გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ტელეკომპანია „ფორმულას“ სიუჟეტის ნაწყვეტს ავრცელებენ (1, 2, 3, 4 ) (დაარქივებული ბმული). ვიდეოში ჟურნალისტი ამბობს: „შეუძლებელი არის მთაწმინდაზე მცხოვრები ადამიანი დილის 5 სთ-ზე დიღომში, თბილისის საქალაქო სასამართლოში კანცელარიის შენობის დაწვას ცდილობდეს“. „ამ ჟურნალისტს სკოლა მაინც თუ აქვს დამთავრებული?“; „აფერისტობის ფორმულა“, – წერენ ანგარიშები. რეალურად, აღნიშნულ მონაკვეთში ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილის ადვოკატის კომენტარს აჟღერებს და არა საკუთარ პოზიციას. ამ კონტექსტის გარეშე მონაკვეთის გავრცელებას მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.

გავრცელებული სიუჟეტი ტელეკომპანია „ფორმულას“ დილის ეთერში 29 ნოემბერს გავიდა. სიუჟეტში ჟურნალისტი ნუცა ბახუტაშვილი  „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის ადვოკატის კომენტარს აჟღერებს: (იხილეთ ბმულზე 02:50 წთ-დან): ჩვენ ვესაუბრეთ მის უფლებადამცველს, რომელიც განმარტავს, რომ ეს ამბავი ჰგავს ხელისუფლების მიზანმიმართულ პროვოკაციას, შეუძლებელი არის მთაწმინდაზე მცხოვრები ადამიანი დილის 5 სთ-ზე დიღომში, თბილისის საქალაქო სასამართლოში კანცელარიის შენობის დაწვას ცდილობდეს. უფრო მეტს მას შემდეგ გვეტყვის ადვოკატი, რაც ალეკო ელისაშვილს პირადად შეხვდება და გაესაუბრება“.

ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა აღნიშნული კომენტარი მედიასთან 29 ნოემბერს დილით, პოლიტიკოსის მონახულებამდე გააკეთა: „ჯერ არ ჩაუყვანიათ იზოლატორში რომ შევძლო შეხვედრა და დეტალების გარკვევა, თუ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და რა იყო რეალურად მიზეზი აღნიშნული ფაქტის. დაცვის მხარის ვარაუდი არის ის, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ მოწყობილი პროვოკაცია იმიტომ, რომ აბსურდულია, როდესაც ადამიანი ცხოვრობს მთაწმინდაზე, დილის ხუთ საათზე მიდიოდეს სასამართლოში და ცდილობდეს ცეცხლის წაკიდებას და შენობის დაწვას, როდესაც ახლო-მახლო მის საცხოვრებელ ადგილზე ბევრი სახელმწიფო დაწესებულებაა. მიზანი თუ ეს იყო ცეცხლის წაკიდება, ბევრი რაღაც შეეძლო გაეკეთებინა სახლთან ახლოს“.

ცნობისთვის,  პროკურატურის ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, „ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული“ თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა. მან ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში. განცხადების მიხედვით, ელისაშვილმა ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.  ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს და 10-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მისი ადვოკატის ცნობით, ელისაშვილი „ქმედებას“ აღიარებს, თუმცა ბრალს – „ტერორიზმს“ – არა.

 

 

 

 

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge