2025 წლის 6 ნოემბერს ტელეკომპანია „პოსტივიმ“ საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი აღწერით „ევროტყუილების მხილება“, სადაც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშიდან საქართველოს შესახებ ციტატა არის მოყვანილი – „ეუთო/ოდირი დროულად არ მოიწვია ხელისუფლებამ, რამაც ძირი გამოუთხარა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და არ არსებობდა სანდო საერთაშორისო მონიტორინგი“. საპასუხოდ, „პოსტივი“ წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირი არჩევნებამდე 1 თვით ადრე მოიწვია, რაც საკმარისად ადრე იყო, ვინაიდან, „პოსტივის“ მტკიცებით, „იგივე დროში მისია გაიგზავნა ჩეხეთში, უფრო ნაკლებ დროში 2008 წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებამდე“. გარდა ამისა, „პოსტივი“ ამტკიცებს, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები „მაღალ დონეზე“ შეაფასა – „ეუთო/ოდირის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მაღალ დონეზე შეფასების მიუხედავად, ევროკავშირმა არ გაიზიარა მისიის დასკვნა“. ინფორმაცია 2025 წლის ოქტომბერში ჩეხეთში, ხოლო 2008 წლის იანვარში საქართველოში ეუთო/ოდირის მისიის 1 თვით ადრე მოწვევაზე მნიშვნელოვანი კონტექსტის გარეშე არის წარმოდგენილი, ხოლო მტკიცება, თითქოს ეუთო/ოდირმა საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების „მაღალ დონეზე“ შეაფასა, რაც ევროკავშირმა არ გაიზიარა, ტყუილია.

2025 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების პაკეტი გამოაქვეყნა, რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, შეფასების ანგარიშებისგან შედგება. საქართველოს შესახებ ანგარიშში შეფასებულია 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები – „2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის, ფიზიკური დაპირისპირების, დაშინების, დაპატიმრებების, ასევე ოპოზიციური პარტიების, აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დამკვირვებელთა ჯგუფების მიმართ მტრული რიტორიკის ფონზე ჩატარდა. არჩევნებს ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და აქტივობა შედარებით დაბალი დაფიქსირდა. საარჩევნო კანონმდებლობაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეტანილმა ცვლილებებმა, განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიან დევნასთან ერთად, მკვეთრად შეამცირა კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია დროულად არ მოიწვია. ეუთო/ოდირმა დაგვიანებულ მოწვევაზე უარი თქვა იმ ახსნა-განმარტებით, რომ საქართველოს მხრიდან არჩევნებამდე ერთ თვეზე ადრე გაგზავნილი მოთხოვნა შეუძლებელს ხდიდა სანდო და შინაარსიან დაკვირვებას. გარდა ამისა, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების უმეტესობას არ შეეძლო სადამკვირვებლო მისიების განთავსება, ძირითადად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის არჩევნებზე მომუშავე ორგანიზაციების მიმართ მიმდინარე რეპრესიების გამო“.
ეუთო/ოდირის მისია ჩეხეთის 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებზე
2025 წლის 18 ივნისს ირაკლი კობახიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას არ მოიწვევდა. მისი მტკიცებით, თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის პრაქტიკა არ არსებობს და „ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით“. ეუთო/ოდირის გარეშე ადგილობრივი არჩევნები 2014 წელს ჩატარდა. მისია აკვირდებოდა 2006, 2010, 2017 და 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებს. 7 ივლისს ეუთო/ოდირმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც სინანული გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების „გაცხადებული განზრახვის“ გამო, არ მოიწვიოს სადამკვირვებლო მისია, თუმცა იქვე დაადასტურა საქართველოში არჩევნების დაკვირვებისთვის მზადყოფნა, თუ ხელისუფლება მას მოწვევის წერილით დროულად მიმართავს. საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია და საერთაშორისო სუბიექტები ეუთო/ოდირის შარშანდელ დასკვნას აღიარებენ, „შეიძლება ჩვენ ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით“, თუმცა 13 აგვისტოს ეუთო/ოდირის პრესსამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა, რომ „ეფექტური სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებისა და დამკვირვებლების განლაგებისთვის დარჩენილი შეზღუდული დროის გათვალისწინებით, ოდირს აღარ შეუძლია ჩაატაროს ყოვლისმომცველი და შინაარსიანი არჩევნების დაკვირვება“. მოგვიანებით, 18 აგვისტოს, როდესაც ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა რეგისტრაცია უკვე გაიარეს, მამუკა მდინარაძემ თქვა: „სულერთიას პოზიციაზე ვართ… არ ვგეგმავთ [მიმართვას] და არც ის მომენტი არ გვაქვს, რომ არ დავგეგმოთ. შეიძლება მოვიწვიოთ, შეიძლება – არა“.
