გადამოწმებული ფაქტები საგაზეთო სტატია

რას წერს ევროკომისია და ეუთო/ოდირი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის ფარულობის საკითხზე?

სოციალურ ქსელში „POSTV” ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და წერს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში ხმის ფარულობის დარღვევის არც ერთი მტკიცებულება არსებობს: „არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი, მათ შორის პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში ოპოზიციურ პარტიებს არ წარმოუდგენიათ შესაბამისი მტკიცებულებები“ (დაარქივებული ბმული). დამატებით, „POSTV” აღნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში გასული წლის არჩევნების დროს წარდგენილი 652 საჩივრიდან, მხოლოდ 7 ეხებოდა ისეთ შემთხვევებს, როცა საჩივრის ავტორი ბიულეტენის გაფერადების შემდეგ ბიულეტენის მეორე მხარეს შესაბამისი მონიშვნის არსებობაზე მიუთითებდა.

4 ნოემბერს ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების პაკეტი გამოაქვეყნა, რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, შეფასების ანგარიშებისგან შედგება. საქართველოს შესახებ ანგარიშში ევროკომისია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც წერს და  ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის დასკვნას ეყრდნობა: „არჩევნების ზოგადი ჩარჩო მოითხოვს ყოვლისმომცველ რეფორმებს, როგორც ეს ხაზგასმით აღნიშნა ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისმა, ვენეციის კომისიამ და ევროკომისიამ წარსულ რეკომენდაციებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული. საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა. ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო)/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიამ დაადგინა, რომ არჩევნები ჩატარდა მაღალპოლარიზებულ გარემოში, რომელიც ხასიათდებოდა დემოკრატიული უკუსვლით და რომელშიც წლის დასაწყისში მიღებულმა შემზღუდავმა კანონებმა ფუნდამენტურ უფლებებს ძირი გამოუთხარა. ცალკეული დარღვევები  მოიცავდა ცნობებს დაშინების, იძულებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულებსა და ეკონომიკურად მოწყვლად ჯგუფებზე. აღნიშნულმა შეშფოთება გამოიწვია ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ საკუთარი აზრის თავისუფლად ფორმირებისა და შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობის შესახებ. სხვა დარღვევები აგრეთვე ეხებოდა არჩევნების დღის შემდგომ საჩივრების არასაკმარის დამუშავებას და ხმის ფარულობის დარღვევას. ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები საერთაშორისო სტანდარტებს კიდევ უფრო დაშორდა“.

სწორედ ხმის ფარულობასთან დაკავშირებით ანგარიშში წარმოდგენილ ინფორმაციას ეხება ტელეკომპანია „POSTV” და მას სიცრუეს უწოდებს. პოსტის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში ხმის ფარულობის დარღვევის არც ერთი მტკიცებულება წარმოუდგენიათ.

ცნობისთვის, ხმის ფარულობის დარღვევა საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის დარღვევასაც ნიშნავს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ტარდება. ხოლო, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა არჩევნების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია.

ვინ საუბრობს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის ფარულობის დარღვევაზე და რა მტკიცებულებები არსებობს?

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მედიებისა და ამომრჩევლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არჩევნების კენჭისყრის დღეს ხმის ფარულობის პრინციპი დაირღვა. ამის დამადასტურებელი შესაბამისი ფოტო და ვიდეომტკიცებულებები სოციალურ ქსელებში, მათ შორის, ონლაინ მედია „პუბლიკას“ მიერ გამოქვეყნდა (იხილეთ ბმულზე; დაარქივებული ბმული). გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო სუბიექტის გასწვრივ მდებარე  წრე გაფერადების შემდეგ მკაფიოდ ჩანდა ბიულეტენის მეორე მხარეს და ხმის მთვლელ მანქანაში მისი შეცურებისას, ამომრჩევლის ნება ინდენტიფიცირებადი იყო. ამ თემასთან დაკავშირებით ვიდეო მტკიცებულება გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) (იხილეთ ვიდეო ბმულზე; დაარქივებული ბმული). ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტების განლაგების გათვალისწინებით, ადვილად მისახვედრი იყო, თუ როგორი არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა. კერძოდ, თუ ბიულეტენის უკანა მხარეს გაფერადების კვალი ბიულეტენის ზედა ნახევარში იქნებოდა, დადასტურებით შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ამომრჩეველმა ოპოზიციური პარტია აირჩია.

ასევე, უბნების დიდ ნაწილში „ქართული ოცნების“ კამერები იყო დამონტაჟებული. კერძოდ,  როგორც „საია“ წერს, ხმის მიცემის კაბინებზე, მაგიდებსა და საარჩევნო ყუთებზე მიმართული ვიდეოკამერები დააფიქსირეს, „რამაც დაბალი ხარისხის ბიულეტენებთან ერთად, რომელიც ბიულეტენის შევსებისას ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის გაგების საშუალებას იძლეოდა, სერიოზულად დაარღვია კენჭისყრის ფარულობა და გაზარდა ამომრჩევლის დაშინების ალბათობა“. მაგალითად, საიას მიერ გამოქვეყნებული მასალით დასტურდება, კრწანისის 9-ე უბანზე კამერა პირდაპირ უღებდა ხმის მთვლელ აპარატსა და ურნას. (იხილეთ საიას მიერ გამოქვეყნებული ვიდეომტკიცებულება) .

სამი დამოუკიდებელი ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიის- „სამართლიანი არჩევნები”, „ჩემი ხმა“ და საიას-ერთობლივ შეფასებაში  აღნიშნულია, რომ დარღვევები ასევე ეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ ამომრჩეველთა მიერ ბიულეტენების შევსების მონიტორინგსა და გარკვეული პირების ამომრჩეველთა კაბინაში შეყოლის ფაქტებსაც: „ეს მეთოდები მიზნად ისახავს ამომრჩევლებზე ზეწოლას ან მათ დაშინებას მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმის მიცემის მიზნით“-ვკითხულობთ შეფასებაში.

ხმის ფარულობასთან დაკავშირებული დარღვევების გათვალისწინებით,  ერთობლივ შეფასებაში სადამკვირვებლო მისიებმა  დაასკვნეს: „საარჩევნო უბნებზე კამერების დამონტაჟებამ და ბიულეტენებზე გაკეთებული არჩევანის გამჟღავნებამ შესაძლებელი გახადა ამომრჩეველთა აღრიცხვა, რაც აფერხებდა თავისუფალ არჩევანს და მიუთითებდა ამომრჩეველთა არჩევანის კონტროლის სისტემატურ მცდელობაზე დაშინებისა და ფარულობის დარღვევის გზით. ასევე, მრავალ შემთხვევაში ხმის ფარულობა დაირღვა ამომრჩევლების მიერ საკუთარი ბიულეტენებისთვის ფოტოების გადაღებით, სავარაუდოდ იმის დასამტკიცებლად, თუ ვის მისცეს ხმა, ასევე, იმით, რომ ამომრჩევლებს კაბინაში მიყვებოდნენ სხვა პირები“.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო, იმ უბნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა, სადაც  არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა (2263 უბანი). მათი განცხადების თანახმად, „კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას“. საიას ინფორმაციით, „არჩევნების დღეს ხმის ფარულობის დარღვევის რისკები საიამ არჩევნებამდე ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე აღმოაჩინა და მიმართა კიდეც ცესკოს, რომ მას პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომები მიეღო. 2024 წლის 28 სექტემბრის წერილით (№01-01/1607), საიას ეცნობა, რომ ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას. თუმცა, ეს პირობა ვერ შესრულდა“. საგულისხმოა ისიც, რომ ამავე საკითხზე კომუნიკაცია ცესკოსთან ჰქონდა ფაქტების გადამმოწმებელ გამოცემა „ფაქტ-მეტრს“. გამოცემის მიხედვით, 18 ივლისს, ცესკომ „ფაქტ-მეტრს“ ოფისში საარჩევნო ტექნოლოგიები გააცნო, სადაც ცესკოს წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ეს მხოლოდ საცდელი ბიულეტენი იყო და არჩევნებისთვის დაიბეჭდებოდა უფრო მაღალი ხარისხის ბიულეტენები, რომლებზეც მარკერის კვალი მეორე მხარეს აღარ გამოჩნდებოდა.

2025 წლის 20 მარტს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაარეგისტრირა საიას საჩივარი კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევაზე. ორგანიზაციის ცნობით, ეროვნულ დონეზე საიას სარჩელი მხოლოდ თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის წარდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ „მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი“. ასოციაციის ცნობით, საჩივარში მითითებულია ისიც, რომ ქვეყნის ადგილობრივ კანონმდებლობაში არსებობს ბლანკეტური დანაწესი, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს და იგი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს არ შეესაბამება. „საიას მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილი საჩივარი თავისი შინაარსით პრეცედენტულია და სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, კონვენციის ჭრილში შეაფასოს როგორც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოვლენილი ფარულობის სისტემური დარღვევა, ისე არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის სისტემის სამართლიანობა“-წერს ორგანიზაცია.

