გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ინდოელი ბლოგერის ვიდეო მცდარი თარგმანით ვრცელდება

სოციალურ ქსელში როგორც ქართულენოვანმა (1; 2), ასევე რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1; 2; 3) ვირუსულად გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც, აღწერის მიხედვით, ინდოელი მამაკაცი და რუსი ქალი ჩანან. ინდოელი მამაკაცი თავისიანებს რუსეთში ეპატიჟება, რადგან იქ ბევრი მარტოხელა ქალია, რომლებმაც ქმრები ომში დაკარგეს: „ვიდეოს შინაარსი ასეთია: ინდოელი მამაკაცი რუს გოგონასთან ერთად ამაყად მიაბიჯებს მოსკოვის ქუჩებში და თავის ახლობელსაც რუსეთში ეპატიჟება: ,,ბევრი ლამაზი ქალი გელოდება აქ, ძმაო!” ამბობს ის. „მათი ქმრები ომში დაიხოცნენ, ისინი ახლა მარტოხელები არიან! აქ ისინი შენები იქნებიან დღისითაც და ღამითაც და უქენი მათ, რაც გსურს. უარს არაფერზე გეტყვიან“, – ვკითხულობთ პოსტში. სინამდვილეში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ვიდეოში მყოფი მამაკაცი რეალურად მოსკოვის ამინდზე საუბრობს, სოციალურ ქსელში კი ვიდეო ყალბი თარგმანით გავრცელდა.

ვიდეოში ინდოელი ბლოგერი და ინფლუენსერი Jitendar traveler ჩანს, რომელსაც YouTube-ზე 53 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო Instagram-ზე 177 ათასი. სწორედ YouTube არხზე აქვს მას ეს ვიდეო განთავსებული, აღწერით – Weather in Moscow Russia – ამინდი მოსკოვში, რუსეთი.

ვიდეოს ავტომატურად გენერირებული ჰინდი სუბტიტრებიც ახლავს, რომლის სასურველ ენაზე თარგმნაც შესაძლებელია. ასევე აქვს ავტომატურად ინგლისურად დუბლირების რეჟიმი, რომლითაც ვიდეოს შინაარსს ვიგებთ. შინაარსი კი ამგვარია: „ვიცი, რომ ინდოეთში სიცივე მხოლოდ იანვარშია. აქ კი იანვრის სიცივე ნორმალურია. ამიტომ რუსეთში სიცივეზე ვერავინ იჩივლებს, რადგან ეს აქ ჩვეულებრივია. თუ თქვენც აპირებთ ჩამოსვლას, სათანადოდ ჩაიცვით, რადგან სიცივეს უნდა უფრთხილდეთ. ხოლო თუ სიცივის გეშინიათ, ნუ ღელავთ“. მართალია, ავტომატურად თარგმანის რეჟიმი გამართულ ტექსტს ვერ გვაწვდის, თუმცა ვიგებთ, რომ ვიდეო წარმოადგენს მხოლოდ კომენტარს რუსეთის კლიმატზე და მის განსხვავებაზე ინდოეთის კლიმატისგან და არ შეიცავს არც იმიგრაციაზე, არც რომანტიკულ ურთიერთობებზე და არც შეიარაღებულ კონფლიქტზე რაიმე მინიშნებას.

ამგვარად, გავრცელებული ვიდეოს თარგმანი გაყალბებულია, რაც მის შინაარსს სრულად ცვლის.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge