სოციალურ ქსელში ვრცელდება საინფორმაციო ბარათი, რომელზეც მიხეილ ყაველაშვილი და დოდო გუგეშაშვილი არიან გამოსახული, წარწერაზე კი ვკითხულობთ, რომ სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დოდო გუგეშაშვილი დაინიშნა. რეალურად, პოსტი სატირული შინაარსის არის და სინამდვილეს არ შეესაბამება. ყაველაშვილის ადმინისტრაციას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია (არქივირებული ბმული).
აღნიშნული ინფორმაცია არ გაუვრცელებია არცერთ მედიას საშუალებას. ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა არც მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალურ Facebook-ანგარიშზე.
ფოტოს მარცხენა ზედა კუთხეში აქვს ლოგო წარწერით Khashuri News. აღნიშნული წარწერითა და ფოტოს დიზაინით პოსტებს Facebook-გვერდი „ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality“ ავრცელებს. აღნიშნული პოსტი მათ 2025 წლის 23 დეკემბერს გამოაქვეყნეს.

აღნიშნული გვერდი სატირული და იუმორისტული შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებს, თუმცა გვერდის სახელიდან გამომდინარე, მომხმარებელმა შეიძლება პოსტები შეცდომით ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის Facebook-გვერდს დაუკავშიროს და ჩათვალოს, რომ ინფორმაციას სწორედ მერიის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
გვერდი „ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality“ პოსტების აღწერაში ე.წ. „ჰეშთეგით“ ხშირად უთითებს, რომ პოსტის შინაარსი სახუმარო/სატირული/სარკასტული შინაარსისაა. იხილეთ სატირული გვერდის მიერ გავრცელებული პოსტები (1, 2, 3, 4 ,5).
ამდენად, გავრცელებული პოსტი იუმორისტულ გვერდს ეკუთვნის და სინამდვილეს არ შეესაბამება.







