2025 წლის 23 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. გამართულ ბრიფინგზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, რომ საკითხზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
პროკურატურის განცხადების მიხედვით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურამ საჯაროდ გაავრცელა ინფორმაცია იმ ეპიზოდების შესახებ, რომელთა ფარგლებში გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი 2021–2023 წლებში მოქმედ ე.წ. თაღლითურ ქოლ-ცენტრებს უკავშირდება.
პროკურატურის განცხადების თანახმად, „მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლ–ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლ–ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.“
პროკურატურამ თავის განცხადებაში დამატებით მიუთითა – „გამოძიება ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლ–ცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლ–ცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ“.
ამგვარად, პროკურატურის განცხადება არა მხოლოდ ყოფილი მაღალჩინოსნის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებს, არამედ ოპოზიციური მედიასაშუალებების სავარაუდო როლსაც ეხება, მათ შორის – ინფორმაციის განზრახ დამალვის კონტექსტში.
აღნიშნულ ბრალდებებს თავად მედიასაშუალებები უარყოფენ და მიუთითებენ, რომ სუს-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელის შესაძლო კავშირები თაღლითურ ქოლ-ცენტრებთან მათი მხრიდან არაერთხელ გამხდარა ჟურნალისტური გამოძიების საგანი (იხ. მთავარი არხის და ფორმულას განცხადებები).
ამ კონტექსტში „ჯეოფაქტსმა“ შეისწავლა თაღლითურ ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული ჟურნალისტური მასალები და დაადგინა, რომ ტელეკომპანიებს, მათ შორის „ტვ. პირველს“, „მთავარ არხსა“ და „ფორმულას“, წლების განმავლობაში არაერთი საგამოძიებო სიუჟეტი აქვთ მომზადებული და გამოქვეყნებული ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემებისა და მათთან სავარაუდო კავშირში მყოფი მაღალჩინოსნების შესახებ.
„შაბათის ფორმულას“ მიერ 2023 წლის 22 აპრილს გამოქვეყნებული სიუჟეტი დედაქალაქის ცენტრში, ასათიანის ქუჩაზე სავარაუდო ქოლ-ცენტრის არსებობას შეეხება. ამავე წლის 29 აპრილის სიუჟეტში საუბარია შსს-ის მოპირდაპირე გულუას ქუჩაზე არსებულ ქოლ-ცენტრზე, რომელიც წყაროს მტკიცებით, შს ყოფილი მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს ეკუთვნოდა. ფორმულას არქივში მოიძებნება ასევე, საგამოძიებო მასალა, რომელშიც აღწერილია „ქართული ოცნების“ დეპუტატ ისკო დასენის სავარაუდო კავშირები თაღლითურ ქოლ-ცენტრებთან.
ანალოგიურ საკითხს ეძღვნება სიუჟეტი სახელწოდებით – „ოცნების“ ქოლც-ენტრები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მასალის დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია მთავარი არხის სიუჟეტიც, სადაც მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია პირდაპირ ასახელებს ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ლილუაშვილს, ღარიბაშვილს და გომელაურს – „ ლილუაშვილი, უნდა აღინიშნოს, რომ მთელ ამ პირამიდაში მთავარი ფიგურაა ბიძინა ივანიშვილის შემდეგ“, – აცხადებდა გვარამია. მთავარი არხი 2021 წელსაც საუბრობდა სუს-ის მხრიდან ქოლც-ენტრების მფარველობაზე.
ქოლ-ცენტრების შესაძლო თაღლითური საქმიანობის შესახებ დამატებითი ჟურნალისტური გამოძიებები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:
- ტვ. პირველი – 2022 წლის 8 დეკემბერი – ვინ დგას ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან (სიუჟეტის ბმული )
- ტვ პირველი – 2025 წლის 25 მარტი – ქოლ-ცენტრების სკანდალური საქმე (სიუჟეტის ბმული)
- ფორმულა – 2023 წლის 8 მაისი – უკანონო ბიზნესი თუ სპეცოპერაცია „ქოლ-ცენტრი“ (სიუჟეტის ბმული)
- ფორმულა – 2025 წლის 17 მაისი – თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმე და ახალი მისამართი (სიუჟეტის ბმული)
- ფორმულა – 2025 წლის 25 მაისი – თაღლითური ქოლ-ცენტრების სკანდალური მხილება (სიუჟეტის ბმული )
- ფორმულა – 2025 წლის 6 სექტემბერი – თაღლითური ქოლ-ცენტრებით სავსე საქართველო (სიუჟეტის ბმული )
- ფორმულა – 2025 წლის 20 დეკემბერი – თაღლითური ქოლ-ცენტრებით სავსე თბილისი (სიუჟეტის ბმული )
- მთავარი არხი – 2023 წლის 2 მაისი – პანიკა ქოლ-ცენტრების ბიზნესში , ლილუაშვილის საევაკუაციო გეგმა და საიდუმლო ბრძანება (სიუჟეტის ბმული )
- მთავარი არხი – 2022 წლის 9 აპრილი – ნიკა გვარამიას ექსკლუზიური ინტერვიუ, ე.წ. ქოლცენტრების სქემის სრული ანატომია (სიუჟეტის ბმული )
მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას საჯაროდ არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ოპოზიციურ მედიასაშუალებებს ედავება ინფორმაციის დამალვას, არსებული ფაქტობრივი გარემოებები აჩვენებს, რომ ტვ. პირველის; „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ მიერ მომზადებული მრავალრიცხოვანი საგამოძიებო მასალები ეწინააღმდეგება იმ მტკიცებას, თითქოს „ოპოზიციური მედია არ აშუქებდა გრიგოლ ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობას“.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში მაღალჩინოსნების მხრიდან თაღლითური ქოლცენტრების მფარველობაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც აქტიურად საუბრობდნენ. ეს მასალა ასევე შუქდებოდა მედიასაშუალებების პლატფორმებზე. მაგალითად, ტვ პირველმა გააშუქა ხატია დეკანოიძის, გიორგი ვაშაძის, ლევან ბეჟაშვილის და სხვა პოლიტიკოსების განცხადებები, სუს-ის მიერ ქოლ-ცენტრების მფარველობის შესახებ. იხ. ბმული 1 ; ბმული 2; ბმული 3. ანალოგიურ განცხადებებს აშუქებდა „მთავარი არხიც“. მაგალითად, მთავარმა არხმა 2023 წლის 5 მაისს გააშუქა გიორგი ვაშაძის განცხადება, სადაც ის ასახელებდა თუ ვინ დგას ქოლ-ცენტრების უკან – „ხაზგასმით ვამბობ, ქოლ-ცენტრების უკან დგახართ თქვენ, თქვენ ხართ თაღლითები: ლილუაშვილს, შს მინისტრს ვეუბნები, მთავარ პროკურორს ვეუბნები“, – აცხადებდა გიორგი ვაშაძე.
2022 წლის 10 თებერვალს „მთავარ არხს“, „ფორმულასა“ და ლევან ხაბეიშვილს ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით მომზადებული საგამოძიებო რეპორტაჟის გამო, სასამართლოშიც კი უჩივლა. ლილუაშვილმა დავა სამივე ინსტანციის სასამართლოში მოიგო და „მთავარ არხსა“ და „ფორმულას“ გრიგოლ ლილუაშვილის შესახებ მომზადებული რეპორტაჟების გამო 1 ლარის გადახდა დააკისრა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქმის ადვოკატის, მარი კაპანაძის განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელი ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო, რომელმაც საქართველოში უსაფუძვლო ცილისწამების საქმეების – ე.წ. SLAPP-სარჩელების -პრაქტიკას ჩაუყარა საფუძველი. კაპანაძის თქმით, მართლმსაჯულების სისტემამ აღნიშნული საქმე „წარმოუდგენელი სისწრაფით“ განიხილა და სამივე ინსტანციაში პროცესი დაახლოებით ერთ წელიწადსა და რამდენიმე თვეში დასრულდა, ლილუაშვილის სასარგებლოდ.
თავის მხრივ, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი იმ პერიოდში აცხადებდა, რომ „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ეთერით გავრცელებული ინფორმაცია ლილუაშვილის შესაძლო კავშირის შესახებ ქოლ-ცენტრების თაღლითურ, კრიმინალურ ან ფულის მოპარვის სქემებთან წარმოადგენს სრულ სიცრუესა და ცილისწამებას (იხ. არქივირებული ბმული ). ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამ მნიშვნელოვნად შელახა გრიგოლ ლილუაშვილის სახელი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გაჟღერებულ განცხადებებს ნაციონალური მოძრაობის „სპეკულაციებს“ უწოდებდნენ. მაგალითად, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ ვინაიდან სახელმწიფომ ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი სქემები გამოავლინა, ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ საკითხი მთავრობის წევრებზე გადაებრალებინათ.
რიტორიკის დონეზე წინააღმდეგობის გარდა, „ქართული ოცნება“ ქოლ-ცენტრების საქმეზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების – საგამოძიებო კომისიების შექმნასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. მაგალითად, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ „ქოლ-ცენტრები სუს-ის ბრძანებით მისამართებს იცვლიან“, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ „არაერთი საქმე გაიხსნა, არაერთი ადამიანია დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული, ქოლც-ენტრები პრაქტიკულად აღმოიფხვრა, თუმცა როგორც ჩანს სადღაც, სადღაც კიდევ რჩება, თუმცა ამაზე გრძელდება მუშაობა, ახლა პარალელურად უნდა გადმოვიტანოთ აქ [პარლამენტში] და დავიწყოთ გამოძიება…უნდა დავჯდეთ მე და მიხეილ დაუშვილი და ვიძიოთ საქმე?! არასერიოზულია “.
თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქოლ-ცენტრების თაობაზე მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციას – მიზანმიმართულ, სიცრუეზე აგებულ კამპანიას უწოდებდა, რაც ზოგადად ინსტიტუტისა და მისი ხელმძღვანელის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად (იხ. სუს-ის 2022 წლის 11 თებერვლის განცხადება ). სუს-ი იუწყებოდა, რომ „პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები მათ მიერ გავრცელებულ სუბიექტურ ინფორმაციებში ცდილობენ, წარმოაჩინონ ვითარება, ვითომდა სახელმწიფოს ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით აქვს ლოიალური მიდგომა და არ ტარდება სათანადო ქმედებები დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ“.







