გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე (დაარქივებული ბმული) ჩანს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  ჟურნალისტებს ესაუბრება. პრეზიდენტის მარცხნივ დგას მსახიობი ენტონი სტარი, რომელსაც ჰოუმლენდერის ფორმა აცვია. „დონალდ ტრამპის საიდუმლო იარაღი გრენლანდიის დასაპყრობად“, – წერს ანგარიში.  რეალურად, ფოტო ხელოვნური ინტელექტის (AI)  მიერაა გენერირებული.

 

Google-ის ვიზუალური ძიების ინსტრუმენტის Google lens-ის გამოყენებისას, მხოლოდ ერთი Facebook-ანგარიში მოიძებნა, რომელმაც აღნიშნული ფოტო გამოაქვეყნა.  ანგარიში პოსტის აღწერაში წერს, რომ ფოტო ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ არის გენერირებული.

ფოტო რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული, რამდენიმე დეტალიც ცხადყოფს. მაგალითად, ფოტოზე წარმოდგენილი პირების თავები ერთმანეთშია შერწყმულია (იხ. ფოტო მარცხნივ). ასევე, უზუსტობა შეინიშნება ერთ-ერთი პირის ხელზეც, რომელსაც მიკროფონი უჭირავს (იხ. ფოტო მარჯვნივ). მსგავსი ხარვეზები ზოგადად ხელოვნური ინტელექტისთვისაა დამახასიათებელი.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთანავე არა ერთი განცხადება გააკეთა გრენლანდიასთან დაკავშირებით.  მან გრენლანდიის შეძენის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ  არქტიკული კუნძული „კრიტიკულია“ აშშ-ის ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის (კუნძული ამჟამად ნატოს წევრი დანიის დაქვემდებარებაშია და ფართო ავტონომიით სარგებლობს). მიმდინარე კვირაში დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა  აშშ-ის მიერ გრენლანდიაზე  კონტროლის დაწესების აუცილებლობა და აღნიშნა, რომ  „აპირებს რაიმეს გაკეთებას გრენლანდიასთან დაკავშირებით“.  „თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, რუსეთი ან ჩინეთი დააწესებენ გრენლანდიაზე კონტროლს და ჩვენ არ გვინდა, რომ რუსეთი ან ჩინეთი ჩვენი მეზობლები იყვნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

თავის მხრივ, როგორც დანია, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეშფოთებას გამოთქვამენ ტრამპის განცხადებებთან დაკავშირებით. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ გრენლანდიაზე თავდასხმა NATO-ს დასასრულს ნიშნავს.  6 იანვარს ევროკავშირის  7-მა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა და გერმანიამ,  ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ არქტიკის უსაფრთხოება ევროპისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება და კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. განცხადების თანახმად, არქტიკაში უსაფრთხოება  მიღწეულ უნდა იქნას კოლექტიურად, ნატოს მოკავშირეებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან ერთად. თანაც დაცული  უნდა იყოს გაეროს წესდების,  მათ შორის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის პრინციპები. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ დანიისა და გრენლანდიის კომპეტენციაა.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge