროგრესი | ადრეულ ეტაპსა და გარკვეულ დონეს შორის |
გარკვეული პროგრესი |
ადრეულ ეტაპსა და გარკვეულ დონეს შორის |
კარგი პროგრესი |
| სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია, ფიტოსანიტარია (თავი 12) |
გარკვეული დონე |
გარკვეული პროგრესი |
ზომიერად მომზადებული |
გარკვეული პროგრესი |
ზომიერად მომზადებული |
გარკვეული პროგრესი |
| მეთევზეობა და აკვაკულტურა (თავი 13) |
გარკვეული დონე |
შეზღუდული პროგრესი | ზომიერად მომზადებული |
კარგი პროგრესი |
გარკვეული დონე |
გარკვეული პროგრესი |
| რეგიონული პოლიტიკა და სტრუქტურული ინსტრუმენტების კოორდინაცია (თავი 22) |
ადრეულ ეტაპსა და გარკვეულ დონეს შორის |
პროგრესის არარსებობა | ზომიერად მომზადებული |
გარკვეული პროგრესი |
გარკვეული დონე |
გარკვეული პროგრესი |
| ფინანსური და საბიუჯეტო დებულებები (თავი 33) |
ადრეული ეტაპი |
პროგრესის არარსებობა | ადრეულ ეტაპსა და გარკვეულ დონეს შორის |
გარკვეული პროგრესი |
ადრეული ეტაპი |
გარკვეული პროგრესი |
| მე-6 ბლოკი: საგარეო ურთიერთობები | ||||||
| საგარეო ურთიერთობები (თავი 30) | ზომიერად მომზადებული |
პროგრესის არარსებობა | ზომიერად მომზადებული |
გარკვეული პროგრესი |
კარგი დონე | შეზღუდული პროგრესი |
| საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა (თავი 31) | გარკვეულ და ზომიერ დონეს შორის |
უკუსვლა | კარგი დონე | კარგი პროგრესი |
კარგი დონე | კარგი პროგრესი |
როგორც ამ ცხრილიდანაც ჩანს, საქართველოს მთელი რიგი მიმართულებებით პროგრესისთვის არ მიუღწევია, რამდენიმე მიმართულებით მხოლოდ შეზღუდული ან გარკვეული პროგრესი აქვს, ხოლო საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში უკუსვლა ფიქსირდება. მოლდოვასა და უკრაინაში კი უკლებლივ ყველა მიმართულებით გარკვეული ტიპის წინსვლა, ზოგჯერ – კარგი პროგრესიც ფიქსირდება.







