სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის ლიდერმა ქვეყანა დატოვა . ინფორმაციის წყაროდ მითითებულია ირანული პრესა, თუმცა კონკრეტული მედია დასახელებული არ არის (დაარქივებული ბმული).

9 იანვრის მონაცემებით, გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება. მსგავსი სიახლე არც ერთი სანდრო მედიის მიერ არ გამოქვეყნებულა. აიათოლა ალი ხამენეის გაქცევის შესახებ ინფორმაცია არ დევს ტელეკომპანია BBC-ის ვებგვერდზეც, რომელიც ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ ინფორმაციას live რეჟიმში ავრცელებს. ბოლო სიახლე, რომელიც BBC-ის მიერ გავრცელდა (15:46 წთ-ზე) ქვეყანაში ინტერნეტის შეზღუდვებს ეხება. ღია წყაროებში ხამენეის გაქცევის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ X და Facebook-ანგარიშების გვერდებზე გვხვდება. საგულისხმოა, რომ ღია წყაროებში არ იძებნება არც ირანული გამოცემა, რომელიც მსგავს სიახლეს ავრცელებს.
საპროტესტო აქციები გასულ თვეს ირანის დედაქალაქ თეირანში დაიწყო, სადაც მოსახლეობა ეკონომიკურ პრობლემებსა და ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას აპროტესტებდა. დეკემბრის თვეში ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია. თეირანის ტრადიციულ ბაზარში, საიდანაც საპროტესტო აქციების დაიწყო, მაღაზიები მე-12 დღეა დაკეტილია. სოციალურ მედიასა და ტელევიზიებში დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს, მათ შორის: „სიკვდილი დიქტატორს“; „ირანელებო, აიმაღლეთ ხმა, იყვირეთ თქვენი უფლებებისთვის“.
თავად ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი 9 იანვრის დილით გამოეხმაურა პროტესტს, როდესაც მისი სატელევიზიო მიმართვა გავრცელდა. ხამენეიმ განაცხადა, რომ „ისლამური რესპუბლიკა უკან არ დაიხევს“. მან მომიტინგეებს „დივერსანტების, არეულობის მონაწილეების და ქვეყნისთვის მავნე ადამიანების ჯგუფი“ უწოდა და განაცხადა, რომ ისინი „ქვეყნის შენობებს ანგრევდნენ ამერიკის პრეზიდენტის სიამოვნებისთვის“.
ისლამური რესპუბლიკის ლიდერმა დონალდ ტრამპის განცხადებასაც უპასუხა. გასულ კვირას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ თეირანი „მოკლავს მშვიდობიან მომიტინგეებს“, ამერიკა „მათ დასახმარებლად მივა“. იმავე გზავნილი ტრამპმა, 8 იანვარს პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ გააჟღერა. მისი თქმით, ძალიან ძლიერად დაარტყამენ ირანს, თუ ხელისუფლება „ხალხის მკვლელობას დაიწყებს“. ხამენეიმ 9 იანვრის გამოსვლისას დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და თქვა, რომ მას „ხელები ირანელების სისხლით აქვს გაჟღენთილი“, ირანსა და ისრაელს შორის 12-დღიან ომის გამო. „ახლა ის ამბობს, რომ მხარს უჭერს ირანელ ერს და რამდენიმე უყურადღებო და უტვინო ადამიანს მისი სჯერა“-განაცხადა ალი ხამენეიმ.
აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 9 იანვრის მონაცემებით, ირანის 31 პროვინციაში 390-ზე მეტი საპროტესტო აქცია გაიმართა. დაღუპულთა რიცხვმა მინიმუმ 42-ს მიაღწია, ხოლო დაკავებულთა რაოდენობამ 2270-ს გადააჭარბა. ჯგუფი თავისი რეპორტაჟებისთვის ირანში არსებულ აქტივისტთა ქსელს ეყრდნობა. პროტესტების მასშტაბის გაგება რთულია, რადგან ირანის სახელმწიფო მედია დემონსტრაციების შესახებ მწირ ინფორმაციას აქვეყნებს. თანაც, ინტერნეტ-მონიტორინგის სააგენტო NetBlocks-ის ინფორმაციით, ირანის მასშტაბით ინტერნეტის გათიშვა ფიქსირდება.