6 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ გამოსვლისას აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირს მოწვევის წერილით მიმართა, მაგრამ 9 სექტემბერს ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანმა განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ასეთ გვიან ეტაპზე მოგვიწვიონ, ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის, ოდირი ვერ შეძლებს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას“. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას ოდირმა არაერთხელ გაუსვა ხაზი დროული მოწვევის მნიშვნელობას სანდო და ყოვლისმომცველი არჩევნების დაკვირვების უზრუნველსაყოფად. საპასუხოდ, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ნინო წილოსანი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ ეუთო/ოდირის გადაწყვეტილების რეალური მიზეზი მის მიმართ ოპოზიციის თავდასხმები გახდა, ხოლო ვადები ფორმალურ მიზეზად დასახელდა.
13-14 სექტემბერს „იმედმა“, „რუსთავი 2-მა“, „აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, ასევე ონლაინ მედია ნიუსჰაბმა“, „ინფო 9-მ“, „პრაიმ ტაიმმა“ და სხვებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „ეუთო/ოდირი სკანდალში ეხვევა“, რადგან საქართველოს მიერ 6 სექტემბერს გაგზავნილ მოწვევაზე უარის ფონზე, ეუთო/ოდირი ჩეხეთში 3-4 ოქტომბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებოდა, რომელზე მიწვევაც 2 სექტემბერს მიიღო. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ და მასთან დაკავშირებული ჯგუფების წევრები. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ეუთო/ოდირის გადაწყვეტილება „დიფ სტეიტის“ წნეხს დაუკავშირა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ კი ეუთო/ოდირი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. გოგა ხაინდრავამ ეუთო/ოდირს „სამარცხვინო ევრო-ინსტიტუტი“, ხოლო „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა „დიფ სთეიტის“ ინსტრუმენტი უწოდა.
რეალურად, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და ჩეხეთს საპარლამენტო არჩევნების შედარება ეუთო/ოდირის მისიის კონტექსტში მანიპულაციურია. პირველ რიგში, ჩეხეთის შემთხვევაში, მისიის მოწვევის შესახებ ბუნდოვანება არ არსებობდა, ხოლო საქართველოში ჯერ კიდევ აგვისტოში „ქართული ოცნების“ წევრები ამბობდნენ, რომ მისიის მოწვევის აუცილებლობა არ იყო. ამავდროულად, ჩეხეთში საჭიროებების შეფასების მისიამ (Needs Assessment Mission) დაადგინა, რომ არჩევნებზე ეფექტური დაკვირვებისთვის საჭირო იყო არჩევნების შეფასების მისია (Election Assessment Mission), რომელიც 2-3 კვირით ადრე იგზავნება, საქართველოსთვის განსაზღვრული საარჩევნო დაკვირვების მისია (Election Observation Mission) კი 6-8 კვირით ადრე იგზავნება.
1990 წელს მიღებული ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტით, ეუთო/ოდირს წევრი/სახელმწიფოებისგან არჩევნებზე დაკვირვების მუდმივმოქმედი მოწვევა (standing invitation) აქვს, რაც ნიშნავს, რომ ფორმალურად, დაკვირვების მიზნებისთვის მას დამატებითი მოწვევა აღარ სჭირდება. თუმცა, ეუთოში ჩამოყალიბებული პრაქტიკის შესაბამისად, „წევრი სახელმწიფოები ოდირს დროულად უგზავნიან წერილობით მოწვევას, რათა კიდევ ერთხელ დაადასტურონ საკუთარი ვალდებულება და მზაობა, საერთაშორისო დამკვირვებლებს უმასპინძლონ“. ვინაიდან ჩეხეთის ხელისუფლებას არ გაუკეთებია განცხადება, რაც მიანიშნებდა, რომ არ აპირებდა ეუთო/ოდირის მოწვევას, მუდმივმოქმედი მოწვევის საფუძველზე, ოფიციალური მოწვევის მოლოდინში (in anticipation of an invitation), საჭიროებების შეფასების მისია წინსწრებით, 2025 წლის მაისში განხორციელდა. შედეგად, ეუთო/ოდირს ოფიციალურ მიწვევამდე მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებული ჰქონდა და მისიის დასაკომპლექტებლად ვაკანსიები უკვე აგვისტოში ჰქონდა გამოცხადებული. ეუთო/ოდირის პრეს-სპიკერმა კატია ანდრუშმა ასევე განაცხადა, რომ საჭიროებების შემფასებელი მისიის ვიზიტიდან ოფიციალური მოწვევის გაგზავნამდე პერიოდში, ანუ 30 მაისიდან 2 სექტემბრამდე, ჩეხეთის მთავრობა ეუთო/ოდირთან აქტიურ თანამშრომლობას ინარჩუნებდა.
ყოველივე ამისგან განსხვავებით, როგორც უკვე აღინიშნა, ირაკლი კობახიძემ ივნისში განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ეუთო/ოდირის მოწვევას არ აპირებდა. ამავდროულად, ეუთო/ოდირის მიერ 9 სექტემბერს გაკეთებული განცხადებისგან, რომლის მიხედვითაც „ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას ოდირმა არაერთხელ გაუსვა ხაზი დროული მოწვევის მნიშვნელობას“, გამომდინარეობს, რომ ოდირთან კომუნიკაციისას ხელისუფლებას მისიის მოწვევის გეგმაზე არ აცნობა. აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის განცხადებების საფუძველზე, ეუთო/ოდირს მოსამზადებელი სამუშაოები ოფიციალური წერილის მიღებამდე არ დაუწყია და ჯერ კიდევ 13 აგვისტოს, ოფიციალური მიწვევის მიღებამდე თითქმის ერთი თვით ადრე განაცხადა, რომ “ეფექტური სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებისა და დამკვირვებლების განლაგებისთვის დარჩენილი შეზღუდული დროის გათვალისწინებით, ოდირს აღარ შეუძლია ჩაატაროს ყოვლისმომცველი და შინაარსიანი არჩევნების დაკვირვება”. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველომ ეუთო/ოდირს მოწვევის წერილით ჯერ კიდევ აპრილში მიმართა; 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთო/ოდირს წერილი 12 თებერვალს გაუგზავნა.
ეუთო/ოდირის 2025 წლის მაისში საჭიროებების შეფასების მისიამ ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეკომენდაცია გაუწია არჩევნების შეფასების მისიის (Election Assessment Mission) გაგზავნას. ეუთო/ოდირის მიერ არჩევნებზე დაკვირვების პროცედურების და მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, რომ არჩევნების შეფასების მისია (EAM) „როგორც წესი, დაახლოებით ათამდე ანალიტიკოსისგან შედგება, რომლებიც ქვეყანას და მის ზოგიერთ რეგიონს დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, არჩევნების დღის ჩათვლით, სტუმრობენ. თუმცა, არჩევნების შეფასების მისიის ფორმატი და მასშტაბი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომ მისიის ზომა, შემადგენლობა და ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს მისიის მიხედვით“. „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც ტელეკომპანიის კითხვაზე ეუთო/ოდირის პრეს-სპიკერის განმარტება ჩანს, ვკითხულობთ, რომ „ოდირის დაკვირვების მეთოდოლოგიის შესაბამისად, არჩევნების შეფასების მისიის გაგზავნა არჩევნების დღიდან 2-3 კვირით ადრე ხდება“.
იმავე წერილში პრეს-სპიკერი განმარტავს, რომ „საქართველოსთვის არჩევნების დაკვირვების ფორმატად განსაზღვრული იყო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია (Election Observation Mission) (ჩვენი დაკვირვების ფორმატი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე). ჩვენი ყოვლისმომცველი, მიუკერძოებელი და სისტემური მეთოდოლოგიის შესაბამისად, საარჩევნო სადამკვირვებლო მისია იგზავნება არჩევნების დღემდე 6-8 კვირით ადრე” („ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალური მოწვევა 4 კვირით ადრე გაგზავნა). ის, რომ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიისთვის სტანდარტულად არჩევნებამდე 6-8 კვირა არის განსაზღვრული, აღნიშნულია ეუთო/ოდირის სახელმძღვანელოში. იქვე პრეს-სპიკერი დასძენს: „ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ჩეხეთის ხელისუფლება მუდმივად გამოთქვამდა ჩვენი მოწვევის მზადყოფნას და დაკვირვებაზე თანხმობას, საქართველოს ხელისუფლება კი რამდენიმე კვირის განმავლობაში აცხადებდა მისი განზრახვის შესახებ არ გაეგზავნა მოწვევა ოდირისთვის“.
ეუთო/ოდირის მისია 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე
„პოსტივის“ მიერ გამოქვეყნებულ ფოტოში ვკითხულობთ, რომ 2008 წლის იანვარში, საქართველოში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისია ერთ თვეზე ნაკლებ დროში ჩამოვიდა. იგივე მტკიცებას სექტემბერში ავრცელებდნენ შალვა პაპუაშვილი და ლევან მაჭავარიანი, „ქართული ოცნების“ სხვა წევრებთან და სამთავრობო მედიებთან ერთად.
2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლების მიერ პარლამენტის წინ მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევის შემდეგ, 2008 წელს, 5 იანვარს საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა. 8 ნოემბერს, ვადამდელი არჩევნების გამოცხადებისას, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმთავითვე მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, მოავლინონ მაქსიმალურად ბევრი დამკვირვებელი. „ეს იქნება ყველაზე დემოკრატიული, ყველაზე თავისუფალი, ყველაზე გამჭვირვალე არჩევნები… მე მინდა ახლავე მოვუწოდო საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო ინსტიტუტებს, მოავლინონ მაქსიმალურად ბევრი დამკვირვებელი“, – განაცხადა მან. ეს განცხადება მათ შორის ეუთო/ოდირისთვისაც ერთგვარი სიგნალი იყო, რათა ოფიციალურ მოწვევამდე შესაბამისი პროცედურები დაეწყო.
სააკაშვილის განცხადებიდან მალევე, 20-21 ნოემბერს საქართველოში ეუთო/ოდირის საჭიროებების შემფასებელი მისია (Needs Assessment Mission) განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირის არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელოს თანახმად, საჭიროებების შემფასებელი მისია ოფიციალურ მოწვევას არ საჭიროებს და ის შეიძლება მის მიღებამდეც ჩატარდეს, თუკი წინასწარი ინფორმაციით, ეუთო/ოდირი არჩევნებს უნდა დააკვირდეს. შემფასებელმა მისიამ საკუთარ ანგარიშშიც აღნიშნა, რომ მისი მივლენა საქართველოში წინსწრებით, ფორმალური მოწვევის მოლოდინში (with a view to a formal invitation) დაიგეგმა. ამავე ანგარიშის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჭიროებების შემფასებელ მისიას აცნობა, რომ არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, ხელისუფლება აპირებს, მოწვევის წერილით მიმართოს ეუთო/ოდირს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროპარლამენტსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, ასევე ეროვნული პარლამენტებსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს და მოუწოდოს მათ, დამკვირვებელთა მაქსიმალური რაოდენობა გამოაგზავნონ.
ოფიციალური მოსაწვევი ეუთო/ოდირს 26 ნოემბერს, ანუ 40 დღით ადრე გაეგზავნა, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, სადამკვირვებლო მისიის მოწვევის თაობაზე საჯარო კომუნიცირება ვადამდელი არჩევნების გამოცხადებისთანავე მოხდა. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია მუშაობას 5 დეკემბერს, არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე შეუდგა, მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ეუთო/ოდირს 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფორმალური წერილით მხოლოდ 6 სექტემბერს მიმართა, ყოველგვარი წინასწარი კომუნიკაციის გარეშე და როგორც ზემოთ არის აღწერილი, მისიის მოწვევაზე საჯაროდ უარს აცხადებდა.
აქედან გამომდინარე, 2008 წლის ვადამდელი არჩევნებისთვის, ეუთო/ოდირის მოწვევის შესახებ კომუნიკაცია არა ერთი თვით ადრე ფორმალური წერილის გაგზავნით, არამედ ორი თვით ადრე, არჩევნების გამოცხადებისთანავე, საჯარო კომუნიკაციით დაიწყო, რამაც ეუთო/ოდირს მისცა საჭიროებების შეფასების მისიის გამოგზავნის და წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების საშუალება. ამისგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ ოფიციალური წერილის გაგზავნამდე აცხადებდა, რომ ეუთო/ოდირის მოწვევას არ აპირებდა. ამის გამო ეუთო/ოდირს სამზადისი არ დაუწყია. შესაბამისად, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედარება ეუთო/ოდირის მოწვევის კონტექსტში, მანიპულაციურია.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნა
პირველ რიგში, „პოსტივის“ მტკიცება, რომ ევროკომისიამ არ გაიზიარა ეუთო/ოდირის დასკვნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, არის ტყუილი. ევროკომისიის გაფართოების დოკუმენტი საქართველოს შესახებ სწორედ ეუთო/ოდირის დასკვნას ციტირებს. ევროკომისიის დოკუმენტში ვკითხულობთ – „ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში ნათქვამია, რომ მრავალრიცხოვანმა ხარვეზებმა უარყოფითად იმოქმედა არჩევნების მთლიანობაზე და შეარყია საზოგადოების ნდობა პროცესის მიმართ. არჩევნები ჩატარდა დაძაბულ და ძლიერ პოლარიზებულ გარემოში, სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც ეხებოდა ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოების მუშაობაზე შეზღუდულ კანონმდებლობას. საარჩევნო კამპანიის დროს ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ზეწოლის შესახებ. ამ გარემოებამ, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ინტენსიურ აღრიცხვასთან ერთად, გამოიწვია შეშფოთება იმის თაობაზე, შეძლებდა თუ არა, ზოგიერთი ამომრჩეველი ხმის მიცემას. პოლარიზებული მედიაგარემო და კერძო მედიასაშუალებების პოლიტიკური პროპაგანდის მიზნით ინსტრუმენტალიზაცია ზეგავლენას ახდენდა ახალი ამბების მიუკერძოებლად გაშუქებაზე, რაც ამომრჩევლებს ხელს უშლიდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. წინასაარჩევნო კამპანიის ფინანსების ზედამხედველობის გამჭვირვალობა და ეფექტურობა შეზღუდული იყო საკანონმდებლო ხარვეზებისა და საკანონმდებლო ნორმების არაერთგვაროვანი აღსრულებით, რომელსაც 2023 წლიდან, ახალ შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო (ACB). ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მონაცემებით, არჩევნების შემდგომი საჩივრების და სარჩელების განხილვის პროცესმა საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების მიერ, შეზღუდა სათანადო სამართლებრივი პროცესის უფლება, ვერ უზრუნველყო ეფექტიანი სამართლებრივი დაცვა და სრულყოფილად არ უპასუხა არჩევნების შედეგების სანდოობასთან დაკავშირებულ ფართოდ გავრცელებულ შეშფოთებას“. ყოველივე ეს ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში არის ასახული.
ზემოთ მოყვანილი შეფასება, რომელიც გვხვდება ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში და რომელსაც ციტირებს ევროკომისია, ცხადყოფს, რომ ეუთო/ოდირს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები „მაღალ დონეზე“ არ შეუფასებია. მართალია, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული არჩევნების ტექნიკური ადმინისტრირება როგორც მომზადების პროცესში, ისე უშუალოდ არჩევნების დღეს. თუმცა, ანგარიშში დაფიქსირებულია რიგი არსებითი დარღვევები, რაც მისიის შეფასებითვე, უარყოფითად აისახა საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე და საზოგადოების ნდობაზე. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ოუენ მერფიმ პირდაპირ განაცხადა, რომ „ანგარიშში ასახულმა მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეარყია“.
