გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ვატიკანის მიერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Shalva Qavtaradze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4, 5), ავრცელებს პოსტს: „ვატიკანის რუხმა კარდინალებმა ხელი მოაწერეს ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე.  ავრცელებს BBC, CCN, ALJAZiRa..“ სინამდვილეში, კათოლიკური ეკლესიის მიერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ დასტურდება.

Facebook-მომხმარებლის პოსტი წარმოაჩენს, თითქოს კათოლიკურმა ეკლესიამ და ვატიკანმა პაპ ლეო XIV-ისა და მისი კარდინალების ხელმძღვანელობის პირობებში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს. სინამდვილეში, მსგავსი ინფორმაცია არ გავრცელებულა არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში, მათ შორის – არც თავად ავტორის მიერ დასახელებულ მედიებში; აღნიშნული განცხადება არ იძებნება არც ვატიკანის (The Holy See) ოფიციალურ ვებგვერდზე.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მაისში, საინაუგურაციო მიმართვაში ახალმა პაპმა ლეო XIV-მ გაიმეორა და დაადასტურა კათოლიკური ეკლესიის პოზიცია ერთნაირსქესიანთა ქორწინების, ევთანაზიისა და აბორტის წინააღმდეგ. პაპმა ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ მათ ეკლესიაში კეთილგანწყობით მიიღებენ, თუმცა ამავდროულად, ლეო XIV-მ ხაზი გაუსვა, რომ ეკლესიის განმარტებით, ოჯახი აღნიშნავს „კაცსა და ქალს შორის კავშირს“ და დაფუძნებულია მომავალი ბავშვებისა და მოხუცების ღირსებაზე.

დამატებით, 25 ნოემბერს ვატიკანმა გამოსცა რომის პაპის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილება, რომელშიც ხაზგასმულია კათოლიკეების მიერ მონოგამიური ოჯახის პრინციპის დაცვის აუცილებლობა. დეკრეტი განსაკუთრებულად აკრიტიკებს პოლიგამიის პრაქტიკას და ყურადღებას ამახვილებს ტრადიციული მონოგამიური ქორწინების „სიმდიდრესა და ნაყოფიერებაზე“. აღნიშნული დადგენილება ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხს საერთოდ არ განიხილავს.

ამრიგად, მტკიცება, რომ ვატიკანმა ერთნაირსქესიანთა დაკანონებას მოაწერა ხელი, არ დასტურდება.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge