სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად (დაარქივებული ბმული), ირანულმა დაზვერვამ დააკავა ისრაელის საგარეო დაზვერვის ,,მოსადის” აგენტი, ერფან სოლთანი, რომელსაც 14 იანვარს ჯაშუშობისთვის სიკვდილით დასჯიან. რეალურად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ერფან სოლთანს ბრალად „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება, არ დასტურდება.

ირანის ადამიანის უფლებათა დოკუმენტაციის ცენტრი (IHRDC), დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2004 წელს აშშ-ში ადამიანის უფლებათა დამცველი მეცნიერებისა და იურისტების მიერ დაარსდა, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია Hengaw-ზე დაყრდნობით X-ზე წერს, რომ ირანში რეჟიმმა საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 26 წლის ერფან სოლთანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. სასჯელის სისრულეში მოყვანა 14 იანვარს იგეგმება. ის თეირანის კარაჯის გარეუბანში, ფარდისის მკვიდრია და 2026 წლის 8 იანვარს (ხუთშაბათს) კარაჯში ხამენეის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. IHRNGO-ს დირექტორმა მაჰმუდ ამირა-მოგჰადამმა განაცხადა, რომ „ბოლო დღეებში ისლამური რესპუბლიკის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების ფართომასშტაბიანი მკვლელობები რეჟიმის მიერ 1980-იან წლებში ჩადენილ დანაშაულებს მოგვაგონებს, რომლებიც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებად არის აღიარებული“.
ირანში დემოკრატიის ეროვნული კავშირი (NUFD), არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აშშ-შია დაფუძნებული, საერთაშორისო საზოგადოებას სოლთანის სიკვდილით დასჯის შესაჩერებლად მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და წერს, რომ მისი „ერთადერთი დანაშაული თავისუფლებისკენ მოწოდება იყო“. NUFD-ის ცნობით, მას, სავარაუდოდ, ადვოკატთან დაკავშირებაზე უარი ეთქვა.
The US Sun-ის ცნობით, სოლთანს ბრალი „ღმერთის წინააღმდეგ ომის წარმოებაში“ ედება, რაც ირანში სიკვდილით ისჯება.
ირანში საკომუნიკაციო საშუალებების დაბლოკვის გამო, საინფორმაციო სააგენტოები ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად დაადასტურონ ან გადაამოწმონ სოლთანის დაკავების მიზეზები. თუმცა, ამ ეტაპზე, არც ერთი სანდო მედია არ წერს, რომ სოლთანის დაკავების მიზეზი მისი აგენტურული საქმიანობა იყო.
ბოლო პირი, რომელიც მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში ირანმა ისრაელის „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა, ალი არდესტანია. აღნიშნულმა პირმა, ირანის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს (IRNA) ცნობით, „მოსადის“ თანამშრომლებს კრიპტოვალუტის სახით ფინანსური ჯილდოს სანაცვლოდ საიდუმლო ინფორმაცია გადასცა.
ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ერფან სოლთანი ისრაელის საგარეო დაზვერვის აგენტი იყო, არ დასტურდება.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციები გასულ თვეს ირანის დედაქალაქ თეირანში დაიწყო, სადაც მოსახლეობა ეკონომიკურ პრობლემებსა და ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას აპროტესტებდა. დეკემბრის თვეში ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია. მოგვიანებით, პროტესტმა პოლიტიკური მოთხოვნებიც შეიძინა და რეჟიმის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გაგრძელდა.
Reuters-თან 13 იანვარს ირანელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 2000 ადამიანი, მათ შორის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები, დაიღუპა. ეს არის პირველი შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლებამ ორკვირიანი საყოველთაო არეულობის დროს ინტენსიური დარბევის შედეგად დაღუპულთა მაღალი რიცხვი აღიარა. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 13 იანვრის მონაცემებით, ორკვირიანი არეულობის დროს დაახლოებით 10 700 ადამიანი დააკავეს.