ხმის ფარულობის საკითხს 2024 წლის 30 ოქტომბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე გამოეხმაურა. მისი განმარტებით, „ბიულეტენები დაიბეჭდა მაღალი გრამაჟის ოფსეტურ ქაღალდზე, რომელიც გაცილებით სქელია, ვიდრე იყო 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებულ ბიულეტენზე“.

2024 წლის 30 ოქტომბრის ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე  ადასტურებდა, რომ მარკერის კვალი ბიულეტენების უკანა მხარეს ჩანდა, თუმცა ეს პრობლემურ საკითხს არ წარმოადგენდა: „გავრცელებული ინფორმაციებიდან ჩანს, ბიულეტენის უკანა მხარეს თითქოს არის რაღაც ნაჟონი, რომლის მიხედვითაც, ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელია გარკვეულად და ცხადად დადგინდეს, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა“,- განაცხადა გიორგი შარაბიძემ. იმავე დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დაადასტურა, რომ მარკერის კვალი ბიულეტენების უკანა მხარეს ჩანდა, თუმცა, მისი თქმით, ხმის ფარულობა არ დარღვეულა: „არავინ უარყოფს, რომ ჩანდა, მათ შორის, კენჭისყრის დღეს კომისიებმა ეს ყველაფერი ნახეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს არჩევანი არის ხელმისაწვდომი“.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ბიულეტენზე მარკერის გამოჟონვის შესაძლებლობა თავად ცესკომ აღიარა და არჩევნების დღეს მთვლელ აპარატზე, ბიულეტენის მოთავსების ჭრილის თავზე ქაღალდის მყარი საფარი მოათავსა ისე, რომ ბიულეტენის შეცურებისას მონიშნული ადგილი გამოჟონვის შემთხვევაში ვერავის დაენახა.

ხმის ფარულობის დარღვევა დადასტურდა  ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშშიც. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სერიოზული კითხვები არსებობს ამომრჩეველთა ხმის ფარულობის ხშირ კომპრომეტირებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ხმის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო დაკვირვების შემთხვევათა 24%-ში საარჩევნო ყუთში ბიულეტენის მოთავსების წესის, 12%-ში მონიშვნის წესის, ხოლო 7%-ში საარჩევნო უბნის განლაგების გამო. ანგარიშში ასევე გამოყოფილია შემდეგი ფაქტორებიც: კომისიის წევრების, საარჩევნო სუბიექტებისა თუ დამკვირვებლების დგომა საარჩევნო ყუთთან ან კაბინასთან ახლოს, ბიულეტენის მეორე მხრიდან მარკერის კვალის დანახვის შესაძლებლობა, ჩარჩო-კონვერტის არასწორი გამოყენება, უბანზე განთავსებული ვიდეოკამერები, რომელთაც ასევე შეეძლოთ ხმის ფარულობის კომპრომეტირება.

დამატებით, ფაქტების გადამმოწმებელმა გამოცემა „ფაქტ-მეტრმა“ ეუთო/ოდირს მიმართა კითხვით, დაკვირვების შემთხვევათა რამდენ პროცენტში შეიძლებოდა დარღვეულიყო ხმის ფარულობა. ეუთო/ოდირის პრეს-სპიკერმა კატია ანდრუშმა წერილში აღნიშნა: “ხმის ფარულობის კომპრომეტირების სხვადასხვა ფორმის გათვალისწინებით, მათ შორის [საარჩევნო უბნის] განლაგება, ამომრჩეველთა მიერ ბიულეტენის მონიშვნა, აპარატში ბიულეტენის მოთავსება, ხმის ფარულობის სხვა საკითხები ან მათი კომბინაცია, დაკვირვების 30%-ზე მეტ შემთხვევაში ხმის ფარულობასთან დაკავშირებული პრობლემები დაფიქსირდა”.

ამდენად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა ერთ-ერთ სისტემურ პრობლემად დასახელდა, როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ისე საერთაშორისო მისიის (ეუთო/ოდირი) მიერ. შესაბამისად, მტკიცება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ხმის ფარულობის დარღვევის არც ერთი მტკიცებულება არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge