სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო (ბმული 1, 2, 3, 4, 5) (დაარქივებული ბმული), რომელშიც აშშ-ში პოლიციელსა და დემონსტრანტ ქალს შორის კონფრონტაციისა და მისი დაკავების კადრებია ასახული. სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოს საქართველოში მიმდინარე პროტესტის პროცესებს უკავშირებენ და აღწერებში ვხვდებით შემდეგ ფრაზებს: „ზუსტი ანალოგი რაც აქ ხდება. მერე დაიჭერენ და კნავიან (აშშ, გზას გადაკეტვის გამო დააკავე)“; „ნახეთ იქ პოლიცია როგორ ექცევა, ქალს რომელმაც ქუჩა გადაკეტა, ანუ წარმოიდგინეთ აქ რომ ეგრე მოექცეს პოლიცია ქალს რა მოხდება“; „ამერიკული “ძერმოკრატია”“; „ამერიკელი მზია დააკავეს, ოღონდ ამ ვიდეოში მზიას ურტყამენ სახეში“. სინამდვილეში, ვიდეოში ასახული ქალი არა ქუჩის გადაკეტვის მცდელობის, არამედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ავტოკოლონისთვის ხელის შეშლის მიზეზით დააკავეს.
ვიდეო 2022 წლის 9 ივნისს აშშ-ში, კალიფორნიაში მომხდარ ინციდენტს ასახავს, როდესაც ლოს ანჯელესში ამერიკების სამიტი (დასავლეთ ნახევარსფეროს: ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოების მთავრობის მეთაურებისა და წარმომადგენლების ინსტიტუციონალიზებული შეხვედრები The Summit of the Americas (SOA). სამიტი დემოკრატიისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაზე მუშაობს) იმართებოდა.
თავდაპირველად შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 9 ივნისს Fox News-მა და AP-მა გაავრცელეს აღწერით, რომ პოლიციის ოფიცერმა წინააღმდეგობა გაუწია და წააქცია მომიტინგე ქალი, რომელიც სამიტზე მიმავალი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ავტოკოლონას უახლოვდებოდა ხელში მეგაფონით და მის შეფერხებას ცდილობდა. მოგვიანებით, The Independent-მა გამოაქვეყნა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფიცრის ციტატა, რომ ქალი პრეზიდენტის ავტოკოლონაში მიმავალ მანქანებს მიუახლოვდა და სწორედ ამიტომ გადაიყვანეს იგი სასწრაფოდ გზიდან და დააკავეს. როგორც ირკვევა, დემონსტრანტი ქალთა უფლებების აქტივისტია და აბორტის უფლებას ადვოკატირებს და მისი პროტესტიც ამ საკითხს უკავშირდებოდა. The Independent-ის მიხედვით, ქალი დაკავებისას ყვიროდა: „აბორტის აკრძალვა მხოლოდ უსაფრთხო აბორტებს შეაჩერებს და არა ზოგადად აბორტს“.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ფედერალური კანონის მიხედვით, პრეზიდენტის ავტოკოლონასთან, როგორც საიდუმლო სამსახურის დაცვის ქვეშ მყოფ ობიექტთან, მიახლოება დასჯადია და ითვალისწინებს ჯარიმას ან არაუმეტეს ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას (იმ შემთხვევებში, როდესაც დამნაშავე რაიმე სახის იარაღს ატარებს ან მისი ქმედება ფიზიკურ დაზიანებას იწვევს, არაუმეტეს 10 წლით).
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე ხელისუფლება დღის წესრიგში არ დააყენებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხს და 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირის მხრიდან ყველანაირ საბიუჯეტო გრანტზე უარს ამბობდა, საქართველოში მოქალაქეთა უწყვეტი პროტესტი გრძელდება. აღნიშნული დემონსტრაციების მადისკრედიტებელი კამპანია კი სოციალურ ქსელებში ხშირად აქტიურდება და მავნე აქტორები სხვადასხვა დეზინფორმაციული თუ მანიპულაციური კამპანიებით ცდილობენ პრო-ევროპული პროტესტის დაფინანსებულ, რადიკალურ და არაგულწრფელ პროტესტად წარმოჩენას (სტატია 1, 2, 3).
აღსანიშნავია ისიც, რომ ირაკლი კობახიძის განცხადების შედეგად დაწყებულ საპროტესტო პროცესებს მოჰყვა სამართალდამცავი ორგანოების მიერ აქტივისტებზე/პოლიტიკოსებზე თავდასხმებისა და მათი დაჭერის ტალღაც. კერძოდ, ომბუდსმენის სტატისტიკის მიხედვით, 28 ნოემბერს დაწყებული დემონსტრაციების მონაწილეთა 64% არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს, 44%-ს კი ხილული დაზიანებები აღენიშნება. ამასთანავე, საპროტესტო აქციებზე მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაახლოებით 400 პირი დააკავეს, ხოლო სისხლის სამართლის წესით – 44. მათ შორისაა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელიც, რომელზეც Facebook-მომხმარებლები ვიდეოს აღწერებში საუბრობენ.
მზია ამაღლობელი თავდაპირველად 2025 წლის 11 იანვარს პროევროპულ აქციაზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მეორე ჯერზე კი, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი გამოძიება ბათუმის პოლიციის უფროსის – ირაკლი დგებუაძისთვის – სილის გაწვნის გამო დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტმა გამოძიებას მისცა ჩვენება, რომ დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ პოლიციის შენობაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე რამდენჯერმე სცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ხელი შეუშალეს. გარდა ამისა, მან სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს და გარკვეული დროის განმავლობაში არ აძლევდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას. პროკურატურა ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (უფრო მეტი ინფორმაციისთვის მზია ამაღლობელის საქმეზე იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატია).
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში მზია ამაღლობელის დისკრედიტაციისკენ მიმართული მასალები აქამდეც გავრცელებულა (იხილეთ სტატია 1, 2).
ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, რომ აშშ-ში ქალი გზის გადაკეტვისთვის დააკავეს, არ დასტურდება. რეალურად, იგი სამიტზე მიმავალ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ავტოკოლონასთან მიახლოების გამო დააპატიმრეს.