Facebook-ზე ვრცელდება ვიდეო, რომელშიც უკრაინელი ჯარისკაცი რადაში დეპუტატებს ეჩხუბება. ვიდეო უკრაინულენოვან (1; 2; 3) სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. სინამდვილეში, ვიდეო ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული, რასაც რამდენიმე დეტალი ადასტურებს. (არქივირებული ბმული)
ვიდეოს დასაწყისში უკანა ფონზე უკრაინის დროშა თავდაპირველად მოჭრილად ჩანს, ხოლო შემდგომ სრულად (იხ. ფოტო).

ვიდეოს მიმდინარეობისას კადრზე რამდენიმე უჩვეულო წერტილი ჩნდება (იხ. ფოტო).

ასევე ქრება და ჩნდება ჯარისკაცის ხელი და ფეხი.


ჯარისკაცის უკან მდგომი სკამი უჩვეულო ფორმისაა:

ამასთან, ჯარისკაცის მაისურზე, სავარაუდოდ, უკრაინის გერბი უნდა იყოს გამოსახული, თუმცა ვიდეოში გაურკვეველი სიმბოლო ჩანს (იხ. ფოტო).

ვიდეოს ბოლოს კადრში ჯარისკაცის წინ კიდევ ერთი პიროვნება ჩნდება, რომელიც თითქოს უკრაინის რადას დეპუტატია. ვიდეოში მისი ქცევაც არაბუნებრივია. საუბრისას თვალები დახუჭული აქვს, ხოლო პირისპირ საუბრისას დეპუტატი და ჯარისკაცი ერთმანეთს არ უყურებენ, სხვადასხვა მხარეს იხედებიან და ერთმანეთის წინ არაბუნებრივად დგანან.
საგულისხმოა, რომ პლატფორმა TikTok-ზე მსგავსი შინაარსის სხვადასხვა ვიდეო იძებნება (1; 2), რომელშიც თითქოს უკრაინელი ჯარისკაცები რადაში დეპუტატებთან კამათობენ. ზოგიერთ მათგანს მინიჭებული აქვს იარლიყი, რომ ის ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული (იხ. ფოტო ქვემოთ).

გარდა ამისა, მედიაში არ იძებნება ინფორმაცია, რომ უკრაინის რადაში ჯარისკაცებსა და დეპუტატებს შორის კონფლიქტი იყო.
ამგვარად, ვიდეო რეალური არ არის და ის ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული.







