მოკლედ საკითხავი:
-
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ იულია ტიმოშენკოს ოფისის ჩხრეკისას ოქროს ეტლი ამოიღო;
-
ინფორმაცია არც ანტიკორუფციულ ბიუროს და არც უკრაინულ მედიას არ გაუვრცელებია;
-
თანდართული ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი;
-
ინფორმაციის პირველწყარო სატირული ანგარიშია.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც ორი მამაკაცი ჩანს, ხელში ოქროს ეტლით. ფოტოს აღწერის თანახმად: „უკრაინის ანტიკორუფციულმა სამსახურმა, იულია ტიმოშენკოს ოფისის ჩხრეკის შედეგად 585 პრობის, 52 კგ. ოქროს ეტლი ამოიღო“ (1; 2; 3; არქივირებული ბმული).
საგულისხმოა, რომ უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) ვებგვერდსა და სოციალური ქსელის გვერდებზე მსგავსი ინფორმაცია ან ფოტოსურათი არ იძებნება (Facebook; X; Telegram).
იულია ტიმოშენკოს ოფისის ჩხრეკისას, ოქროს ეტლის ამოღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არც სხვა უკრაინულ მედიას გაუვრცელებია.
პოსტები ძირითადად სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ხოლო ფოტოსურათი, რომელიც პოსტებს თან ერთვის ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი, რაზეც რამდენიმე დეტალი მიუთითებს. მაგალითად, ადამიანებს, რომლებიც ფოტოში ჩანან, უცნაური ფორმის ხელები აქვთ და ეტლიც უცნაურად უჭირავთ (იხ. ფოტო).

ინტერნეტსივრცეში ფოტოს ძიება მიუთითებს, რომ მისი თავდაპირველი გამავრცელებელი სავარაუდოდ, X-ის ანგარიშია – @smak__media. ანგარიშმა ფოტო 2026 წლის 14 იანვარს, 18:03 საათზე გამოაქვეყნა. გვერდის აღწერის თანახმად, მათი პოსტები გამოგონილი შინაარსისაა.

ცნობისთვის, უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ პოლიტიკოსის ოფისის ჩხრეკასთან დაკავშირებული ვიდეო და აუდიოჩანაწერი 2026 წლის 14 იანვარს გაავრცელა, თუმცა მასში დაკონკრეტებული არ იყო, თუ ვისი ოფისი გაჩხრიკეს. მალევე მომხდარს ტიმოშენკო თავად გამოეხმაურა და ჩხრეკა დაადასტურა, თუმცა აუდიოჩანაწერთან კავშირი უარყო.







