გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Shalva Qavtaradze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4, 5), აქვეყნებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც სახლის ჩხრეკის კადრებია ასახული. ვიდეოს თან ახლავს აღწერა: „უკრაინის მაღალი ჩინოვნიკების მიერ შეძენილი ქონება, უჭამიათ ხალხის ხარჯზე. სად გადარჩა აქ საქართველო დახედეთ ზოგიერთი მათგანი ქართველები ზელენსკის მყვარებელი ქართველებმა ნახეთ!!! კიდევ გიყენიათ ფეიზე სიმბოლიკა“. სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია და ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი.

ვიდეოს თან ახლავს TikTok-ის სამარკო ნიშანი და თავდაპირველი გამომქვეყნებლის ანგარიშის მისამართი (crazyfruck). TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს კი აქვს მითითებული, რომ პოსტი შეიცავს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ მასალას (contains AI-generated media).

ხელოვნური ინტელექტის კვალზე მიანიშნებს სხვა დეტალებიც. მაგალითად, კადრში ფონზე მდგომი მამაკაცების სახეები სრულად ბუნდოვანია და ნაკვთების კონტურები არ იკვეთება. დამატებით, ფანჯარაში ანარეკლში მხოლოდ 1 ადამიანის ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ოთახში 2 მამაკაცი დგას. კამერასთან მდგომი მამაკაცი კი ჩაკუზვის დროს არაბუნებრივ მოძრაობას აკეთებს, მისი ორი ფეხი ერთმანეთში მორფირდება და შედეგად არაბუნებრივად წვრილდება. ამასთანავე, მისი ამ მოძრაობის დროს, ქურთუკზე წარწერა წამიერად ქრება და ხელახლა ჩნდება.

დამატებით, უკრაინელი მაღალჩინოსნის სახლის ჩხრეკის მსგავსი ვიდეო არ გავრცელებულა არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში.

ამრიგად, ვიდეო რედაქტირებულია და ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნილი.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge