სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც განხილულია 12-13 აგვისტოს მიხეილ ყაველაშვილსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გამართული შეხვედრა. ვიდეოში გამოთქმული მტკიცების თანახმად, შეხვედრაზე თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ელოდება საქართველოს პირობის შესრულებას 400 ათასი „თურქის“ მესხეთში ჩასახლების შესახებ. სინამდვილეში, მტკიცება „400 ათასი თურქი მესხის დაბრუნების ვალდებულების შესახებ“ შეცდომაში შემყვანია.
2025 წლის 12-13 აგვისტოს საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის გამართულ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის, ეკონომიკური და პოლიტიკური პროექტების საკითხები განიხილეს. თურქეთის პრეზიდენტმა თავის სიტყვაში აღნიშნა: „მე ასევე გადავეცი პრეზიდენტ ყაველაშვილს თავის საცხოვრებლებში, მესხი თურქების ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების შესახებ ჩვენი მოლოდინები. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენ, როგორც თურქები, საჭიროებისამებრ ნებისმიერ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ამ პროცესს“.
აღნიშნული განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში მუსლიმი მესხების შესახებ სხვადასხვა მტკიცება ვირუსულად გავრცელდა. საზოგადოებრივ ინტერესზე საპასუხოდ „ჯეოფაქტსმა“ აღნიშნულ თემაზე დეტალური სტატია გამოაქვეყნა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში გამოთქმული მტკიცება, რომ საქართველოს პირობა/ვალდებულება აქვს აღებული მესხეთში 300 000-400 000 „თურქის“ ჩასახლების შესახებ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მუსლიმი მესხების თურქულ ეთნოსთან მიკუთვნება, როგორც ამას ვიდეოში მთხრობელი აკეთებს, მანიპულაციურია. თურქ მესხებს მრავალი სახელით იცნობენ – მესხი თურქები, მუსლიმი მესხები, აჰიშკა (ახალციხელი) თურქები და ა.შ. –ისინი წარმოშობით არიან მესხეთიდან – რეგიონიდან, რომელიც ამჟამად თანამედროვე საქართველოსა და თურქეთს შორის არის გაყოფილი. თუმცა მათი ეთნიკური წარმოშობა დღემდე სადავო საკითხია.
ბევრი ქართველი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ მუსლიმი მესხები თავდაპირველად ქართველები იყვნენ, რომლებმაც მე-16 საუკუნეში მესხეთის ოსმალეთის მმართველობის ქვეშ მოქცევის შემდეგ ისლამი მიიღეს. ვინაიდან მაშინ რელიგია ეთნიკური იდენტობის მთავარი ნიშანი იყო, მუსლიმი მესხები თურქებად მოიხსენიებოდნენ.
საპირისპირო თეორია, რომელსაც ძირითადად თურქი მეცნიერები და ზოგიერთი მესხი ლიდერი უჭერს მხარს, ამტკიცებს, რომ მესხეთის დომინანტი მოსახლეობა ეთნიკურად თურქული იყო, თუმცა მოქცეული – ქართული კულტურული წეს-ჩვეულებების გავლენის ქვეშ. მეცნიერების მიერ არგუმენტად კი მოყვანილია, რომ არ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი ეთნიკური განსხვავების მტკიცებულება, როდესაც მესხეთის მუსლიმ მოსახლეობას საზღვრის გადაღმა, აღმოსავლეთ ანატოლიაში, თურქეთში მცხოვრებ თურქებთან ადარებენ.
ეთნიკური წარმოშობის ეს განსხვავებული ინტერპრეტაციები აისახება მუსლიმი მესხების თვითიდენტიფიკაციაზეც: ბევრი მათგანი საკუთარ თავს თურქად მიიჩნევს, მცირე ნაწილი – გათურქებულ ქართველად, ზოგს კი საერთოდ არ გააჩნია მკაფიო ეთნიკური იდენტობა. რეპატრიაციის პრეფერენციებიც განსხვავებულია, ზოგი თურქეთს ანიჭებს უპირატესობას, ზოგი ზოგადად საქართველოს, ზოგი კი კონკრეტულად მესხეთს. საერთო ჯამში, მათი წარმოშობის შესახებ უნივერსალურად აღიარებული თეორია არ არსებობს (დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატია).
