გადამოწმებული ფაქტები

ვიდეოში, სადაც ირაკლი ზარქუა მონაკოში ჩანს, ხელოვნური ინტელექტის კვალი არ დასტურდება

მოკლედ საკითხავი:

 

  • 2025 წლის 12 იანვარს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ირაკლი ზარქუა მონაკოში უცნობ ქალთან ერთად ჩანს;

  • ვიდეოს შესახებ გავრცელდა მტკიცება, რომ ის ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი;

  • ვიდეოში ხელოვნური ინტელექტის კვალი არ ჩანს, მისი გავრცელების გარემოებებიც მიუთითებს, რომ ვიდეო ნამდვილია.

 

2025 წლის 12 იანვარს სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე გვერდმა „Carspotter Daily Monaco” (თარგმანი: მანქანების ყოველდღიური დათვალიერება მონაკოში) გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახულია მონაკოს ღამის ცხოვრება და მდიდრული ცხოვრების სტილი. ვიდეოს ერთ-ერთ მონაკვეთში ჩანს „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა, რომელიც უცნობ ქალთან ერთად სეირნობს. ქართულ ინტერნეტ სივრცეში გავრცელების შემდეგ, აღნიშნული გვერდიდან ვიდეო მალევე წაიშალა, თუმცა, ქართული მედიასაშუალებების გვერდებზე კვლავ ხელმისაწვდომია.

დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ აღნიშნულს, მის წინააღმდეგ „შავი პიარის” მცდელობა უწოდა და განაცხადა, რომ „ცდილობთ [ოპონენტები], ხან ხელოვნური ინტელექტით, ხან ფოტოშოპით რაღაც სიგიჟე ფოტოები და ვიდეოები დადოთ ჩემზე“. გავრცელებული ვიდეო მსგავსად შეაფასა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ზარქუას Facebook-პოსტის შემდეგ სოციალურ ქსელშიც გავრცელდა მტკიცება, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი.

„ჯეოფაქტსმა“ გავრცელებული ვიდეო გაანალიზა.

 

არის, თუ – არა ვიდეოში ხელოვნური ინტელექტის ნიშნები?

როგორც წესი, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვიდეოებს ახასიათებთ ფიზიკური შეუსაბამობები, როგორიც არის ადამიანის სახის ნაკვთების და კიდურების არევა; ფოტო-ვიდეოს ფონზე არსებული ფიზიკური საგნების ცვლილება, არევა ან გაქრობა; იმ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოს ნიშანი (Watermark), რომლითაც ვიდეო შეიქმნა; ადამიანების მიერ კიდურების და სახის არაბუნებრივი მოძრაობა; ემოციის ნაკლებობა; არაბუნებრივი განათება; ზედმეტად პრიალა და „სუფთა“ გამოსახულება და ა.შ. მსგავსი შეუსაბამობები და ხარვეზები თვალსაჩინოა „ჯეოფაქტსის“ მიერ წარსულში გადამოწმებულ ვიდეოებში, რომლებიც დადასტურებულად ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი.

მონაკოში გადაღებულ ვიდეოს მსგავსი შეუსაბამობები არ აქვს. ირაკლი ზარქუას გარდა ვიდეოში არაერთი ადამიანი ფიგურირებს, თუმცა არაბუნებრივი და ხელოვნური მათ მოძრაობაში და ქცევაში არაფერი შეინიშნება. ამასთან, გვერდ „Carspotter Daily Monaco” ბოლო წლების განმავლობაში უამრავი მსგავსი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული. ხელოვნური ინტელექტისთვის დამახასიათებელი ნიშნები არცერთ მათგანში შეიმჩნევა.

იმას, რომ გვერდი ნამდვილი ადამიანების ვიდეოებს აქვეყნებს, ადასტურებს ის ფაქტი, რომ გვერდზე დევს ისეთი ცნობილი ადამიანების ვიდეოები, როგორიც არის ამერიკელი მოკრივე, ფლოიდ მეივეზერი; „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი, ერლინ ჰოლანი; ფორმულა 1-ის პილოტი, ფერნანდო ალონსო და სხვები.

 

რის საფუძველზე გაჟღერდა მტკიცება, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი?

მტკიცება, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი, კონკრეტული არგუმენტის ან სამხილის გარეშე გავრცელდა. მტკიცების ავტორები არ უთითებენ კონკრეტულ უზუსტობას ან შეუსაბამობას ვიდეოში, რომელიც მიანიშნებდა, რომ ვიდეო ნამდვილი არ არის.

იმის დასამტკიცებლად, რომ ხელოვნური ინტელექტით მსგავსი ვიდეოს შექმნა მარტივია, სოციალურ ქსელში რამდენიმე გვერდმა ვიდეოს სატირული და რედაქტირებული ვარიანტი გაავრცელა. ერთ ვიდეოში ზარქუა გუბაზ სანიკიძით არის ჩანაცვლებული, ხოლო მეორე პოსტში უცნობი ქალის მაგივრად ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი არის ჩასმული. გარდა ამისა, ვიდეოს გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით რედაქტირებული სატირული შინაარსის სურათებიც გავრცელდა.

ორიგინალი ვიდეოსგან განსხვავებით, აღნიშნულ ფოტო-ვიდეოებში რედაქტირების კვალი შეინიშნება.

პირველი სურათში ხილული არის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტის, Google Gemini-ს ნიშანი (ე.წ Watermark). ამავდროულად, ირაკლი ზარქუას სახე შეცვლილია და პოლიტიკოსის ნამდვილ სახეს არ ჰგავს.

Google Gemini-ს ნიშანი (Watermark)

მარცხნივ – ირაკლი ზარქუას სახე ორიგინალ ვიდეოში

მარჯვნივ – ირაკლი ზარქუას სახე რედაქტირებულ სურათში

ზარქუას სახე შეცვლილია იმ სურათშიც, სადაც ანჯელინა ჯოლი არის რედაქტირებული. გარდა ამისა, ინტერნეტში მარტივი მოსაძებნია ანჯელინა ჯოლის ის სურათი, რომელიც ჩამონტაჟებულია. ამერიკელი მსახიობის ორიგინალი სურათი 2025 წლის 6 ოქტომბერს, სან სებასტიანის კინოფესტივალზე არის გადაღებული.

მარცხნივ – ირაკლი ზარქუას სახე ორიგინალ ვიდეოში

მარჯვნივ – ირაკლი ზარქუას სახე რედაქტირებულ სურათში

რაც შეეხება გუბაზ სანიკიძის ვიდეოს, რომლის აღწერაშიც ვკითხულობთ – „ასე იქმნება ფეიკ ვიდეოები“ – „Carspotter Daily Monaco-ს“ ვიდეოსგან განსხვავებით, მასში განათება არაბუნებრივად იცვლება, მასში აღბეჭდილი ადამიანების კანი ზედმეტად პრიალაა და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული გუბაზ სანიკიძის ხელის ფორმა არაბუნებრივად იცვლება.

ჯამში, ხელოვნური ინტელექტით რედაქტირებულ ფოტო-ვიდეოებში ხელოვნური ინტელექტის კვალი თვალსაჩინოა, რაც არ შეინიშნება „Carspotter Daily Monaco-ს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

 

ვინ არის ვიდეოს პირველწყარო?

ვიდეო 2025 წლის 12 იანვარს სოციალური მედიის რამდენიმე პლატფორმაზე გვერდმა „Carspotter Daily Monaco“ გაავრცელა. გვერდი იძებნება Facebook-ზე (132 000 გამომწერი), Instagram-ზე (65 000 გამომწერი), TikTok-სა (26 700 გამომწერი) და YouTube-ზე (745 000 გამომწერი). თუ გვერდის მთავარი სურათით ვიმსჯელებთ, ის ინდონეზიელ გოგოს ეკუთვნის, თუმცა უცნობია, გვერდის ადმინისტრატორი თავად არის ვიდეოების ავტორი თუ – არა.

გვერდმა მონაკოს მდიდრული ცხოვრების წესის და მდიდრული მანქანების შესახებ ვიდეოების გამოქვეყნება 2023 წლის იანვარში დაიწყო. „Carspotter Daily Monaco-ს“ YouTube-ის გვერდზე თავიდან, 2020 წლიდან, პოლონეთში მოგზაურობის სამოყვარულო ვიდეოები ქვეყნდებოდა. ძველ ვიდეოებში ის ინდონეზიელი გოგო ფიგურირებს, რომელიც გვერდის მთავარ სურათში ჩანს.

აღნიშნული მიგნება ეწინააღმდეგება ირაკლი ზარქუას განცხადებას, რომლის მიხედვითაც მონაკოდან ვიდეო ოპონენტებმა გამიზნულად დაუმონტაჟეს და გაუვრცელეს – „მოკლედ ნაც. ზონდერები და არშემდგარი რევოლუციის ავტორები( აკაცუკები და ძმანი მისნი) ჩემზე ავრცელებენ მორიგ ცრუ ინფორმაციას.. რა მონაკო და  საფრანგეთი“ (სტილი დაცულია).

ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმ გვერდის ადმინისტრატორი, რომელსაც სხვადასხვა პლატფორმაზე ჯამში მილიონამდე გამომწერი ჰყავს და წლებია მონაკოს ვიდეოებს აქვეყნებს, საკუთარ ვიდეოში ირაკლი ზარქუას ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დაამონტაჟებდა.

საერთო ჯამში, ირაკლი ზარქუას ვიდეოს მონაკოდან ხელოვნური ინტელექტის კვალი არ დასტურდება. მასზე დაფუძნებით, სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ რედაქტირებული რამდენიმე ფოტო-ვიდეო გავრცელდა, რომლებსაც, ორიგინალი ვიდეოსგან განსხვავებით, ხელოვნური ინტელექტის თვალსაჩინო ნიშნები აქვთ. ამასთან ერთად, ვიდეოს ავტორი არა ირაკლი ზარქუას პოლიტიკური ოპონენტები, არამედ ინდონეზიელი გოგოა, რომელიც წლებია მონაკოს ღამის ცხოვრების და მდიდრული ცხოვრების ამსახველ ვიდეოებს აქვეყნებს.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge