მოკლედ საკითხავი
-
სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცება, თითქოს სიმფსონების ერთ-ერთ ეპიზოდში მიმდინარე წლის 20 იანვარს ტრამპის გარდაცვალება ჩანს;
-
სინამდვილეში, ამერიკულ ანიმაციურ სერიალში მსგავსი მონაკვეთი არ გვხვდება;
-
ანიმაციასთან დაკავშირებით უკვე მრავალი წელია კონსპირაციული თეორიები ვრცელდება.
სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ „სიმფსონებმა“ ერთ-ერთ ეპიზოდში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარდაცვალება იწინასწარმეტყველეს. ვიდეოში გარდაცვალების თარიღად 2026 წლის 20 იანვარია მითითებული (დაარქივებული ბმული). გავრცელებული ვიდეო „სიმფსონების“ პერსონაჟების მონაწილეობით შექმნილ კადრებსაც მოიცავს, სადაც პრეზიდენტი ტრამპი გარდაცვლილი ჩანს.
„სიმფსონები“ (The Simpsons) ამერიკული სატელევიზიო ანიმაციურ სერიალია, რომლის დებიუტიც 1989 წლის 17 დეკემბერს, Fox Network-ზე საშობაო ეპიზოდით შედგა. ანიმაცია უკვე 37 სეზონს ითვლის.
ინტერნეტში ხელმისაწვდომია ვებგვერდი Wikisimpsons, რომელშიც სერიალიდან ყველა იმ ეპიზოდის ჩამონათვალია მოცემული, სადაც დონალდ ტრამპის პერსონაჟი გამოჩნდა ან საერთოდ ნახსენები იყო. აღნიშნულ ეპიზოდებში ტრამპის გარდაცვალების მონაკვეთი არ გვხვდება.
ფოტოები, რომლებზეც თითქოს სიმპსონების ეპიზოდში ნაჩვენები გარდაცვლილი ტრამპი ჩანს, უკვე მრავალი წელია სოციალურ ქსელებში ვრცელდება. აღნიშნული თემა წარსულში არა ერთმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ, მათ შორის, ამერიკულმა LeadStories, Reuters, Snopes გადაამოწმეს. 2024 მეტ სელმანმა, „სიმფსონების“ აღმასრულებელმა პროდიუსერმა, Reuters-ს დაუდასტურა, რომ ეპიზოდი, რომელშიც დონალდ ტრამპი კუბოში წევს, სერიალში საერთოდ არ გვხვდება.
2025 წლის აგვისტოში ასევე გავრცელდა მტკიცება, რომ სიმფსონებმა დონალდ ტრამპის გულის შეტევით გარდაცვალება იწინასწარმეტყველეს. ანიმაციის არც ერთ ეპიზოდში არც მსგავსი მონაკვეთი გვხდება და გამოქვეყნებული ვიდეო, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო შექმნილი.
ანიმაციასთან დაკავშირებით უკვე მრავალი წელია კონსპირაციული თეორიები ვრცელდება. „სიმპსონებს“ ხშირად მიაწერენ სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენის, მაგალითად, Covid-19-ისა და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის, იგივე ნოტრ-დამის ხანძრის წინასწარმეტყველებას. მაგალითად, კოვიდთან დაკავშირებით, კონსპიროლოგებმა გაავრცელეს მონაკვეთი, სადაც პერსონაჟი კენტ ბროკმანი თავის სტუდიაში ახალ ამბებს წარადგენს, ეკრანზე კი თითქოს ჩანს წარწერა „CORONA VIRUS“. რეალურად, მონაკვეთი დამუშავებულია და სინამდვილეში ეკრანზე წარწერა „Apocalypse Meow“ ჩანს. რაც შეეხება ნოტრ-დამის ხანძარს, ანიმაციის ეპიზოდიდან კონსპიროლოგებმა ტაძრის კადრი დაამუშავეს და მას ფონზე ცეცხლის გამოსახულება დაუმატეს, რითაც ამტკიცებდნენ, რომ „სიმპსონებმა“ ხანძარი იწინასწარმეტყველეს.
ამდენად, ტრამპის გარდაცვალება „სიმფსონების“ არც ერთ ეპიზოდში ფიქსირდება. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მოცემული კადრები, სავარაუდოდ, პროგრამულად დამუშავდა, რათა კადრები ანიმაციის რეალურ სცენებს მაქსიმალურად დამსგავსებოდა.