ისტორიკოსების თანახმად, საბჭოთა პერიოდში დაახლოებით ექვსი მილიონი ადამიანი საკუთარი სამშობლოდან იძულებით გადაასახლეს. რვა ეთნიკური თემი მთლიანად დეპორტირებული იქნა, მათ შორის მუსლიმი მესხები ვოლგას რეგიონში მცხოვრებ გერმანელებთან, ბალყარელებთან, ყარაჩაელებთან, ყალმუხებთან, ჩეჩნებთან, ინგუშებთან და ყირიმელ თათრებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხალხთაგან რამდენიმეს იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ წინაპრების მიწებზე დაბრუნების უფლება მიეცა, მუსლიმი მესხები მათ სიაში არ ყოფილან.
1944 წლის 31 ივლისს სსრკ-ის სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტმა გამოსცა დადგენილება №6279сс საქართველოს სსრ სასაზღვრო რეგიონებიდან თურქი მესხების, ქურთებისა და ჰემშილების გადასახლების შესახებ.
2011 წელს გამოცემულ წიგნში „მესხები: სამშობლოსკენ მიმავალნი“ გამოქვეყნებული შეფასებების თანახმად, მუსლიმი მესხების მსოფლიო მოსახლეობა დაახლოებით 425 000-ს შეადგენს. ყველაზე დიდი თემები ყაზახეთში (დაახლოებით 137 000 ადამიანი) და აზერბაიჯანში (დაახლოებით 100 000) ცხოვრობენ. მნიშვნელოვანი რაოდენობა ასევე ცხოვრობს რუსეთში (75 000), თურქეთში (35 000), ყირგიზეთში (33 000), უზბეკეთში (22 500), ამერიკის შეერთებულ შტატებში (11 500), უკრაინასა (10 000) და საქართველოში (დაახლოებით 1 000).
რაც შეეხება საქართველოს მიერ მუსლიმი მესხების რეპატრიაციის პირობას, ეს ვალდებულება საქართველომ ევროპის საბჭოს წევრობით აიღო, თუმცა ზუსტი რიცხვი არ დადგენილა.
400 000 მუსლიმი მესხის რეპატრიაციის შესახებ მტკიცებები სავარაუდოდ იმ ინფორმაციიდან მომდინარეობს, რომ ამჟამად სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 400 000 მუსლიმი მესხი სახლობს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ მიღებული რეზოლუციის მიხედვით, ასამბლეა საქართველოსგან მოელოდა, რომ საბჭოთა პერიოდში მესხეთიდან გადასახლებული მოსახლეობის რეპატრიაციისთვის საკანონმდებლო ცვლილებები განეხორციელებინა:
„გაწევრიანებიდან ორი წლის განმავლობაში მიიღოს სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებული მესხური მოსახლეობის რეპატრიაციისა და ინტეგრაციის, მათ შორის, ქართული მოქალაქეობის უფლების მინიჭების საშუალებას მისცემს; გაიაროს ევროპის საბჭოსთან კონსულტაციები ამ სამართლებრივი ჩარჩოს მიღებამდე, რეპატრიაციისა და ინტეგრაციის პროცესის დაწყება გაწევრიანებიდან სამი წლის განმავლობაში და მესხური მოსახლეობის რეპატრიაციის პროცესი დაასრულოს გაწევრიანებიდან თორმეტი წლის განმავლობაში“.
საქართველომ აღნიშნული რეზოლუციის რატიფიცირება მოახდინა და ვალდებულებების შესრულება 2007 წლიდან შემდეგი კანონით დაიწყო – „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“.
2010 წლის 1 იანვრისთვის, განაცხადების წარდგენის ბოლო ვადამდე, საქართველოში რეპატრიაციის განაცხადი სულ 5871 ოჯახმა (8900 პირმა) წარადგინა. მათგან მოქალაქეობის თვალსაზრისით აზერბაიჯანზე მოდიოდა 5389 განაცხადი, ყირგიზეთზე – 173, თურქეთზე – 144, რუსეთზე – 64, უზბეკეთზე – 25, ყაზახეთზე – 16, უკრაინაზე – 9, ხოლო მოქალაქეობის არ მქონე პირების მიერ – 21. 2011-დან 2017 წლამდე 1998 ზრდასრულ ადამიანს მიენიჭა რეპატრიაციის სტატუსი, რომელთაგან 494-მა გამარტივებული პროცედურის მეშვეობით მიიღო პირობითი მოქალაქეობა.