ამავდროულად, წინასწარი ანგარიშისგან განსხვავებით, სადაც მისია აღნიშნავს, რომ „წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში, მაგრამ ნაკლებად ინტენსიურად მიმდინარეობდა“, საბოლოო ანგარიშში სიტყვა „კონკურენტული“ აღარ გვხვდება.
ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ საქართველოში შექმნილი საკანონმდებლო ჩარჩო ზოგადად, „ადეკვატურ ბაზას იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად“, თუმცა უკანასკნელ პერიოდში, მათ შორის, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ფართო პარტიათაშორისი კონსენსუსის გარეშე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები შეშფოთებას იწვევს კანონმდებლობის პოლიტიკური სარგებლისთვის პოტენციური გამოყენების გამო, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის ხარისხს.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ხმის ფარულობის კომპრომეტირების ხშირ შემთხვევებზე. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ხმის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო დაკვირვების შემთხვევათა 24%-ში საარჩევნო ყუთში ბიულეტენის მოთავსების პროცესის, 12%-ში მონიშვნის, ხოლო 7%-ში საარჩევნო უბნის არასათანადო განლაგების გამო. ეუთო/ოდირთან დამატებითი კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ხმის ფარულობის კომპრომეტირების სხვადასხვა ფორმის გათვალისწინებით, ჯამში დაკვირვების 30%-ზე მეტ შემთხვევაში ხმის ფარულობასთან დაკავშირებული პრობლემები დაფიქსირდა. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ საშუალოდ ყოველი მესამე ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლება, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით, უზრუნველყოფილი არ იყო.
ანგარიშში საუბარია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის, ასევე მოწყვლადი ჯგუფების დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ სანდო ინფორმაციაზე, რამაც შეზღუდა არჩევანის თავისუფალი, შურისძიების შიშის გარეშე გაკეთების უფლება. ეუთო/ოდირის სტატისტიკის თანახმად, ხელისუფლების ზემოხსენებულ ქმედებებს პოტენციურად ჯამში 642,000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის მოხდენა შეეძლო.
ანგარიშის თანახმად, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებთან არსებული დაძაბულობისა და ფიზიკური დაპირისპირების, ამომრჩეველთა დაშინებისა და მათზე ზეწოლის, ასევე ხმის ფარულობის ხშირი დარღვევის შემთხვევებთან ერთად, არათანმიმდევრულად იყო დაცული მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურა, როგორიცაა ამომრჩეველთა თითებზე მარკირება. ის რეგულარულად არ მოწმდებოდა ან საერთოდ არ ხდებოდა.
ანგარიშში ხაზგასმულია საჩივრების არასათანადო განხილვა, რამაც სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების უფლება შეზღუდა. კერძოდ, სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა და დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა 1203 საჩივარი შეიტანეს, რომელთა უმრავლესობა საოლქო საარჩევნო კომისიებმა, ზედაპირული შესწავლის შემდეგ არ დააკმაყოფილეს, ხოლო სასამართლოებმა მინიმალური გამოძიების შემდეგ საოლქო კომისიების გადაწყვეტილებები უცვლელად დატოვეს.
დასკვნის სახით, ეუთო/ოდირმა აღნიშნა, რომ დაკვირვების 1924 შემთხვევის 6%-ში, რაც მისივე შეფასებით, არსებითად დიდი რიცხვია, საარჩევნო „პროცესი უარყოფითად შეფასდა, ძირითადად ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის და დაშინების ნიშნების გამო, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თან ახლდა დაძაბულობა, არეულობა და ხალხმრავლობა“.
ამდენად, „პოსტივის“ მიერ გამოქვეყნებულ ფოტოპოსტში სამი სხვადასხვა მანიპულაცია გვხვდება.







