გადამოწმებული ფაქტები საგაზეთო სტატია

სოციალურ ქსელში ევროკავშირის ელჩის წერილი მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში ტელეკომპანიები  „TV Imedi” ;  „რუსთავი 2“;  „საზოგადოებრივმა მაუწყებელი“ და აჭარის ტელევიზია • Ajara TV, ასევე სხვა მედიასაშუალებები და Facebook-ანგარიშები (1; 2; 3; 4; 5; 6; ) საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილს ავრცელებენ. პოსტების თანახმად,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილის სახელზე 5 ნოემბერს გაგზავნილ  წერილში ევროკავშირის ელჩის  „აღიარებაა“ მოცემული, რომლის მიხედვითაც,  ევროკავშირმა  საქართველოს გაწევრიანების პროცესი ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების საფუძველზე შეაჩერა. „სკანდალური წერილი და ევროკავშირის ელჩის აღიარება – პაველ ჰერჩინსკი ადასტურებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღეს“-ვკითხულობთ პოსტების აღწერაში.

პაველ ჰერჩინსკის წერილს პოლიტიკური გამოხმაურებაც მოჰყვა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადების თანახმად,  „ეს [წერილი] კიდევ ერთი დასტური არის, თუ რა პოლიტიკური ენერგია და ფული იხარჯება საქართველოში ცრუ ნარატივების დასამკვიდრებლად. ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი იყო, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. ამ წერილმაც დაადასტურა და ეს არის საკუთარი თავის მხილება ბრიუსელის მხრიდან, რომ სინამდვილეში ეს პროცესი 2024 წლის ივნისში შეაჩერა თავად ბრიუსელმა იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობამ ბრიუსელის მხრიდან მოითხოვა საქართველოში დახარჯული თანხების გასაჯაროება”. წერილს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილიც. მისი თქმით: „ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნა არის ევროკავშირის და არა საქართველოს პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, აბსურდულია, საქართველოს დააბრალო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება. ევროკავშირის ხელშია ყველა ინსტრუმენტი, რაც უკავშირდება ევროკავშირის გაფართოებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. რაც შეეხება თავად პროგრამებს, არაერთხელ გავიგეთ, მოვისმინეთ ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ დასჯის ერთ-ერთი მექანიზმი იქნებოდა საქართველოსთან სხვადასხვა პროგრამის შეჩერება“.

7 ნოემბერს პროსახელისუფლებო მედიებმა წერილი გამოაქვეყნეს, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობამ 5 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გაუგზავნა.  წერილში ვკითხულობთ, რომ უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებში საქართველო მონაწილეობას ვეღარ მიიღებს:  “საქართველოში არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით და 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების თანახმად, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვია, გაცნობებთ, რომ საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის დაფინანსებულ რეგიონულ პროექტებში, უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, შეჩერებულია“. წერილს თან ახლავს ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ხელმოწერა.

წყარო: rustavi2.ge

განსაკუთრებული ყურადღება პროსახელისუფლებო მედიების მხრიდან წერილში ნახსენებ ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნას ეთმობა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ გამოქვეყნდა. ევროპულმა საბჭომ გასული წლის ივნისში გამოქვეყნებულ დოკუმენტში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ მიღებული კანონი, ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯთან მიმართებით, უკუსვლას წარმოადგენს. ევროპულმა საბჭომ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში, არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიჰყავს“.

დასკვნა ასევე ეხება  საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების მზარდ შემთხვევებს. ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს იმ  ღირებულებებს და პრინციპებს, რომლებზეც  ევროკავშირია დაფუძნებულია. საბჭო ხელისუფლებას შეახსენებს, რომ ამ ღირებულებების და პრინციპების პატივისცემა აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვის.

შესაბამისად, დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ გაწევრიანების გზაზე შეფერხების მიზეზს  „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ნაბიჯები წარმოადგენს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებთან და იმ ცხრა ნაბიჯთან მოდის წინააღმდეგობაში, რომელთა შესრულებაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის სჭირდებოდა. საგულისხმოა, რომ  სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტები წერილს აღწერს ისეთი ფრაზებით როგორიცაა: „სკანდალური აღიარება“; ორმაგი სტანდარტი“, რაც იმგვარ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ევროპული საბჭოს  დასკვნაში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დე ფაქტო შეჩერების შესახებ ინფორმაცია ელჩი ჰერჩინსკის წერილიდან გახდა ცნობილი. სინამდვილეში, დასკვნა  2024 წლის 27 ივნისიდან საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  დასკვნის შემდეგ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივ შეჩერებაზე ელჩი პაველ ჰერჩინსკიც საუბრობდა. მაგალითად, გასული წლის 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა განაცხადა: „კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აშკარა უკუსვლაა, ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან მიმართებით, ხოლო ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულიად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან… საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია“.