PACE-ის 2022 წლის ანგარიშში „საქართველოს მიერ ვალდებულებებისა და მოვალეობების შესრულება“ სხვა საკითხებთან ერთად მუსლიმი მესხების თემაცაა განხილული. ანგარიშში ნათქვამია: „საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ სამართლებრივი ჩარჩოსა და რეპატრიაციის სტრატეგიის ამოქმედებით მათ შეასრულეს ევროპის საბჭოს წინაშე გაწევრიანებისას აღებული ვალდებულება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მართლაც დიდ წილად შეასრულა თავისი ვალდებულება. თუმცა, ასევე აღვნიშნავთ, რომ, როგორც ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მესხურმა ორგანიზაციამ აღნიშნა, კვლავ არსებობს რიგი პრაქტიკული ბარიერები – რომელთაგან ზოგიერთი სცილდება საქართველოს ხელისუფლების კომპეტენციას, როგორიცაა აზერბაიჯანული მოქალაქეობის გაუქმების სირთულეები – რაც ხელს უშლის ფაქტობრივ რეპატრიაციას და ამ ვალდებულების შესრულებას“.
აქვე, PACE აცხადებს, რომ „რეპატრიანტთა მცირე რაოდენობა, დაკმაყოფილებული განაცხადების რაოდენობის მიუხედავად, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ფაქტობრივი რეპატრიაცია რთული და შრომატევადი პროცესია, რომლის დროსაც განმცხადებლები სხვადასხვა დაბრკოლებებსა და მოსაზრებებს აწყდებიან, რომელთაგან ბევრი სცილდება იმას, რაც გონივრულად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობის მიღმა არსებულად. ამიტომ, არ იქნება სწორი, დაველოდოთ თითოეული წარმატებული განმცხადებლის რეპატრიაციას საქართველოში, სანამ ასამბლეა ჩათვლის, რომ საქართველომ სრულად შეასრულა გაწევრიანების ეს ვალდებულება“.
ამავდროულად, PACE-ს თანახმად, საქართველოს ვალდებულება კონკრეტულად მათ ეხება, ვისაც დაბრუნების სურვილი აქვთ: „მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა მესხს, ვისაც საქართველოში რეპატრიაცია სურს, ნამდვილად ჰქონდეს ამის გაკეთების გონივრული შესაძლებლობა“.
ბევრი მუსლიმი მესხი უკვე კარგად არის ინტეგრირებული მათი ამჟამინდელი მასპინძელი ქვეყნების საზოგადოებაში, განსაკუთრებით ცენტრალურ აზიაში. შედეგად, საქართველოში მიგრაციის მსურველთა რიცხვი მცირეა, მაგალითად, აზერბაიჯანთან შედარებით. ცენტრალური აზიის ქვეყნებში საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილმა – ძირითადად ხანდაზმულმა პირებმა – გამოთქვეს რეპატრიაციის სურვილი.
უფრო კონკრეტულად, 2011 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც, თავის მხრივ, უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI) 2005 წლის ანგარიშის ეყრდნობა, აღნიშნულია, რომ უზბეკეთში მცხოვრები მუსლიმი მესხების შემთხვევაში საქართველო მხოლოდ ხანდაზმულებისთვისაა სამშობლო. ახალგაზრდები სამშობლოდ უზბეკეთს მიიჩნევენ, სხვა ქვეყანაში წასვლა კი არა ისტორიული, არამედ ეკონომიკური მიზეზებით იქნებოდა განპირობებული. იმავე წყაროს მიხედვით, რუსეთში მცხოვრები გადასახლებული მუსლიმი მესხებიდან ქართველად თავს მცირე ნაწილი მიიჩნევს, დიდი უმრავლესობა კი – თურქად. ყირგიზეთში მცხოვრები დეპორტირებულების შემთხვევაშიც დაბრუნების იდეა პოპულარული მხოლოდ მოხუცებში იყო, სხვებს ეს მზაობა მხოლოდ მოხუცების პატივისცემის გამო შეიძლება ჰქონოდათ. მუსლიმი მესხების უმრავლესობამ იქ არაფერი იცოდა საქართველოზე და რუკაზე მესხეთის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მოძებნაც კი უჭირდათ. აზერბაიჯანში მცხოვრები მესხების უმრავლესობა თავს აზერბაიჯანელად მიიჩნევდა და სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ 30%-ს – უმეტესად მოხუცებს სურდათ. ყაზახეთის შემთხვევაში, იქ მცხოვრები მესხებიდან საქართველოში ჩამოსვლა 5 %-ს, ძირითადად მოხუცებს, უნდოდათ.
რეპატრიაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თეიმურაზ ლომაძის განცხადებით, იმ მუსლიმი მესხების ოდენობა, რომლებსაც რეპატრიაციის შემთხვევაში დაბრუნების სურვილი აქვთ, ცენტრალური აზიის ქვეყნებში 40-დან 50-ათასამდეა, ხოლო აზერბაიჯანში – 10 000.
ამრიგად, მტკიცება, თითქოს საქართველოს 400 000 მუსლიმი მესხის დაბრუნების ვალდებულება აქვს აღებული, მანიპულაციურია.