2024 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ გაიმეორა სერიოზული შეშფოთება „საქართველოს მთავრობის მოქმედებების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება“. საბჭომ დაადასტურა, რომ „მსგავსი მოქმედებების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს“.

2024 წლის 30 ოქტომბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების პაკეტი, რომელიც ევროპული საბჭოს მიმართ კომუნიკაციასა და კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის – საქართველოს, შეფასების ანგარიშებს მოიცავდა.  ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის თანახმად, ცხრა ნაბიჯის კუთხით, რომელიც ძირითადად, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში რეფორმებს უკავშირდება, პროგრესი მხოლოდ უმნიშვნელო იყო. ანგარიშში 9 ნაბიჯის შესრულების შეფასებაში ბევრგან, პირიქით, რეგრესი იკითხება. მეტიც, კომუნიკაციაში ხაზი გაესვა, რომ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, უპირველესად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და სხვა საკანონმდებლო ინიციატივების მიღებამ, ასევე ოფიციალური პირების მხრიდან ანტი-ევროპული რიტორიკის გაძლიერებამ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვნად დააზიანა, რამაც გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეაჩერა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროკომისიამ საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას რეკომენდაცია არ გაუწია. ევროკომისიამ ასევე განაცხადა, რომ „თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების არსებულ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და არ გამოიჩენს ხელშესახებ ძალისხმევას გადაუწყვეტელი პრობლემური საკითხების გადაჭრასა და ძირითადი რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის განხილვას ვერ შეძლებს“ (ევროკავშირის  2024 წლის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ  „ჯეოფაქტსის“ სტატია.

2024 წლის გაფართოების ანგარიშს გამოეხმაურა ელჩი პაველ ჰერჩინსკიც. 30 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ გაწევრიანების პროცესი „შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან, ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს“.

მედიაში პაველ ჰერჩინსკის  2025 წლის  5 ნოემბრით დათარიღებული წერილის გავრცელებას ევროკომისიის სპიკერი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერიც გამოეხმაურა: “ჩვენ ვხედავთ ფაქტებიდან ყურადღების გადატანის მორიგ მცდელობას. ხელისუფლების მხრიდან საინფორმაციო პროპაგანდას უკვე მიჩვეულები ვართ, ამიტომ, მოდით ფაქტებს სიცხადე შევძინოთ – უკვე 2024 წლის ივნისში ჩვენ გვქონდა ევროკომისიის დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებდა საქართველოს უკუსვლას დემოკრატიის გზაზე და რომელიც იყო პირველი გამოსაფხიზლებელი მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ მათ შეეცვალათ აღებული კურსი. ჩვენ ვხედავთ იმავე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, იგივე პარტია წარმოადგენს პარლამენტის უმრავლესობას და იმის ნაცვლად, რომ შეცვლილიყო დემოკრატიის მიმართ მსგავსი დესტრუქციული ქმედებები, ჩვენ მხოლოდ ვხედავთ, თუ რამდენად მწვავდება ეს ქმედებები ოპოზიციონერი ლიდერების დევნით, ჟურნალისტების დაპატიმრებითა და მშვიდობიანი პროტესტანტებზე თავდასხმით. ჩვენ გვქონდა ევროკომისიის დასკვნა 2024 წლის ივნისში, ეს, ასევე, გვქონდა ოქტომბერში, დეკემბერში და ამ კვირას გაფართოების ანგარიშით კვლავ ვიხილეთ, რომ ამ ქმედებების შედეგი არის ის, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ნომინალურადაა”. – აღნიშნა ჰიპერმა.

რაც შეეხება 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა: „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და როგორც დღეს დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული. ამასთან, ყველა ამ ვალდებულებას შევასრულებთ საკუთარი დაფინანსებით, ევროკავშირის ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე. ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით”. აღნიშნულ განცხადებას  საქართველოში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა.

თავის მხრივ, კობახიძის განცხადების შემდეგ, 2024 წლის 1-ელ დეკემბერს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, მარტა კოსმა,  ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც  წუხილს გამოთქვამენ,  „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო. განცხადებაში ევროკავშირის წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ  „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსისა და დემოკრატიული უკუსვლის გამო“ გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში შეჩერდა.

ამდენად, წერილში ნახსენები ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნა გამოქვეყნების დღიდან საჯაროა და სიახლეს არ წარმოადგენდეს. განცხადებები, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია, ელჩ პაველ ჰერჩინსკისაც ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის გამოსვლამდეც არაერთხელ გაუკეთებია. ასევე, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ არა ერთ დასკვნაში და ასევე ოფიციალურ განცხადებებში ვკითხულობთ, რომ პროცესის შეჩერება საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge